რა მოხდა რეალურად და რა პროცესები მიდის საპატრიარქოში? ციანიდის სკანდლის უცნობ დეტალებზე საუბრობს გაზეთ ,,ქართულ სტყვასთან“ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.
,,გიორგი მამალაძე რატომ დასაჯეს და მოიშორეს, იცით? _ ესაა ადამიანი, რომელმაც სამ თვეში ფარდა ჩამოხსნა ყველაფერს და დაადასტურა, რამდენი მილიონი იკარგებოდა და იჭმეოდა, როგორც სასულიერო, ისე საერო პირების მიერ. მერე, არაერთი ინფორმაცია გავრცელდა სასულიერო პირებზე, რა ქონებას ფლობენ. ეს არ ეხება მარტო სასულიერო პირებს, ეს არის ერთი დაბინძურებული და გაუბედურებული სისტემა, რომელიც შეკრულია საერო პირებთან და სახელმწიფო ჩინოვნიკებთან!“ - აცხადებს ადვოკატი.
_ პირველ ინსტანციაში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სასამართლო სხდომები დამთავრდა. მალე მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს. ამ შვიდთვიან `მარათონს~ როგორ აფასებთ?
_ ამ მოვლენების შეფასება თებერვლის ათი რიცხვიდან, ანუ იქიდან კი არ უნდა დავიწყოთ, როცა დეკანოზი დააკავეს, არამედ, 23 იანვრიდან, როცა ე. წ. ოქროს მოწმე ირაკლი მამალაძისთვის საშიშროება გაჩნდა, რომ მზადდებოდა დანაშაული. იმაზე აღარ მაქვს ლაპარაკი, რომ მამა გიორგი მანამდეც იყო თვალთვალისა და მიყურადების ქვეშ. ისე, შვიდი თვის მერეც ვერ მოიძიეს და ვერც დაამტკიცეს, ციანიდი ვისგან, როდის და სად შეიძინა. ყველაფერი ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ მამა გიორგის ციანიდი არ შეუძენია.
_ ადვოკატები, დეკანოზის დაკავების დღიდან, მის დარღვეულ უფლებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციაზეც საუბრობთ...
_ ყველაფერი _ როგორ მოხდა დეკანოზის დაკავება და რა დარღვევები იყო, ადვოკატების ჯგუფმა დასკვნით სიტყვაში შევაფასეთ, ანუ დასკვნით სიტყვაში ვისაუბრეთ, ევროპის რამდენი კონვენცია დაირღვა, ასევე, როგორ დაირღვა მამა გიორგის უფლებები, ასევე, ჩვენი საპროცესო კანონმდებლობა, კონსტიტუცია, ბოდიში მომითხოვია და, როგორ გათელეს ფეხქვეშ კანონის უზენაესობა!
საქმე პირადულზე არაპროფესიონალური მიდგომებით ააგეს. მართალია, ამ საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა და არსებობს, ყველაფერ ამას იგნორირება გაუკეთეს.
ჩვენი უბედურება იცით, რა არის? _ დღეს ე.წ. უფლებადამცველები გამოდიან, მათ შორისაა ქალბატონი ნანა კაკაბაძე და სატელევიზიო ეთერით იმხელა სიცრუეს ქადაგებენ, ნათლად ჩანს, რომ შეკვეთას ასრულებენ.
ისე, კაკაბაძის ქადაგების მოსმენისაგან ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მისი გამოსვლები შეურაცხმყოფელია არა მარტო ჩემთვის, არამედ, საზოგადოებისათვის! ეს ყველას, ბოდიში და, ფეხზე დაკიდებაა!
მინდა, ყურადღება ერთ რამეზე გავამახვილო: დეკანოზს ბრალი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის აქვს წაყენებული, მაგრამ მაღალი თანამდებობის პირებმა და მთავარმა პროკურორმაც ბრალის წაყენებიდან რამდენიმე დღეში საზოგადოებას ამცნო, მაღალი სასულიერო პირის მკვლელობა მზადდებოდაო. შემდეგ კი, ისევ შორენას დაუბრუნდნენ. დღეს შორენას უახლოესი ადამიანი, ნანა კაკაბაძე გამოდის და ასეთ რაღაცებს ლაპარაკობს.
