დიახ, დიახ, არ მოგესმათ, ეს ის ოფიციალური დოკუმენტია, რომლის შედგენაშიც დედაქალაქის მერიამ ბიუჯეტიდან, ესე იგი, ჩვენი, მშიერმუცელა მოქალაქეების ჯიბიდან ზუსტად 2 მილიონ 800 ათასი გადაიხადა!
ერთი სიტყვით, თუ ფანტასტიკური ნაწარმოებები გიზიდავთ და თან უძილობა გაწუხებთ, მაშინ გირჩევთ, „სითი-ინსტიტუტ საქართველოს“ მიერ შედგენილი გენგეგმის პროლოგს თვალი კიდევ ერთხელ გადაავლოთ და დამერწმუნეთ, თმა ყალყზე დაგიდგებათ. არ გჯერათ? აი, ბატონო, ინებეთ ფაქტი, ანუ კიდევ ერთ ამონარიდი ამ „ფანტაზიური გენგეგმის“ ეპილოგიდან:
„ქალაქში ცხოვრება სასიამოვნოა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ახალი ურბანული მობილობის ფორმების „თბილისური გამოცდილების“ განუყოფელი ნაწილი გახდა. უფრო და უფრო მეტი ვიზიტორი, განსაკუთრებით ევროპიდან, იზიარებს დედაქალაქში განფენილ ქართულ კულტურას, სამზარეულოსა და სტუმარ-მასპინძლობას. ვიზიტორები, ამავე დროს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების „ელჩები“ არიან, რადგან ქალაქი მცირე, ინოვაციური ბიზნესების ცხელი წერტილია. ორგანული აგრო ბიზნესებით, გასტრონომიითა და სტუმართმასპინძლობით, საქართველო მსოფლიო მოთამაშეა და მისი პროდუქტები მთელ მსოფლიოშია ცნობილი. თბილისის კეთილდღეობა ადგილობრივი და საერთაშორისო ძალისხმევის/კოლაბორაციის შედეგია. ქალაქი სტიმულირებულია მთავრობის რეალური და მიზნობრივი პოლიტიკით, ადგილობრივი ბიზნესი საერთაშორისო პარტნიორების თანადგომით ურბანული გარემოს კიდევ უფრო მეტ პოტენციალს ავლენს და სარგებლობს. ამის მისაღწევად კი თბილისმა რამდენიმე პარადიგმის ცვლილება გამოიარა - უპირველესად, იმის რეალიზაცია, რომ წარმატება ეკოლოგიურად მდგრადი გზებით მისი ბუნებრივი რესურსების კაპიტალიზაციაშია.“
ის, რომ ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი ქალაქი, მათ შორის, დედაქალაქი არა მარტო ტურისტებისთვის, არამედ, ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც მიმზიდველი და კომფორტული უნდა იყოს, როგორც იტყვიან, ანბანური ჭეშმარიტებაა და არც ის უნდა გაგკვირდეს, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ქალაქის გამწვანებაზე ზრუნავდეს, მაგრამ იმ დროს, როცა თბილისში ხეების მასობრივი ჭრაა გაჩაღებული, გეგნეგმის თუნდაც პროლოგში რეკრეაციული ზონების შექმნაზე ლაპარაკი, უბრალოდ, თვალში ნაცრის შეყრაა და მეტი არაფერი.
