„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი მშობლიური ქალაქის გუნდის, „მალმიოს“ შვედეთის ჩემპიონატში მეოცედ გამარჯვება იზეიმა.
„მალმიოს“ აღზრდილი ზლატან იბრაჰიმოვიჩი სტადიონზე ჩემპიონის თასით გამოვიდა , რომელიც შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის კარლ-ერიკ ნილსონისთვის უნდა მიეტანა, რათა შემდგომ ფედერაციის პრეზიდენტს თასი „მალმიოს“ კაპიტნისთვის გადაეცა. ზლატანმა დადგენილი წესი დაარღვია და ჯილდო მალმიოს კაპიტანს, ფედერაციის პრეზიდენტის მაგივრად, თავად გადასცა.
იბრაჰიმოვიჩი ქალაქ მალმიოში გაიზარდა და იმავე სახელის გუნდში 2001 წლამდე თამაშობდა, რის შემდეგაც აიაქსში გადავიდა. სტადიონზე გამოსულ იბრაჰიმოვიჩს ტრიბუნებზე მყოფი გულშემატკივრები ოვაციებით შეხვდნენ.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამჟამად ტრავმის შემდეგ ფორმაში ჩადგომის ეტაპზეა. მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფორვარდმა ტრავმა 20 აპრილს მანჩესტერ იუნაიტედი-ანდერლეხტის შეხვედრის დროს მიიღო, როცა საჰაერო დუელის შემდეგ ფეხი მინდორზე ცუდად დადგა. როგორც ექიმები აცხადებდნენ იბრაჰიმოვიჩის სრულ გამოჯანმრთელებას 6-12 თვე დასჭირდებოდა და ვარაუდობდნენ რომ ის მოედანს იანვარში დაუბრუნდებოდა, თუმცა იბრაჰიმოვიჩის მონდომებამ ეს ვადა დეკემბრამდე გადმოსწია.
მასალის გამოყენების პირობები