„გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელისა და არნემის „ვიტესის“ კაპიტნის - გურამ კაშიას ირგვლივ ატეხილ არასასიამოვნო აჟიოტაჟს, რომელიც ფეხბურთელის დისკრედიტაციისკენაა მიმართული და ის ღია აგრესიის ადრესატი გახდა.
ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, არ მოხერხდა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის სახელით ერთიანი განცხადების შემუშავება და გავრცელება. ამიტომ, ამ განცხადებას ხელს მხოლოდ სპორტულ ჟურნალისტთა ერთი ჯგუფი აწერს.
ყველა ის ჟურნალისტი, რომელიც განცხადების შინაარსს გაიზიარებს, ხელმომწერთა სიას დაემატება. უეფა გამორჩეულია ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლით და საფეხბურთო სამყაროში ყველაზე ცნობილი ლოზუნგები, სწორედ, ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს უკავშირდება - ფეხბურთი რასიზმის წინააღმდეგ! პატივისცემა! ვფიქრობთ, ფეხბურთს აქვს ის არაჩვეულებრივი უნარი და ძალა, რომ საზოგადოება ძალადობის წინააღმდეგ გააერთიანოს. სასიამოვნოა, რომ ჩვენი საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები გმობენ ძალადობას მოედანზეც და ცხოვრებაშიც.
სწორედ, ამის დასტურია გურამ კაშიას საქციელი. სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების ნაწილმა კაშიას მიერ ძალადობის წინააღმდეგ აქციაში მონაწილეობა არაერთგვაროვნად აღიქვა, რაც შეიძლება ამ საკითხის შესახებ არაინფორმირებულობას დავაბრალოთ.
სოციალურ ქსელებში გურამ კაშიას საწინააღმდეგო კამპანია აგორდა, რომელიც სრულიად სცდება ყოველგვარ მორალურ ჩარჩოებს.
სამწუხაროდ, შესცოდა მედიამაც. ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა გურამ კაშიასთან დაკავშირებული რამდენიმე არასწორი ინფორმაცია. მედიას საკუთარი წვლილი შეაქვს ყოველივე იმის წარმოჩენაში, რასაც საზოგადოება მისაღებად, ანდა სულაც - უპატიებლად მიიჩნევს.
ამიტომ, მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, განსაკუთრებული სიფრთხილით მოვეკიდოთ ამ თემის გაშუქებას, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი სიძულვილის ენის ტირაჟირებისგან; უნებლიედ არ გავხდეთ კონფლიქტის გაღრმავების მაპროვოცირებლები.
სოციალურ ქსელებში გაჟღერდა საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოთხოვნა, გურამ კაშიას ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთის შესახებ, რაც სრულიად დაუშვებლად და არაადეკვატურად მიგვაჩნია.
ამიტომ, სპორტული ჟურნალისტები გურამ კაშიას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ და საჯაროდ ვაფიქსირებთ, რომ ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ვართ. გურამ კაშია იყო, არის და იქნება საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი და ის კიდევ არაერთხელ მოირგებს ეროვნული გუნდის მაისურს. გვინდა მოვუწოდოთ გულშემატკივარს, მოახლოებულ ორ საშინაო თამაშზე (გორსა და ქუთაისში) მხარი დაუჭირონ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს და მის ფეხბურთელებს და თავი შეიკავონ ყოველგვარი პროვოკაციისგან. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, აღნიშნულ ორ მატჩზე უზრუნველყოს უსაფრთხოების ზომების მაღალ დონეზე დაცვა",- აღნიშნულია განცხადებაში.
ამ დროისთვის განცხადებას 40-ზე მეტი სპორტული ჟურნალისტი აწერს ხელს.
საქართველოს ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი და ნიდერლანდების ქალაქ არნემის "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია, ბოლო პერიოდში ადამიანთა გარკვეული ჯგუფის კრიტიკის სამიზნე გახდა. გურამ კაშიამ მათი ნეგატიური დამოკიდებულება Stonewall-ის თანასწორობის კამპანიაში მონაწილეობის გამო დაიმსახურა, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას ეძღვნება, სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში გურამ კაშია ერთ-ერთ მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით წარსდგა.
მის წინააღმდეგ აგორებულ ნეგატიურ ტალღას გურამ კაშია უცხოურ მედიასთან გამოეხმაურა. მისი თქმით ის ადამიანის თავისუფლების მხარდამჭერი და ძალადობის წინააღმდეგია, თავის ქმედებას არ ნანობს და მასზე პასუხისმგებლობას იღებს
გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა კახა კალაძემ, ლევან კობიაშვილმა და სხვა ფეხბურთელებმა.
საქართველოს ერეოვნული ნაკრების წევრი და “ვიტესის” კაპიტანი, გურამ კაშია მის წინააღმდეგ წარმოებული ჰომოფობიური კამპანიის საპასუხოდ გამოხატული მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას უხდის.
“ძალიან დიდი მადლობა ყველა ადამიანს, მიყვარხართ და ვაფასებ თქვენს თანადგომას! მე მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის,რომ ჩემი წარმატებით გაგახაროთ. ახლა მხოლოდ მოახლოებულ საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე ვფიქრობ,” – წერს გურამ კაშია.
მასალის გამოყენების პირობები






