ჩინეთში პეკინის მე-7 საერთაშორისო ხელოვნების ბიენალე მიმდინარეობს, რომელშიც საქართველო მიწვეული ქვეყნის სტატუსით პირველად იღებს მონაწილეობას. საქართველოს აღნიშნულ მასშტაბურ ღონისძიებაში 16 თანამედროვე ხელოვანი, ჯგუფური გამოფენის ფარგლებში წარადგენს.
ქართველი ხელოვანები ბიენალეზე ფერწერულ და სკულპტურულ ნამუშევრებს წარადგენენ. ქართული მხარის წარმომადგენლები ასევე მონაწილეობას მიიღებენ ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ სიმპოზიუმზე.
აღსანიშნავია, რომ პეკინის ბიენალე ჩინეთისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის საიუბილეო თარიღს ემთხვევა. ბიენალეს წლევანდელი თემა „აბრეშუმის გზა და მსოფლიო ცივილიზაციებია“. შესაბამისად, მიმდინარე ღონისძიებაში საქართველოს მონაწილეობა, როგორც უძველესი კულტურის მქონე და საუკუნეების განმავლობაში აბრეშუმის გზაგასაყარზე მყოფი ქვეყნისათვის ორმხრივად მნიშვნელოვანია.
პეკინის საერთაშორისო ხელოვნების ბიენალე 2003 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას ქმნის. მისი მიზანია თემატური საერთაშორისო გამოფენის ორგანიზებით დასავლური და აღმოსავლური კულტურის განსხვავებების, სპეციფიკის ჩვენებით ხელი შეუწყოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას ადგილობრივ და გლობალურ დონეზე.
ღონისძიების ორგანიზატორების - ჩინეთის მხატვართა ასოციაციის მიერ ქვეყნებს შორის ურთიერთობისა და კულტურული კავშირების გაღრმავების მიზნით, ბიენალეზე წარდგენილი ნამუშევრების არჩევის შემდეგ, საერთაშორისო გამოფენის ორგანიზება იგეგმება თბილისში, რის ფარგლებშიც თანამშრომლობითი მოლაპარაკებები მიმდინარეობს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმთან.
ქართველი ხელოვანების შერჩევასა და პეკინის ბიენალეში მონაწილეობის ორგანიზატორები არიან ქართული თანამედროვე ხელოვნების გალერეები Project ArtBeat და T.G. Nili Art Space, პროექტის მხარდამჭერები კი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.
პეკინის ბიენალე 24 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები