გიგა ბათიაშვილი: თბილისის გენგეგმის მთავარი ხარვეზი ქვეყნის გეოპოლიტიკური ფუნქციის გაუაზრებლობაა და ამიტომაც არ ვარგა!
საზოგადოება - 15:44, 08 Sep, 2017     3530
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა კვლავ ჰაერშია გამოკიდებული, თუმცა ეს მდგომარეობა მთლად ურიგოც არ არის, რადგან დარგის სპეციალისტები ლამის ერთხმად ამბობენ, რომ გეგმა ვერ პასუხობს თბილისის გამოწვევებს და არ არის ორიენტირებული ქვეყნის დედაქალაქის განვითარებაზე. უცნაურია ისიც, რომ მასზე, უპირატესად, უცხოელმა სპეციალისტებმა იმუშავეს (მეტიც, ეს ტენდერის აუცილებელი პირობა იყო). არქიტექტორი და თბილისის საპატიო მოქალაქე გიორგი ბათიაშვილი განგვიმარტავს, თუ ხარვეზები აქვს მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმად წოდებულ დოკუმენტს და რატომ ვერ იქნება შესაძლებელი მისი მეშვეობით თბილისის, როგორც ცენტრის, განვითარება.

–ნებისმიერი გეგმა, წესით, უნდა ემსახურებოდეს პროგრესს. თბილისის მიწათსარგებლობის გეგმა გენერალური გეგმა, რომლის შემუშავებაც ორი მილიონ 800 ათასი ლარი დაჯდა, მოუგვარებს თბილისსა და თბილისელებს არსებულ პრობლემებს?

-ხელოვნური თუ ბუნებრივი გარემო ადამიანის ფსიქიკის მაფორმირებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. თბილისში რომ იბადება ბავშვი, მისი ფსიქიკის წყობა ბევრადაა დამოკიდებული იმ გარემოზე, რომელშიც ის ყალიბდება, ამიტომ თქვენს კითხვას დავუმატებ, რომ თბილისის განვითარების გეგმას არა მხოლოდ პრაგმატული, არამედ კულტუროლოგიური დატვირთვაც აქვს. თბილისი, როგორც ურბანული ქმნილება, არა მხოლოდ ჩვენ გვიყვარს, არამედ არათბილისელებსაც. რთულ პერიოდშიც კი თბილისს არ აკლდა სტუმარი, რომლებსაც აქ ყოფნა უხაროდათ. ამდენად, ძალზე სერიოზული დამოკიდებულება გვმართებს თბილისისადმი, ის არ არის რიგითი ქალაქი, ის არ არის ყველაზე კარგი ქალაქი მსოფლიოში, მაგრამ ის არის ისეთი, როგორიც არის და ამითაა გასაფრთხილებელი და საფიქრალი, როგორ ჩაინერგოს მასში ის ახალი, რაც ყოველ მიზეზგარეშე უნდა ჩაინერგოს, იმიტომ რომ არ შეიძლება, გაყინო კულტურა და გარემო, არ შეიძლება, ცოცხალი ორგანიზმი სამუზეუმო ექსპონატად აქციო, რც უნდა ძვირფასი იყოს. ის ინტეგრირებული უნდა იყოს, მაგრამ დასაფიქრებელია, რასთან და რატომ, რომ ჩასიძებული თუ შემოსული ბატონ-პატრონად არ გვექცეს. ამდენადაა ძალიან საფრთხილო თემაა და ამიტომ დავიწყებ იმით, რომ ეს თემა საერთოდ არ არის გააზრებული ამ დოკუმენტში.

–იქნებ კონკრეტული მაგალითები მოვიყვანოთ?

–მივალთ აქამდეც. ეს თემა იმსახურებს სიღრმისეულ განხილვას. ძალზე მწყდება გული, რომ უარყოფითად ვარ განწყობილი, თუმცა სპეციალისტების ჯგუფი, რომლებმაც ამ გეგმაზე იმუშავეს, საკმაოდ პატივსაცემი ადამიანები არიან ჩემთვის, მაგრამ მიწათსარგებლობის გეგმა არის ნონსენსი იმ ვითარებაში, როგორშიც ჩვენ ახლა ვართ. საბჭოთა პერიოდში საქართველოში დამუშავებული იყო სამი უმთავრესი დოკუმენტი, რომლებითაც ხელმძღვანელობდნენ მმართველები, მაგრამ ეს სამივე დოკუმენტი იქმნებოდა საბჭოთა საგეგმო კომიტეტის კარნახით. გენგეგმა, მიწათსარგებლობის გეგმა თუ განსახლების პროექტი იყო იმპერიის დოკუმენტები, რომლებიც არ იძლეოდა საშუალებას დამოუკიდებელი ფუნქციონირებისთვის. თუმცა მისი შემქმნელები, ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები, მაინც ახერხებდნენ ისეთი საკითხების წამოწევას, რომლებიც თვალშისაცემი არ იყო, მაგრამ საქართველოს სასარგებლოდ მუშაობდა. დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, დემოკრატიული წყობისა და საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა. სად მდებარეობს ჩვენი ქვეყანა?! უმნიშვნელოვანესი პოლიტიკურ-ეკონომიკური რეგიონის საკვანძო ზონაში. ეს ახალი ვითარება სრულიად ცვლის დამოკიდებულებას განსახლების, მიწათსარგებლობისა და გენგეგმის მიმართ. სამჯერ მოვისმინე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პრეზენტაცია და არ შემცვლია დამოკიდებულება, იმიტომ რომ მასში არ არის გათვალისწინებული ეს ახალი ვითარება.

–აი, ამ გეოპოლიტიკური ფუნქციის გაუაზრებლობაა, თქვენი აზრით, ამ გეგმის მთავარი ხარვეზი?

–დიახ. მთავარი ხარვეზი, რის გამოც არ ვარგა ეს დოკუმენტი და არ შეიძლება, იყოს გამოყენებული. ყველაფერს აქვს თავისი ბაზისი, რომელზეც შემდეგ იქმნება ზედნაშენი. შესაბამისად, გენგეგმას წინ უნდა უძღოდეს განსახლებისა და ურბანული განვითარების გეგმები.

–თბილისი კავკასიის ცენტრიცაა, იმას გარდა, რომ საქართველოს დედაქალაქია.

–დიახ, საქართველოზე გადის რეგიონისა და აზია-ევროპის დამაკავშირებელი არტერიები. ესე იგი, ჩვენ ვჭირდებით დანარჩენ სამყაროსაც და ჩვენ საშუალება გვეძლევა, აქედან მივიღოთ დივიდენდები. საქართველო არის რეგიონის საკვანძო ქვეყანა, რომელზეც უნდა გაიაროს არა მხოლოდ რეგიონულმა ტრანზიტმა, არამედ აზია-ევროპის ორმხრივმა ტრანზიტმაც. მაშასადამე, საქართველოში დაილექება ფინანსები, ინტელექტი... გარდა ამისა, ეს ზრდის იმის აუცილებლობას, რომ შენს ქვეყანაში გაჩნდეს დიდი, საქმიანი ორგანიზმები, რასაც დღეს „სითის“ უწოდებენ, რომლებიც არა მხოლოდ შენთვის იმუშავებენ, არამედ დაინტერესებული ქვეყნებისთვისაც და მათი ინტერესი უნდა შეაჯერო შენსასთან. ეს ახალი საქმიანი უბანი – „სითი“ სად განთავსდება, სად იქნება უკეთესი ქალაქისა და ქვეყნისთვის?! იმის თქმა მინდა, რომ გენგეგმაზე ლაპარაკი ქვეყნის განსახლების გეგმის გარეშე, გამორიცხულია. განსახლების გეგმის ერთ-ერთი ამოცანაა ქვეყნის პოტენციალის შესწავლა და იმის განსაზღვრა, თუ რომელი რესურსის ამუშავებაა საჭირო უახლოესი 10 თუ 20 წლის განმავლობაში. თითქმის ბოლო ასი წელიწადია, თბილისი განვითარდა, როგორც თავკომბალა და ამ რეალობაში შენ ეჭიდავები გენგეგმას.

–იმას ამბობთ, რომ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის ლამის მესამედი თავმოყრილია დედაქალაქში, თავდაპირველად უნდა უზრუნველყო მოსახლეობის განფენა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, რომ თბილისმა შეძლოს თავისი რეგიონული ფუნქციის სათანადოდ შესრულება?

