ახალი არაფერია იმაში, რომ დედამიწაზე ოკეანეები და მდინარეები პლასტმასით დღითიდღე უფრო ბინძურდება. ახლა ისიც შევიტყვეთ, რომ პლასტმასა ადამიანის ორგანიზმშიც აღმოაჩინეს. რას უნდა ნიშნავდეს ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის?
პლასტმასა დიდი ხანია ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ის მხოლოდ ჭურჭელში და სათამაშოებშია და მას თავს იოლად ავარიდებთ. პლასტმასა შეიძლება იყოს ჩვენი ფეხსაცმლის ძირში, ტანსაცმლის ღილებზე, სათვალეში, კონტაქტურ ლინზებში, თუ სხვა აქსესუარებში, ტელეფონში, კომპიუტერში, ტელევიზორში, მაცივარში, სამედიცინო ხელსაწყოებში, სახლის, თუ სამსახურის შენობებში და ასე შემდეგ. პლასტმასის ბოჭკო იპოვეს გერმანიაში შემოწმებული ლუდის 24 სახეობაში, ასევე - თაფლში და შაქარშიც. საფრანგეთში ჯერ კიდევ 2 წლის წინ აღმოაჩინეს, რომ პლასტმასის ნაწილაკები ჰაერიდან თავზე ეცემოდათ და ამ ტოქსიკური ნალექის საშუალო წლიური რაოდენობა 10 ტონას უდრიდა.
პლასტმასის ბოჭკო ახლა უკვე სასმელ წყალშიცაა, რომელიც ონკანიდან მოდის. მიკროპლასტმასით სასმელი წყლის მეტ-ნაკლები დაბინძურება ყველა ქვეყანაში დაფიქსირდა, სადაც შეამოწმეს. მიკროპლასტმასს უწოდებენ პლასტმასის მცირე ზომის ნაწილაკებს, რომელიც გარემოში ინდუსტრიული პროცესების შედეგად ხვდება.
სასმელი წყალი, როგორც „გარდიანი“ იუწყება, ხუთივე კონტინენტზე დაბინძურებულია. სახელმწიფოებს შორის შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვს დიდ ბრიტანეთს, გერმანიას და საფრანგეთს, თუმცა დაბინძურება იქაც საგანგაშოა და პლასტმასა აღებული წყლის ნიმუშების 72%-ში იპოვეს.
94%-იანი, ყველაზე მაღალი დაბინძურება აღმოჩნდა შეერთებულ შტატებში. ამასთან, სასმელი წყლის ნიმუშების აღება ხდებოდა სხვადასხვა სოციალური ფენის და ჯგუფის საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებში. მათ შორის იყო: ვაშინგტონის კონგრესის შენობები, გარემოს დაცვის სააგენტოს ოფისი, თუ ნიუ-იორკის ტრამპ-თაუერი. პლასტმასით სასმელი წყლის დაბინძურების მიხედვით, შეერთებული შტატების შემდეგ, მეორე ადგილს ლიბანი და ინდოეთი იყოფენ.
სრულად იხილეთ www.amerikiskhma.com
მასალის გამოყენების პირობები






