2017 წლის 25-29 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „ტიფლის პალასში“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ჩვენი იდუმალი მზე: მაგნიტური კავშირი მზის წიაღსა და ატმოსფეროს შორის“, იმართება. კონფერენციის ფინანსურ მხარდაჭერა უზრუნველყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა.
კონფერენციას მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები ესწრებიან, აშშ–სა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ასევე, ინდოეთიდან და რუსეთიდან. კონფერენციის მიზანი მზეზე მიმდინარე პროცესების შესწავლაა., თუ რა გავლენა აქვს ამ პროცესებს მზის სისტემის პლანეტებზე და დედამიწაზე.
კონფერენციის მიზანია მიმოიხილოს მზისა და ჰელიოსფეროს ფიზიკის კვლევაში ბოლო წლებში მიღწეული შედეგები, არსებული პრობლემები და დასახოს ამ პრობლემების გადაჭრის გზები. ასევე ხელი შეუწყოს ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო კვლევაში შემდგომ ჩართულობას და ახალი სამეცნიერო კონტაქტების დამყარებას მსოფლიოს წამყვან მეცნიერებსა და კვლევით ინსტიტუტებთან.
კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია;შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა(მაკო) მიქაბერიძე; კონფერენციის ორგანიზატორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი თეიმურაზ ზაქარაშვილი და ილიას სახელმწიფოპ უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტი - ე. ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი მაია თოდუა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარის თეიმურაზ ზაქარაშვილის თქმით, ამ კონფერენციის გამართვას დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც ახალგაზრდა მეცნიერებს ცნობილ მეცნიერებთან კავშირების დამყარების საშუალებას აძლევს.
„მზეზე პერიოდულად ხდება კორონალური მასის ამოფრქვევა. ეს არის დიდი ღრუბელი, რომელიც მზის ატმოსფეროდან ამოიფრქვევა და დედამიწისკენ მოდის. ეჯახება დედამიწის მაგნიტურ სფეროს და მაგნიტურ ქარიშხლებს წარმოშობს.
ეს მაგნიტური ქარიშხლები ტელესაკომუნიკაციო სისტემებზე, ხელოვნურ თანამგზავრებზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედებენ. ამიტომ, მზეზე მიმდინარე პროცესების შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ მიზნით მზეზე დაკვირვებები ხორციელდება. კონფერენციაზე სწორედ საუბარი იყო, რომ უცხოეთში მომავალში დაგეგმილია ორი დიდი საერთაშორისო პროექტის განხორციელება. კერძოდ “დედამიწის ტელესკოპი“ და მეორე „კოსმოსური მისია“. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გარკვეულწილად ამ პროცესებში ჩართულია“, – განაცხადა თეიმურაზ ზაქარაშვილმა.
პროფესორი ზაქარაშვილის თქმით, ჯერჯერობით, კარგად არ არის შესწავლილი მზეზე მიმდინარე პროცესების ზეგავლენა ადამიანების ჯანმრთელობაზე. სავარაუდოდ, მაგნიტური ქარიშხლები ელექტრომაგნიტური ველის საშუალებით გულსისხლძარღვთა ან სუსტი ფსიქიკის ადამიანების ტვინზე მოქმედებენ.
კონფერენციაში მაღალი რანგის უცხოელი მეცნიერები მონაწილეობენ:
Roberto Bruno (რომის ჰელიოფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, იტალია)
Mats Carlsson (ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი, ნორვეგია)
Arnold Hanslmeier (გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი, ავსტრია)
Laurent Gizon (მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი, გერმანია)
Mihalis Mathioudakis (ბელფასტის უნივერსიტეტის პროფესორი, დიდი ბრიტანეთი)
Scott McIntosh (High-Altitude Observatory-ის დირექტორი, აშშ)
Kris Murawski (მარია კიურის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლონეთი)
Valery Nakariakov (ვორვიკის უნივერსიტეტის პროფესორი, დიდი ბრიტანეთი)
Leon Ofman (NASA-ს მთავარი სპეციალისტი და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, აშშ)
Ramón Oliver (ბალეარის კუნძულების უნივერსიტეტის პროფესორი, ესპანეთი)
Stefaan Poedts (ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორი, ბელგია)
Teimuraz Zaqarashvili (ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი, კონფერენციის ორგანიზატორი)
Holly Gilbert (NASA–სგოდარდის სახელობის კოსმოსური ფრენების ცენტრის დირექტორის მოადგილე, აშშ)
Sami Solanki (მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი, გერმანია)
Bart De Pontieu (სამეცნიერო თანამგზავრ IRIS-ის ხელმძღვანელი, აშშ)
Terry Kucera (NASA-ს მთავარი სპეციალისტი, აშშ)
Manolo Collados (მომავალი 4-მეტრიანი ტელესკოპის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ესპანეთი)
Mausumi Dikpati (High-Altitude Observatory-ის მთავარი სპეციალისტი, აშშ)
Mark Miesch (High-Altitude Observatory-ის მთავარი სპეციალისტი, აშშ)
Francesca Zuccarello (კატანიის უნივერსიტეტის პროფესორი, იტალია)
Javier Trujillo Bueno (კანარის ასტროფიზიკური ინსტიტუტის მთავარი სპეციალისტი, ესპანეთი)
კონფერენცია 29 სექტემბერს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები






