„გორგიას“ მეპატრონის გატაცების მცდელობასთან დაკავშირებით „კვირის პალიტრა“ გია გორგოშაძის ყოფილი მეუღლის კომენტარს აქვეყნებს. ნინო დარსალიას თქმით, აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ ყოფილი ქმრის გატაცება ფულის გამოძალვის მიზნით დარსალიამ შეუკვეთა, თავად გია გორგოშაძის მიერ ხდება:
„ალბათ ეს არის საუკეთესო საშუალება, რომ გორგოშაძემ თავიდან მომიცილოს. დაჰკითხეს თუ არა ჩემსკენ გამოიშვირა ხელი და საოცარი რამ მოიფიქრა. ამ კაცს ჩემს გარდა 5 ადამიანი ჰყავს თაღლითურად გადაგდებული. არაადეკვატურია, როცა საქმე ფულს ეხება. წარმოიდგინეთ , ჩვენებაში წერდა, რომ ბოდბეში განიბანა, ჯადო მოეხსნა, გონება გაუნათდა და ბებერ ცოლს გაშორდა (5 წლით უფროსი ვარ) და პატარა „ანგელოზი“, 19 წლით უმცროსი თანამშრომელი მოიყვანა ცოლად. გამომძიებელმა მითხრა ჯადოქრობაში გდებს ბრალსო. ამის მერე არაფერს გამოვრიცხავ, მან მე არაერთხელ მომკლა... გაცილების შემდეგ , ღამის საათებში იწყებოდა ჩემს ტელეფონზე რეკვა (გიას რომელიღაცა სპეციალურ საიტზე დაედო ჩემი ნომერი), ნინათი მომმართავდნენ და მეკითხებოდნენ, ქალი გამოძახებით ხართო?... ამ ადამიანმა მორალურად გამანადგურა. 12 ოქტომბრის ღამეს მორიგი მკვლელობა ჩაიდინა. იცით, რა დამრჩენია? ყველაფერი თუ ისე არ წავა, როგორც ნორმალურ სახელმწიფოს შეჰფერის, რადიკალურ ზომებს მივმართავ და თვითონ გამოვუტან თავს სასიკვდილო განაჩენს“- აცხადენს ნინო დარსალია „კვირის პალიტრასთან“.
მასალის გამოყენების პირობები