უფრო მეტიც, გენგეგმის ავტორები, ანუ ამ შემთხვევაში, „სითი-ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლები წარმოუდგენელ ცინიზმს იჩენენ და ჩვენ, მოსახლეობას ისე გველაპარაკებიან, თითქოს „კარენოი“ ხოხბები იყვნენ, ანუ ეს ქალაქი მხოლოდ მათი საკუთრება იყოს და ისე მიჭრი-მოჭრიან, როგორც მოესურვებათ. აბა, სხვა რა უნდა ვუწოდოთ იმას, როცა იგივე გენგეგმის პროექტის ეპილოგში აქცენტი გამწვანებაზე კეთდება და ეს მაშინ, როცა იგივე იპოდრომზე ხეების მოჭრის ბრძანება, არაოფიციალური მონაცემებით, „სითი-ინსტიტუტ საქართველოს“ წევრებმა გასცეს, ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ადამიანები, რომლებიც გვმიტკიცებენ, გინდა თუ არა, უნიკალური გენგეგმა შევადგინეთო, როგორც ამბობენ, დედაქაქალის არქიტექტურულ და ურბანულ მოწყობაშიც იყვნენ ჩართულები და თითქმის ყველა უბედურება, რაც თბილისს ბოლო დროს ამ კუთხით დაემართა, სწორედ მათ კისერზეა.
ამის ყველაზე კარგი მაგალითი კი, როგორც აღვნიშნეთ, იპოდრომია - ეს ადგილი, მოგეხსენებათ, დედაქალაქის ლამის ფილტვებად ითლება, მაგრამ ბოლო დროს აქაურობას „ტყის მჭრელები“ შეესივნენ და ხეებს ღამ-ღამობით ჭრიან, რაზეც პასუხისმგებლობას, ჩვენში დარჩეს და, ნარმანიას უწყება არ იღებს, ანუ გაუთავებლად აცხადებს, გავარკვევ, ნებართვა ვინ გასცაო.
შე მამაცხონებულო, თუ ის ვერ გაგირკვევია, ხეების ჭრაზე ნებართვას ვინ გასცემს, რაღა თბილისის გენგეგმას „ეტაკე“ და მის შესაქმნელად, როგორც ამბობენ, ყოვლად გაუგებარ კომპანია „სითი-ინსტიტუტ საქართველოს“ მილიონები „ჩაახუტე“? ახლა, არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ ზუსტად ამ გაუგებრობით ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ „სითი-ინსტიტუტი“ ვიღაცებმა ფინანსური მაქინაცების მიზნით მიზანმიმართულად შექმნეს. ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ ამ კომპანიამ გენგეგმის კონკურსში მონაწილეობა კანონის დარღვევით მიიღო, რაზეც უკვე ბევრჯერ დაიწერა.
რაც შეეხება იმას, რომ 2030 წლისთვის დედაქალაქი ავტომანქანებისგან თავისუფალი უნდა იყოს. კი ბატონო, ძალიან კარგია ეკოლოგიური გარემო, მაგრამ ბატონებო, არ გეჩვენებათ, რომ ცივილიზაციას ომს უცხადებთ?!
ზოგადად, გავიგეთ, რომ 2030 წელი თქვენთვის პანაცეაა და აპირებთ, ამ დროისთვის მსოფლიო გააოცოთ, მაგრამ 2030 წლამდე ლოდინი არ დაგჭირდებათ, რადგან ჯერ ერთი, ისეთი სასაცილო და უტოპიური გეგნგეგმის პროექტი „დადეთ“, რომ 2030 ვინ ჩივის, თბილისმა არსებობა შესაძლოა, 2020 წლამდეც შეწყვიტოს. გარდა ამისა, იმაზე თუ დაფიქრებულხართ, ხალხი რომ გაიგებს, მანქანები იკრძალებაო, რა ამბავს ატეხს? იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობას თუნდაც ელექტრომიბილების შეძენისკენ მოუწოდოთ და საამისოდ ნორმალური ეკონომიკური გარემო შეუქმნათ, გამოდიხართ და „კეთილ მომავალზე“ ჯეჯელავასეულ ზღაპრებს გვიკითხავთ!
ისე, ბატონებო, თქვენზე მაგარო ფანტაზია მშიერ მოსახლეობას აქვს და გირჩევთ, ფულის ასეთ „უპრაგუნო“ ხარჯვას, ხალხს მოუსმინოთ, თორემ ეგ გენგეგმაც ოხრად დაგრჩებათ და თქვენი მილიონებად შეფასებული ფანტაზიებიც!
მასალის გამოყენების პირობები






