„დინამოს სტადიონის ქვეშ მდებარე კლუბი BASSIANI / HOROOM დაფუძნების დღიდან მხარს უჭერს სამოქალაქო უფლებების მოძრაობებს, მათ შორის ლგბტქ თემს. შესაბამისად ვერ დავრჩებით იმ პროცესების მიღმა, რაც ფერხბურთელ Guram Kashia-ს ირგვლივ განვითარდა.
„ვიტესის“ კაპიტანმა ანტიჰომოფობიური კამპანიის ფარგლებში ცისარტყელიანი სამკლაურით ითამაშა. ამ მოვლენას რეგრესული ძალებისგან დაუფარავი აგრესია, მისი ქვეყნის ნაკრებიდან გაძევებისა და მათი თამაშების ბოიკოტირების მუქარა მოყვა. საბედნიეროდ, გურამ კაშიამ არ დაიხია უკან და გვიჩვენა, რომ მისი ნაბიჯი გააზრებული იყო და ის ამას არ ნანობს.
ფეხბურთი, როგორც ყველაზე სახალხო სპორტის სახეობა, თავის თავში მრავალფეროვანი ინტერესებისა და კუთვნილების მქონე ადამიანებს მოიცავს. მას, სპორტის სხვა სახეობებთან ერთად, ყოველთვის ჰქონდა სოციალური დატვირთვა. საფეხბურთო მოედანს სხვადასხვა მნიშვნელოვანი სოციალური მესიჯების, მათ შორის ანტირასისტული, ანტოქსენოფობიური, ანტოჰომოფობიური და ანტიძალადობრივი მესიჯების გავრცელების ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. სწორედ ამ ტრადიციის ნაწილია გურამ კაშიას და “ვიტესის” ნაბიჯიც.
მაშინ, როდესაც კაშიაზე აგრესიული თავდასხმა განახორციელდა, საფეხბურთო სამყარომ და მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა სამაგალითო სოლიდარობა გამოხატა კაშიას მიმართ: საფეხბურთო ფედერაციის ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები და ვიცეპრეზიდენტი, ნაკრების მოქმედი და ყოფილი მოთამაშეები, უშუალოდ ფეხბურთის ფედერაცია, საფეხბურთო კლუბი „ჩიხურა“, რაგბის ეროვნული ფედერაცია იმ პირთა და ორგანიზაციათა არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც მხარი დაუჭირეს გურამ კაშიას და ლგბტქ თემს, ღიად დაგმეს ძალადობა და ჰომოფობია. მიგვაჩნია, რომ ამ მოვლენას უკვე ჰქონდა უპრეცედენტო რეზონანსი და დიდი როლი ითამაშა საზოგადოების და კონკრეტულად სპორტის გულშემატკივრებში ჰომოფობიის დაძლევის საქმეში.
გვსურს ჩვენც გამოვხატოთ მხარდაჭერა გურამ კაშიასა და მთელი სპორტული სამყაროს მიმართ, რომლებიც შესაშური გამბედაობით დაუპირისპირდნენ უსამართლობას, ძალადობას და აგრესიას, რომელსაც ჰომოფობია იწვევს. ეს შემთხვევა კარგი დასტურია იმისა, რომ ჰომოფობია არ არის მხოლოდ ლგბტქ ადამიანების წინაშე მდგარი პრობლემა - ის მთელი საზოგადოების პრობლემაა. ეს ცხადყო იმ აგრესიამ, რომლის ადრესატი ამჯერად არა მხოლოდ ლგბტქ თემის წევრები, არამედ ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელებიც კი იქცნენ.
BASSIANI / HOROOM მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს საფეხბურთო და რაგბის ნაკრების მოთამაშეებს და მოვუწოდებთ ჩვენი დიდი ოჯახის თითოეულ წევრს, გვერდში დავუდგეთ მათ დიდ ბრძოლებში. გვჯერა, რომ ნაკრები, რომელიც დაკომპლექტებულია არამხოლოდ ტექნიკური, არამედ მოაზროვნე მოთაშეებით, აუცილებლად გადავა განვითარების სრულებით ახალ ეტაპზე.“- ნათქვამია ბასიანის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