_ რით ადასტურებთ, რომ ნანა კაკაბაძე შორენა თეთრუაშვილის უახლოესი ადამიანია?
_ იოსებ ოხანაშვილმა ჩვენებაში, რომელიც სასამართლოს მისცა, პირდაპირ დაადასტურა, რომ ბრალის წაყენების შემდეგ, როცა გერმანიიდან დაბრუნდნენ, ერთი თვის განმავლობაში, ყოველ დღე, ნანა კაკაბაძე და შორენას სხვა დაქალები საპატრიარქოდან არ გამოდიოდნენ _ ისხდნენ და ეტყობა, მსჯელობდნენ, რომ ეს სიბინძურე რამენაირად გაესუფთავებინათ!
დღეს გამოდიან და ამბობენ, შორენა რა შუაშია, თურმე, პატრიარქის მოკვლას გეგმავდა მამა გიორგიო.
ამდენი ხანი თავს ვიკავებდი რადიკალური განცხადებებისგან იქედან გამომდინარე, რომ ჯერ გამოძიება და შემდეგ სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა. ახლა კი, პირდაპირ ვამბობ: კატასტროფა იქნება, თუ მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს!
თვით სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმაც, რომელიც ამ საქმეს მთელი შვიდი თვის განმავლობაში მონიტორინგს უწევდა, სასამართლოს დამთავრების შემდეგ თქვა, კანონმდებლობის მოთხოვნები პარადოქსალურადაა დარღვეულიო. საქმე, შინაარსობრივად, კატასტროფაა და ამის ფონზე მოსამართლემ თუ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, მაშინ უარესი მოხდება და ისე გამოვა, 21-ე საუკუნეში კი არა, თურმე, რომის იმპერიაში ვცხოვრობთ, მონათმფლობელურ ყოფაში!
ამ შემთხვევაში მხოლოდ მამა გიორგის მიმართ კი არ იქმნება საშიშროება, არამედ, ყველა ჩვენთაგანი ვიქნებით ძალიან დიდი საფრთხის წინაშე! ჩვენ თუ არ გვექნება იმის იმედი, რომ სახელმწიფო დაიცავს ჩვენს უფლებებს, ეს უკვე არარსებული სახელმწიფო გამოდის!
ბოდიში მომითხოვია და, საზოგადოება ვიღაცების სამართავი არაა. მათ ჩვენ ვირჩევთ და ვალდებულნი არიან, რომ კანონის უზენაესობიდან გამომდინარე, ჩვენი უფლებები დაიცვან!
_ ბატონო მიხეილ, საუბარი იქითკენ მიგყავთ, რომ შორენა თეთრუაშვილს ხელისუფლებაზე, ასევე, სამართალდამცავ ორგანოებზე სერიოზული გავლენა აქვს? მამა გიორგის ასეთი `გამეტება~ პოლიტიკური ნებაა?
_ პირდაპირ ვიტყვი: სახელმწიფო ვიღაცა ჩინოვნიკების ხუშტურებით არ უნდა იმართებოდეს და მაგათ ვნებებზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულნი!
რაც შეეხება შორენას, ყველამ კარგად ვიცით, რომ 80-იანი წლებიდან ქალბატონი შორენა საპატრიარქოშია და უარყოფით კონტექსტშიც არაერთხელ ყოფილა მოხსენიებული. იმასაც გეტყვით, რომ შორენა თეთრუაშვილი პატრიარქის მდივან-რეფერენტი არაა. პატრიარქის 1981 წლის ბრძანებით, ის საგამომცემლო რეფერენტია, ანუ მისი ვალდებულებაა, პატრიარქის ეპისტოლეები და სხვა გამოსვლები შეასწოროს და რედაქტირება გაუკეთოს. წერილების გაგზავნაც მის ფუნქციებში შედის.
