წარმოების დირექტორი გია ქარქაშაძე ამბობს, რომ დაშავებული შემთხვევიდან 10 წუთში მისივე კოლეგებმა გამოიყვანეს, თუმცა გზაში გარდაიცვალა.
ოჯახის ინფორმაციით მამაკაცი შახტაში 9 წლის განმავლობაში მუშაობდა ამიტომ მის პირად დაუდევრობას გამორიცხავენ.
დავით ფორჩხიძის ნათესავები მინდელის სახელობის შახტაში უსაფრთხოების დარღვევაზე ამახვილებენ ყურადღებას. მათი თქმით, შახტაში ტექნიკა მოძველებულია.
გარდაცვლილის მეუღლე მაია ფორჩხიძე აცხადებს, რომ მისი მეუღლე წამყვანი თანამშრომელი იყო.
"მის მიმართ ყველა დადებითად იყო განწყობილი, არ ვიცი რა მოხდა დღეს ველოდებით ხელმძღვანელობას და იმედია გაგვარკვევენ საქმეში" - ამბობს გარდაცვლილის მეუღლე.
დავით ფორჩხიძის ნათესავის მარეხ ზარნიძის თქმით, ოჯახს სახელმწიფოს დახმარება სჭირდება.
"ბევრი ქალი დაქვრივდა და დაობლდნენ ბავშვები. როგორც ვიცი დილით გავიდა სახლიდან, მივიდა სამსახურში. 18:00 საათზე მოხდა უბედური შემთხვევა. იქ მუშაობს მისი შვილიც თავად შეესწრო მამის გარდაცვალებას. ეს შახტა ბავშვებისთვის ძალიან საშიშია, თხოვნა გვექნებოდა რომ სამ ობოლს დაეხმარონ. თვითონ ამბობდა, რომ ჩავდივარ შეიძლება ისეთი რაღაც მოხდეს, რომ საერთოდ ვერ მიპოვონო. თხოვნა იქნება მის ერთ-ერთ შვილს მაინც არ ჰქონდეს ისეთი სამსახური, რომ შახტაში ჩადიოდეს და ჩვენ ველოდებოდეთ, როდის ამოვა"- აცხადებს გარდაცვლილის ახლო ნათესავი.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






