ფოტოზე ორ უძველეს სვანურ კოშკში ჩაშენებული თანამედროვე , ოთხსართულიანი, ლურჯსახურავიანი სახლია ასახული.
“ნიუპოსტს“ აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი მფლობელი ნინო გოშთელიანი დაუკავშირდა და განმარტება გააკეთა.
მისი თქმით, სახლი 2001 წელს არის აშენებული, მაშინ როცა კულტურული სტატუსის მქონე ობიექტებზე არსებული კანონი ბუნდოვანი იყო.
“ამ შენობას რეკონსტრუქცია 2001-2002 წლებში ჩაუტარდა, როდესაც არ არსებობდა არანაირი ინფრასტრუქტურა. ლანჩვარის უბანს საერთოდ არ ჰქონდა რესტავრაცია ჩატარებული, არ იყო განახლებული, როცა მესტია აბსოლუტურად მივიწყებული იყო.
საგვარეულო სახლს რეკონსტრუქცია ბიძაჩემმა ჩაუტარა, რომელიც რუსეთში მოღვაწეობდა და სამწუხაროდ ისე გარდაიცვალა, რომ სახლის ნახვა ვერც კი მოასწრო. 2006 წლის შემდეგ შენობაში სამუშაოები არც კი განახლებულა და ამ ეტაპზე, მას არანაირი ფუნქცია არ აქვს, არც სასტუმროსი, როგორც ამაზე სოციალურ ქსელებში წერენ. თუმცა ვაპირებთ ამუშავებას.
რამდენიმე წლის წინ, თვითონ მერიის მიერ იყო საუბარი, რომ შენობას იაერ-სახე შეეცვლებოდა, კერძოდ შეიცვლებოდა სახურავის ფერი, რაზეც ოჯახი თანახმა ვიყავით. ანუ ის, რომ თურმე ჩვენი სურვილი არ არის შენობას შეეცვალოს იერსახე, სიმართლეს არ შეესაბამება“- აღნიშნა ნინო გოშთელიანმა.
სახლის ერთ-ერთი მფლობელი „ნიუპოსტთან“ კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საგვარეულო ქონება ახალადაშენებული არ არის, მას უბრალოდ რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
„ამ სახლში ცხოვრობდნენ ჩემი ბებია და ბაბუა, აქ დაიბადნენ ჩემი ბიძები, მამაჩემი. ამიტომ, კომენტარები, რომ თურმე ახალი სახლი ჩავდგით კოშკებს შორის, ეს არის ტყუილი. გეთანხმებით, გამაღზიანებელია სახურავი. ფოტოზე, რომელიც გავრცელდა ჩანს, რომ სახლი ორ კოშკს შორის არის ჩადგმული, თუმცა თუ ჩახვალთ სვანეთში ნახავთ, რომ ეს არის ერთ კოშკზე მიშენებული სახლი, როგორც ამას ძველად აკეთებდნენ“- თქვა გოშთელიანმა.
სახლის ერთ-ერთი მფლობელი თვლის, რომ მათ ოჯახს ისტრორიული ძეგლი არ დაუზიანებიაა.
„მესმის, შეიძლება ლურჯი სახურავი და ზედმეტად თეთრი კედლები გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს, მაგრამ ამით კულტურული მემკვიდრეობა არ ზანდება. სვანეთში ასე აშენებენ სახლებს, კოშკზე არის მიშენებული სახლი და სახლიდან გადადიხარ კოშკში. კიდევ ერთხელ ვამბობთ, ჩვენი ოჯახი კარგახანია თანახმაა, დღეს არსებულ რეგულაციებში ჩაჯდეს. სახელმწიფო სტრუქტურებმა ჩვენი პოზიცია კარგად იციან. ჩვენი სურვილი არ არის ასეთი იერ-სახე ჰქონდეს აღნიშნულ სახლს, ჩვენი მიზანია განმარტება გავაკეთოთ, რადგან სოციალურ ქსელში ძალიან ცუდი კომენტარები წავიკითხეთ"- აღნიშნა ნინო გოშთელიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