ყოველ შემთხვევაში, მისი მდივან-რეფერენტობის დამადასტურებელი ბრძანება საქმის მასალებში არ მინახავს. იმის ბრძანება კი არსებობს, თუ როგორ შეიქმნა ქონების მართვის სამსახური, რომელსაც ხელს პატრიარქი აწერს. ასევე, არსებობს ბრძანება, როგორ დაინიშნა მამა გიორგი სამსახურის უფროსად, შორენა თეთრუაშვილის შესახებ კი, 1981 წლის შემდეგ, ბრძანება არ დაწერილა!
_ თუ ასეა, აბა, რატომ ამბობენ, რომ ამ ქალბატონს ასეთი დიდი ძალაუფლება და გავლენა აქვს?
_ ამაზე მეუფე პეტრემ გარკვევით ისაუბრა. მოგეხსენებათ, ყველა სისტემაში არიან დაბალი თანამდებობის პირები, რომლებიც ინტრიგნობითა და ვერაგული მიდგომებით ცდილობენ, არიონ, ან დაალაგონ სიტუაცია, რათა თვითონ წარმოჩინდნენ. ეს დამოკიდებულებაც ზუსტად ინტრიგნულია!
მისი ერთ-ერთი გამხმოვანებელი ბატონი ედიშერ ქარჩავაა, რომელმაც არაერთხელ დასდო ბრალი მამა გიორგის. ის ვითომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ თითქოს, დეკანოზს 50 მილიონი უნდა `გაეთეთრებინა~. ლამის მამაო კრიმინალად და მაფიოზად გამოაცხადეს. ქარჩავა შორენა თეთრუაშვილის ნებართვის გარეშე სიტყვასაც ვერ დასძრავდა, არათუ, ასეთ ინფორმაციას გაავრცელებდა. ამ დროს ბოროტად იყენებდნენ პატრიარქის სტატუსს და მოგეხსენებათ, ის დღეც დადგა, როცა საერთოდ გაქრა ედიშერ ქარჩავა. ვეუბნებოდი ედიშერს და არაერთხელ გამიფრთხილებია, ისე ნუ გავაკეთებთ, რომ ეს სიბინძურე და ლაქა მხოლოდ საპატრიარქოსა და ეკლესიას კი არა, არამედ, მთელ ჩვენ საზოგადოებას ძალიან ცუდად მოუბრუნდეს-მეთქი. ვეუბნებოდი, დაალაგეთ შიგნით ურთიერთობები, ინტრიგნობას და ამბიციას ნუ შესწირავთ თქვენს ღირსებას-მეთქი. იცით, პასუხი რა იყო? _ აბა, რა, ჩვენ ყველაფერ ამას ვაკეთებთო.
ვეუბნებოდი, ნუ გამოიყენებთ სასულიერო პირების უმრავლესობის კეთილგანწყობასა და ნდობას, ნუ შესწირავთ საერო პირების ამბიციას-მეთქი. ჩვენ ყველაფერ ამაზე ვმუშაობთო და ეს მუშაობა იცით, რითი დაგვირგვინდა?
_ რითი?
_ როდესაც ედიშერ ქარჩავა შორენა თეთრუაშვილის ნებართვით გამოდიოდა და პირადად ჩემზე ლაპარაკობდა, რომ თითქოს ვინმესგან ვარ დაქირავებული, თითქოს შავ პიარს ვუგორებ საპატრიარქოს, თითქოს მე შევქმენი მთელი ლეგენდები. ამას ჩემზე ლაპარაკობდნენ, როდესაც იქით ვასწავლიდი და რჩევებს ვაძლევდი.
_ ამ ადამიანების გამოჩენა და მერე, გაქრობა, იმას ხომ არ ნიშნავს, რომ თვითონ ეს დაჯგუფება არ ელოდა მოვლენების ასეთ განვითარებას და ჩიხში შევიდა?
_ თვითონაც დილემის წინაშე დგანან და ლამის ჩვენ გვაიგივებენ პროკურატურასა და სუს-თან, თითქოს ჩვენ ვართ ყველაფერი, ისინი კი, ძალიან წესიერები და წმინდანები არიან. ჩვენ დაგვინგრევია ყველაფერი. მე რომ არ გამევრცელებინა ინფორმაცია იმ დროს, როცა 11 ადვოკატიდან 9 საქმიდან გავიდა და დარჩა მხოლოდ ორი, რომელთაც გაუთქმელობის ხელწერილი ჰქონდათ დაწერილი, ეს ამბავი ასე არ გახმაურდებოდა. დიახ, მე გავავრცელე ინფორმაცია, რომ არა პატრიარქის და სხვა მაღალი სასულიერო პირების ვითომ მკვლელობა მზადდებოდა, არამედ, _ საერო პირის. ამის მერე მთლიანად ამოტრიალდა ყველაფერი.
_ ამიტომაც წამოვიდა განსაკუთრებული აგრესია თქვენი მისამართით?
_ რა თქმა უნდა, ამას რად უნდა ლაპარაკი? აგრესია იყო ყველას მხრიდან, მათ შორის ირაკლი მამალაძის მხრიდანაც, რომელიც მე 90-იანი წლების კრიმინალად მომიხსენიებდა. ასევე იქცეოდა ედიშერ ქარჩავაც, რათა საზოგადოებისათვის დაენახვებინა, როგორი მტერი ვარ და როგორ ვანგრევ საუკუნეებით ნაშენებ საპატრიარქოს და ჩვენს რწმენას. სხვა რა უნდა ვიფიქრო? ჩემს გარდა სხვა ადვოკატები არ იყვნენ?
შემიძლია, პირდაპირ გითხრათ და ყველას გავახსენო მთავარი პროკურორის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტარების განცხადებები, რომ თურმე, დიდი საქმე გააკეთეს და მხსნელებად მოგვევლინენ!Eეს იყო მათი მხრიდან მცდელობა, რომ საზოგადოებისათვის დაენახებინათ, თუ როგორი შეუპოვარი და ძლიერი ძალაა მმართველი გუნდი.
პოლიტიკაში არ ვერევი, ბოდიში მომითხოვია და, ჩემთვის ყველა ერთი ნაგავია. მაგრამ ისინი დროებითები არიან _ მოდიან და მიდიან, რწმენა და ღირსება კი, მარადიულია ყველა ქართველის გულში! ჩვენ თაობა უნდა გავზარდოთ, მე არც მაგათი თანამდებობები მაინტერესებს და არც _ ჩინ-მედლები. ჟარგონულად რომ ვთქვა, ერთმანეთის `პათხალიმობაში~ ყველაფერი ჩანს!
_ ბოლო პროცესზეც რა დამოკიდებულება იგრძენით მოსამართლის მხრიდან, როგორი განაჩენი შეიძლება დადგეს?
_ ექვსი ადვოკატი ვართ ამ საქმეში და ამბიცია არაფერზე გვაქვს. ჩვენ კარგად ვიცით ჩვენი პროფესიონალიზმის უმაღლესი დონე. მართალია, არაფრისმცოდნეებს გვეძახიან, მაგრამ ვირისგან წიხლი არ გვწყინს! ასეთი შეფასებები უცოდინარებს ახასიათებთ.
მოსამართლეს დეტალურად, ყველა იურიდიული ლიტერატურის მოშველიებით თუ ჰიპოტეზებით დავულაგეთ ყველაფერი. პირადად მე, მოსამართლეს ასი მოწმის ჩვენება გავუშიფრე. გვედავებიან, დაცვის მხარემ მოწმეები რატომ არ მოიყვანაო. არ მჭირდებოდა და იმიტომ!
_ და რატომ არ გჭირდებოდათ?
_ ყველა მოწმე, დაწყებული უნივერსიტეტის პროფესორებიდან, ცალსახად ამბობს, რომ ციანიდი გამოიყენება ოქრომჭედლობაში და ოქროს მოპოვებაშიც. საპატრიარქოს ოქრომჭედლებმა კი, რომელთაც ზოოვეტის ინსტიტუტი აქვთ დამთავრებული და ვერცხლზე მუშაობენ, თქვეს, ამის შესახებ არ ვიცითო. შენ რომ არ იცი, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, ასე არ არის? მათი და ყველა სასულიერო პირის ჩვენება გავშიფრე!
