“ბარსელონას“ ყოფილმა ფორვარდმა, ამჟერად “პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელმა ნეიმარმა უეფა-ს მიმართა თხოვნით, "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგიდან გარიცხოს.
ამის შესახებ „დეილი მეილი“ ესპანურ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, ბრაზილიელ ფეხბურთელს ადვოკატებმა ურჩიეს ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მსგავსი გადაწყვეტილება მიეღო იმის გამო, რომ „ბარსელონამ“ მისთვის 26 მილიონი ევროს გადახდაზე უარი თქვა.
საქმე ეხება ბონუსს, რომელიც ნეიმარს "ბარსელონასთან" კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ უნდა მიეღო. ნეიმარმა "ბარსელონასთან" ახალი ხელშეკრულება გასულ წელს გააფორმა და ის ძალაში იყო 2021 წლის ზაფხულამდე. თუმცა, მიმდინარე წლის ზაფხულში, ნეიმარმა ბარსელონა დატოვა და "პსჟ"-ში გადავიდა. სატრანსფერო თანხა კი რეკორდულია - 222 მილიონი ევრო აღმოჩნდა.გავრცელებული ცნობით ,მოთამაშის წლიური ანაზღაურება 30 მილიონი ევროა.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი “ბარსელონას” ღირსებას 2013 წლიდან იცავდა და 186 მატჩში 105 გოლის გატანა მოახერხა. მან კატალონიურთან გრანდთან ერთად ყველა შესაძლო ტურნირი მოიგო.
მასალის გამოყენების პირობები