თბილისში დაგეგმილი, ემირ კუსტურიცას კონცერტი გადაიდო. ორგანიზატორების თქმით, მათთვის არ იყო ცნობილი, რომ კუსტურიცას საქართველოში ჩამოყვანა კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. ამის შესახებ 1tv.ge იტყობინება.
„არტ მედია ჯგუფის“ ხელმძღვანელის, ლელა ასლანიკაშვილის თქმით, კუსტურიცა კარგად იცნობს საქართველოს ისტორიას, კულტურას და დაინტერესებულია საქართველოში ჩამოსვლით, თუმცა ჩამოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იქნება ხელისუფლების მხრიდან მზაობა მისი სტუმრობის.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, სერბი რეჟისორი, ემირ კუსტურიცა, თბილისს, ფოლკ-როკ ჯგუფის The No Smoking Orchestra-ს შემადგენლობაში გიტარისტის სტატუსით ეწვევა. ჯგუფის მსოფლიო ტურნეს ფაგლებში, 2017 წლის 8 დეკემბერს საქართველოა მონიშნული.
აღსანიშნავია, რომ ემირ კუსტურიცა, ოკუპირებულ რეგიონებში ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერია.
2008 წელს ის რუსეთის შეთავაზებას დათანხმდა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, აგვისტოს ომის შესახებ ფილმი გადაეღო და 2009 წელს, ოფიციალური მოსკოვის მიწვევით, ოკუპირებულ რეგიონშიც იმყოფებოდა.
მიმდინარე წელს კი ანექსირებულ ყირიმში The No Smoking Orchestra ერთად კონცერტები გამართა.
აღნიშნულის გამო უკრაინამ კუსტურიცა „შავ სიაში“ შეიყვანა.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს შს მინისტრმა. გიორგი მღებრიშვილის თქმით, კუსტურიცას ჩამოსვლის შემთხვევაში, კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.
მასალის გამოყენების პირობები