_ ანუ, დაცვითი სიტყვა ბრალდების მოწმეების ჩვენებებზე ააგეთ?
_ გამოდიოდა ირაკლი მამალაძე და თავის ჩვენებებში უთითებდა, რომ თურმე, მეუფე დიმიტრი იყო დეკანოზის თანამზრახველი. იცოდა, რომ ის და იოსებ ოხანაშვილი აუცილებლად უნდა ეხსენებინა, მაგრამ ყველა სასულიერო პირმა დაადასტურა, რომ ასეთი რამ ბუნებაში ვერ იარსებებს.
_ როგორი `ასეთი რამ~?
_ როგორი და, სასულიერო პირები ასეთი დაპირისპირებულნი რომ ყოფილიყვნენ ერთმანეთთან. აზრთა სხვადასხვაობა და გარკვეული პოლემიკა მტრობას არ ნიშნავს. მოწმეებსა და ირიბი ჩვენებების მიმცემ პირებს, მათ შორის ირმა ჭკადუას თავიანთი შეხედულებები ჰქონდათ. მამალაძემ შეკითხვაზე, თუ რამდენად დარწმუნებული იყო, რომ რაღაც მზადდებოდა, უპასუხა, მე ასე მეგონაო. რას ჰქვია, გეგონა? ესAადამიანი `მგონიაზე~ აგებს ყველაფერს და ამას ეთანხმება მთელი სახელმწიფო მანქანა. ეს ნორმალურია? ამ `მგონიას~ გამო დღეს მამა გიორგი ბრალდებულის სკამზე ზის და 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
_ სხვა მოწმეებზე რას იტყვით?
_ აბსოლუტურად ყველა ჩვენება, მათ შორის, აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლების, შეუსაბამო და ერთმანეთის საწინააღმდეგოა, დიახ, ისეთი შეუსაბამოა, რომ ზღაპრის ფორმატშიც არ ჯდება!
თვითონაც არაფერი იციან და ყოველ წუთს ამიტომ ცვლიან ყველაფერს. ედიშერმა რამდენჯერმე თქვა, მარტო შორენას მკვლელობა კი არ მზადდებოდა, თურმე, მეუფე იაკობის, მეუფე თეოდორესი და სხვებისაცო. ვეღარ გავიგე, ეს საპატრიარქოა თუ ადამიანების გასაწირი დაწესებულება?
_ რაც შეეხება მოსამართლის განწყობას...
_ თუ ჩვენთან მართლა არსებობს სასამართლო ხელისუფლება და ის დამოუკიდებელია, მაშინ მოსამართლემ უნდა გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი.
თვეების განმავლობაში, შორენას მეგობრები, იურისტები, ძალოვანი სტრუქტურები და დაქალები ისხდნენ და მსჯელობდნენ. ერთ-ერთ გამოსვლაში ანდრიაძემ, რომელიც შორენას უახლოესი პიროვნებაა, გასაგებად ბრძანა, მგონი, აქ არ მიიღება გამამტყუნებელი განაჩენი, მაგრამ თუ მაინც ასე მოხდა, ასეთ შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლო მიიღებს გამამართლებელ განაჩენსო. ეს, იცით, რამხელა სირცხვილი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის? გირგვლიანსა და სხვა არაერთზე უკვე მივიღეთ ასეთი შენიშვნა, მაგრამ ეს უკვე იქნება კატასტროფა! ამიტომ ვიმედოვნებ, რომ მოსამართლეს ექნება ღირსება, იქნება დამოუკიდებელი, შეეძლება რეალობის აღქმა და გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს!
ისე, ნათია, ჩემი ლაპარაკი როგორ მესმის, იცით? _ უკან მიბრუნდება!
_ გვისმენენ?
