„ალეკოს დედა და ერთი უმცროსი ძმა დარჩა, რომელიც თურქეთში იყო სამუშაოდ წასული. მუშად მუშაობდა და ეს ამბავი რომ გაიგო, მაშინვე ჩამოვიდა. დედამისსაც ჰქონდა შემოსავალი, მასწავლებელია და ყოველთვიურ ხელფასს იღებს. ამ ქალმა წვალებით და ობლობაში გაზარდა ორივე შვილი. ალეკო ორი წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა. ასე დაიზარდნენ ორივე ჩვენს თვალწინ. ძალიან წყნარი ბიჭი იყო, მაგის ხელში ვერც სასმელს დაინახავდით და ვერც რაიმე ისეთს. წიგნებსა და კომპიუტერში იყო ხოლმე მთელი დღე. წავიდა თბილისში და ცოტა ხანში ბავშვი ასეთ სიტუაციაში გაეხვია. თავზარდაცემულები ვართ ყველანი. დედამისის ტირილის ხმა გავიგე. გავიქეცი, რა ამბავია-მეთქი და ქალს ძლივს აკავებდნენ, – ალეკომ თავი მოიკლაო. დაუჯერებელია დღესაც. ვერ წარმომიდგენია, რომ ის ამას გააკეთებდა“, – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი
კიდევ ერთი მეზობლის ვერსიით კი, ალექსი ბალიაშვილი ბანკზე თავდასხმას საკუთარი სურვილით არ დაგეგმავდა. ახლობლების ნაწილი მიიჩნევს, რომ მას დანაშაულისკენ სხვამ უბიძგა.
„ვიღაცამ წააქეზა. ის საყაჩაღოდ თავისი ინიციატივით არ წავიდოდა. უბიძგეს ამ ყველაფრისკენ. თბილისში იყო ცოტა ხნით წასული და ალბათ, იქ შეაგულიანა ვინმემ. სხვა ახსნა ამ ყველაფერს არ აქვს. კი, შეიძლება მცირე სტრესიც ჰქონდა ბავშვს და ამითაც ისარგებლეს. გამოიყენეს მისი მდგომარეობა. ეს კი, როცა მიხვდა, რასთან ჰქონდა საქმე, სიკვდილი არჩია. რომ ამბობენ, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდაო, ასე როგორ შეიძლება... დღეს საქართველოში სრულ ჭკუაზე არავინ არის, მაგრამ ამ ბიჭს რაიმე ისეთი ფსიქიკური აშლილობა არ ჰქონია, რომ ამის ნიადაგზე ბანკში იარაღით შევარდნილიყო და მერე თავი მოეკლა. ჩემი აზრით, ის ვიღაცის გავლენის ქვეშ მოექცა, ან სხვის დავალებას ასრულებდა“.
„ენით აუწერელი ტრაგედიაა. არაფერი ისეთი ვალი არ ჰქონიათ, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მისულიყო. მუშად დადიოდნენ ორივე ძმები და დღიურად გამოიმუშავებდნენ ორიოდე კაპიკს. დღეს თავზე არავის გადასდის არც ფული და არც ქონება. ეს ოჯახიც შრომობდა და საკუთარ თავს ირჩენდა, როგორც შეეძლო. დღეში ხან 20 ლარს იღებდნენ, ხან – ცოტა ნაკლებს, ხან – ცოტა მეტს“.
სრულად იხილეთ „პრაიმტაიმი“
მასალის გამოყენების პირობები