–ქვეყნის ადამიანური რესურსი გადანაწილება არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა. ამის გარეშე როგორ უნდა დააპროექტო დედაქალაქის გენერალური გეგმა?! აი, ამ ორგანიზმის რეცეპტი უნდა წარმოადგინო, კვლევასა და პროექტირებაზე დაფუძნებული. არქიექტურა იმდენადაა შემოქმედებითი საქმიანობა, რამდენადაც სამეცნიერო. არქიტექტურის ანალიტიკური ნაწილი მაინც მეცნიერული კვლევის პროდუქტია. ამ გეგმას დაარქვეს მიწათსარგებლობის გეგმა, რაც ანედოტია, ვინაიდან მიწათსარგებლობის გეგმა იქმნება გენგეგმის საფუძველზე და არა წინსწრებად.

–აქ ერთადაა სახელწოდებაში: მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.

–ეს არის მიწათსარგებლობის პროექტი და შემდეგ დაარქვეს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, როდესაც პრეტენზია გამოვთქვით. არადა ასეთი რამ წარმოუდგენელია: მიწათსარგებლობისა და გენერალური გეგმა სხვადასხვა გეგმაა. აი, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ ეს მიწათსარგებლობის გენგეგმა არ ივარგებს. იმიტომ რომ არ არსებობს ქვეყნის განსახლების პროექტი, რომელმაც უნდა გადაანაწილოს ადამიანური რესურსი შრომითი დასაქმების ორგანიზმთან ერთად.

–ადამიანებს, როგორც საბჭოთა დროს, ვერ მოკიდებ ხელს და ვერ გადაასახლებ, სადაც შენ გჭირდება. იმას გულისხმობთ, რომ წარმოების განვითარება ავტომატურად შექმნის საწარმოს გარშემო დასახლებებს?

–დიახ, როდესაც ჩნდება დასახლება, მას თავისი ინფრასტრუქტურაც გაუჩნდება. მეორე მხრივ, დიდი სირცხვილია არქიტექტორის პროდუქციის პრეზენტაცია. პრეზენტაცია შეიძლება, მოეწყოს წიგნის, ნახატის. არქიტექტორის ნამუშევარის პრეზენტაცია კი ხდება მას შემდეგ, როდესაც მას შეაფასებენ სპეციალისტები და ის მიიღებს დასრულებულ სახეს. სულ ცოტა, ერთ თვეს მაინც უნდა იყოს გამოფენილი და ქალაქის გენგეგმას ერთი თვეც არ ეყოფა. რაც მთავარია, როდესაც კონკურსი გამოაცხადეს, პირობაში ეწერა უცხოელი სპეციალისტების თანამონაწილეობა. შემდეგ კი, როდესაც დადგა კონკურსში მონაწილეთა დაშვების ეტაპი, თუ ვინ გააგრძელებდა მუშაობას, შეიქმნა საკონკურსო-შემფასებელი კომისია, რომელიც მხოლოდ უცხოელებისგან შედგებოდა.

–უცხოელი სპეციალისტების აპრიორი უპირატესობა ადგილობრივებთან შედარებით იწვევს ხოლმე გაღიზიანებას, თუმცა თბილისში დგას უცხოელი არქიტექტორების მიერ შექმნილი შენობები.