_ რაღას გვისმენენ, მოვიდნენ და ვეტყვი ყველაფერს!
რაზე ვგიჟდები, იცით? _ ამ ხალხმა ვერ გაიგო, რომ ძალიან კარგი მუსიკალური სმენა მაქვს. იცით, როგორ ვიგებ, რა ხდება? ვლაპარაკობ, იჭერენ და ჩემი ხმა ისევ უკან მოდის! კარგი, ბიჭო, სხვა აპარატურა მაინც მოიტანე, ესენი ვინ არიან?!
მოვიდნენ, ისეთ კაი სიმღერას მოვასმენინებ, რომ დავატკბობ! Eესენი ვინ არიან, გაგაგიჟებენ, რაა?!
_ იმედია, გაიგებენ რომ ეპატიჟებით...
_ ყრუები თუ არიან, ვერაფერს გაიგებენ! ისე, ყრუსაც ესმის და რატომ, იცით? _ ჟესტიკულაციით დაელაპარაკები, ბრმა თავისი ანბანით გაიგებს... მუნჯი და ყრუც ყოველთვის გამოხატავს თავის შეხედულებებს. არ მგონია, მთლად დამუნჯებულ- დაყრუებულ-დაბრმავებულნი იყვნენ. ჩემი რჩევაა მათ მიმართ, ვინც მისმენს: ნუ დავაყენებთ ჩვენს ქვეყანას საფრთხის წინაშე! ხალხი ჩუმად არ არის, ხალხი მობილიზებულია, რადგან დაიღალა ამდენი სიბინძურისგან!
25 წელი ვერ გადავეჩვიეთ ერთმანეთის ჭამა-სმას. ასე რომ, შეეშვან ამ მოსმენებს და მიხედონ თავიანთ თავებს!
_ კარგი, ბატონო მიხეილ, `მათ მივცეთ~ ჩვენი მოსმენის საშუალება, ჩვენ კი საქმეს დავუბრუნდეთ: ვიცით, რა ხდებოდა ციანიდთან დაკავშირებით, მაგრამ სასამართლო პროცესის დროს, კიდევ გაჩნდა ახალი საწამლავი _ გველის შხამი. ამაზე რას იტყვით?
_ როცა ინტრიგნობაზე მაქვს ლაპარაკი, ესაა მისი ერთ-ერთი მექანიზმი. გველის შხამი მარტო მამა გიორგისთვის კი არ უთხოვია შორენას, არამედ, იოსებ ოხანაშვილსაც სთხოვა. მან დაადასტურა და თქვა, მთხოვაო და იცით, რა პასუხი მისცა იოსებ ოხანაშვილმა? _ გველის შხამს ვერ მოგიტან, მაგრამ გველს სადმე თუ დავიჭერ, თავს მოვაჭრი, მოგიტან და მერე, შენ თვითონ ამოუღე შხამიო.
ბევრმა მოწმემ დაადასტურა, რომ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ქალბატონ შორენას რაღაც უთხოვია პირისპირ საუბრისას, მაგრამ შემდეგ, უარი უთქვამს, შენთვის ასეთი არაფერი მითხოვიაო. ამის შესახებ რამდენიმე სასულიერო პირმაც განაცხადა.
გიორგი მამალაძე რატომ დასაჯეს და მოიშორეს, იცით? _ ესაა ადამიანი, რომელმაც სამ თვეში ფარდა ჩამოხსნა ყველაფერს და დაადასტურა, რამდენი მილიონი იკარგებოდა და იჭმეოდა, როგორც სასულიერო, ისე საერო პირების მიერ. მერე, არაერთი ინფორმაცია გავრცელდა სასულიერო პირებზე, რა ქონებას ფლობენ. ეს არ ეხება მარტო სასულიერო პირებს, ეს არის ერთი დაბინძურებული და გაუბედურებული სისტემა, რომელიც შეკრულია საერო პირებთან და სახელმწიფო ჩინოვნიკებთან!
