მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, კულტურის მინისტრმა. გმირთა მოედანზე იმყოფებიან აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებიც.
"24 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან. ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ და ქედს ვიხრით იმ ადამიანების წინაშე, ვინც ამ დღეს გმირულად დაეცნენ. მინდა მივუსამძიმრო იმ ადამიანებს, რომელთა მეუღლეებიც, დები, ძმები, ამ სისხლიან დღეს დაეცნენ გმირულად. ჩვენ ძალიან ბევრი უნდა გავაკეთოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების დაბრუნებისთვის. ისინი უნდა დავიბრუნოთ მშვიდობიანი გზით, ჩვენი ქვეყნის იმ სიძლიერითა და იმ სიყვარულით, რომელიც მნიშვნელოვანია შემდგომ უკვე ერთად ცხოვრებისთვის",- განაცადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, 27 სექტემბერი არის უმძიმესი დღე, რაც უკავშირდება დიდ ტკივილს და დანაკარგს.
"ჩვენ გარკვეული დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და არ უნდა დავუშვათ დაპირისპირება, კონფლიქტი და ომი. ეს არის სრულიად დაუშვებელი, ამიტომ ჩვენი ამოცანაა მშვიდობა, მშვიდობიანი განვითარება და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება. მეორე დასკვნა, რაც 24 წლის თავზე შეიძლება გავაკეთოთ არის ის, რომ დღეს არსებული ვითარება, რომელიც შექმნილია განგრძობითი ოკუპაციის და მოუგვარებელი კონფლიქტის პირობებში, ნამდვილად არ ემსახურება არც ქართველების, არც აფხაზების ინტერესებს. დღეს ვითარება ძალიან მძიმეა. მიმდინარეობს ე.წ რუსიფიკაციის პროცესი, განგრძობითი ოკუპაცია, რაც არის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების ერთობლიობა. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ რეალობის გაცნობიერებით, გადავდგათ ნაბიჯი. სამწუხაროდ, ჩვენ წარსულს ვერ შევცვლით, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი, რომ ჩვენი მომავალი იყოს უკეთესი და ეს არის მშვიდობის გზა, შერიგების გზა, იმიტომ რომ ამას არ გააჩნია ალტერნატივა”, -განაცხადა ციხელაშვილმა.
1993 წლის 16 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაარღვია სოჭის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დაიწყო შტურმი სოხუმის ასაღებად.
სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 27-ში ქალაქის დაცემით დასრულდა.
აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირებას 14 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი უსახლკაროდ დარჩა.
მასალის გამოყენების პირობები