_ ამბობთ, ამ საქმეზე კანონი უხეშად დაირღვა. ამის თაობაზე თუ მიაწოდეთ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს? რატომღაც მგონია, რომ ეს საქმე სტრასბურგამდე წავა, არა?
_ სანამ სასამართლო დაიწყებოდა, სახალხო დამცველის ხელისშეწყობით, ორჯერ შევხვდით სხვადასხვა ქვეყნის საელჩოს წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებს, უცხოელ იურისტებს და საქმის შესახებ დეტალური ინფორმაცია გადავეცით. იმაზეც ვისაუბრეთ, თუ როგორ დაირღვა უხეშადKკონვენციის რამდენიმე მუხლი და უდანაშაულობის პრეზუმფცია.
მართალია, ჩვენს არაპროფესიონალიზმზე ლაპარაკობენ, მაგრამ არაფერი დაგვიკლია _ რაც საჭირო იყო, ყველაფერი გავაკეთეთ.
მოგეხსენებათ, სახალხო დამცველი ამზადებს ანგარიშს, სადაც დეტალურად იქნება მითითებული ამ დარღვევების შესახებ. სახალხო დამცველის ანგარიში არაა ფარატინა ფურცელი, მაკულატურა, - თორმეტტომიანი საქმეა.
_ რა მოლოდინი აქვს მამა გიორგის, როგორ განწყობაზეა?
_ ყველას ერთი ფიქრი გვაქვს, რომ თუ სამართლიანი ქვეყანა ვართ, მოსამართლე მონა არ გახდება და არ იქნება ვიღაცაზე დამოკიდებული. საწყისი სამართლიანობას არა აქვს, სამართლიანობა ჭეშმარიტებაა, რომელიც ყოველთვის არსებობს. აქედან გამომდინარე ველით, რომ მოსამართლე მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას.
თუ ასე არ მოხდა, უკან დამხევები არ ვართ! თუ მაგათ ჰგონიათ, რომ გაგვაჩერებენ, შემცდარან! პირადად ჩემს მიმართ ძალიან ბევრი მცდელობა ჰქონდათ და ამაზე სასამართლოზეც იყო ლაპარაკი, მაგრამ ვერ გამაჩერებენ და ვერც მამა გიორგის გააჩერებენ!
ხომ გახსოვთ `მულტიკი~ _ `დავაიწე, რებიატა ჯიტ დრუჟნა~? არ შეიძლება მეგობრულად ვიცხოვროთ? ნუ შეგვჭამეთ, რა?! ჩვენც ხომ ადამიანები ვართ და მამა გიორგი მართლა ღვთისნიერი და წესიერი ადამიანია! საზოგადოება კიდევ ბევრ რაღაცას გაიგებს, თუ უსამართლოდ მოიქცნენ.!
_ როცა ერთ მხარეს დგას სახელმწიფოს პრესტიჟის საკითხი, მეორე მხარეს კი, როგორც თქვენ ამბობთ, _ ერთი ამბიციური ადამიანის ინტერესები, რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენელი სწორი გზის არჩევას?
_ სახელმწიფო არაა ერთი ადამიანი! სახელმწიფო ვართ ჩვენ! ხალხია წყარო ყველაფრის. თუ მაგათ ხალხი არაფრად მიაჩნიათ და უნდათ, რომ მთელი ევროპის და მსოფლიო მასშტაბით სახელი გაგვიტეხონ, ეს მათთვის ძალიან ცუდი შედეგის მომტანი იქნება!
არავის უნდა ათქმევინონ, რაც ხალხია, ის მისი არჩეული ხელისუფლებაო. ხალხი ბრმა, ყრუ და მუნჯი არაა! ყველამ კარგად ვიცით, რა ხდება. ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფო იდგება თავის დონეზე და ჩვენს არჩევანს პატივს სცემს.
ჩვენ ვენდეთ, მივეცით მართვის უფლება და ახლა, კეთილი ინებონ და დაგვანახონ, რომ ქვეყანას ღირსეულად მართავენ!
ესაუბრა ნათია ვერძეული
მასალის გამოყენების პირობები