–ჩვენ ახლა ძალიან საინტერესო უბანში ვართ, მთაწმინდა-სოლოლაკი, წესით, სალალაკი… სალალაკი და მთაწმინდის დიდი ნაწილი შეიქმნა მაშინ, როდესაც კაპიტალიზმის ყლორტები გაჩნდა საქართველოში, რაც ბაქოს ნავთობის ბუმის გამოძახილი იყო. თბილისში გაჩნდა ევროპული სულისკვეთება: ბევრმა მამაკაცმა ჩაიცვა ფრაკი, ქალებმა მოიხადეს ჩიხტიკოპები და დაიხურეს შლაპები. აღარ გავიხსენებ ევროპულზე საუკუნე-ნახევრით ადრე დაწყებულ ქართულ რენესანსს. მაგრამ ეს იმას მოწმობს, რომ ის ევროპული ძირი, რის ნაწილიც ვართ ჩვენ, არ კვდება და მეცხრამეტე საუკუნეში ჩვენ უკვე ვიყავით მზად, გვეჩვენებინა საკუთარი თავი ევროპული კულტურის გენების მქონედ. აი, ამის საფუძველზე სათანადოდ გააზრებულად უნდა აშენდეს ახალი თბილისიც. თბილისში მე-20 საუკუნის დასაწყისში ევროპული კულტურის გენების მქონე უბნები შექმნილია ევროპელი არქიტექტორების მიერ. გადავხედოთ, ვინ იყვნენ ეს ევროპელი არქიტექტორები?! გაგახსენებთ, ქართველმა კაცმა ჩაიცვა ფრაკი, მაგრამ ხელში მაინც ყანწი ეჭირა. ასევეა არქიტექტურაც, თბილისში უცხოელ არქიტექტორს ფრაკი აცვია, მაგრამ ხელში ყანწი უჭირავს. შედით ძველი თბილისის ნებისმიერ სადარბაზოში: ეს არის ევროპული პეწის ქართული ორგანიზმები; თბილისური შენობების ყველა ავტორი წლების განმავლობაში მსახურობდა თბილისში, ზოგნი დაოჯახდნენ თბილისში, იყვნენ ქართული სუფრის წევრები, ამიტომ მათ მიერ შექმნილ არქიტექტურაში არის ევროპული ფორმა და ქართული სული. ორად-ორი შემთხვევაა, რომელიც ამ სურათს არღვევს: ოპერისა და ბალეტის თეატრის და თავისუფლების მოედანზე მერიის ძველი შენობის ფასადები და ამასაც აქვს თავისი მიზეზები, მაგრამ სხვა დროს ვისაუბროთ. ეს ორივე შენობა არის იმ ადამიანების შემომქედება, რომლებსაც თბილისში არ უცხოვრიათ და ქართული სული არ უგრძვნიათ.

და რა ხდება მოწათსარგებლობის გენგეგმის შემთხვევაში?! ის შეაფასებინეს ისეთ ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ მაშინ გაუმასპინძლდნენ ხაჭაპურით, როდესაც აქ ჩამოიყვანეს. იმ უცხოელმა სპეციალისტებმა არ იციან, რა არის თბილისი, როგორია ის, მერიამ კი ისინი თბილისის გაჯანსაღების პროცესში ჩართო. მაგალითად, ტრამვაი ხომ შესანიშნავი საშუალებაა გადაადგილებისთვის, პროგრესული, მაგრამ აი, აქ, ლადო ასათიანის ქუჩაზე , ამ ვიწრო დერეფანში მოწვეულმა პროფესიონალებმა დააპროექტეს ტრამვაის ხაზი. აი გაჯანსაღების მაგალითი.

–სად უნდა გაიაროს იქ ტრამვაიმ?

–დააპროექტეს, მაგრამ ხმაური რომ ავტეხეთ, უარი თქვეს ამ პროექტზე, თუმცა ფული გადაიხადეს.

–რაკი ტრანსპორტი ახსენეთ. ამ მიწათსარგებლობის გენგეგმაში გადმოტანილია ძველი გზები, შესაძლებელი არის ქალაქის განვითარება ძველი გზებით?

–ჩამოიყვანეს გერმანელი სპეციალისტები: გერმანელები კი ძალზე საპატივსაცემო ერია უამრავი თვისების გამო. მე ეჭვს ვერ შევიტან მათ პროფესიონალიზმში, მაგრამ მათ არაფერი იციან თბილისზე, ამდენად, როგორც გერმანელებს შეშვენით, მათ უზუსტესად გაზომეს ყველა ქუჩა – სიგრძე-სიგანეში, შეკრიბეს მონაცემები და შეადარეს ქალაქის ფართს და დაასკვნეს, რომ თბილისს არ სჭირდება დამატებითი ქუჩები. არადა თბილისის ორი მესამედი საურმე გზებითაა აკინძული და ამ დროს ისინი გვეუბნებიან, გზები არ გჭირდებათო?! მაშინ, როდესაც თბილისში არც ერთი ქუჩა განივი მიმართულებით არ არის გამჭოლი და ათიდან მხოლოდ რვა ხიდი მუშაობს ქალაქზე.

–რომლებიც სანაპიროებს აკავშირებს.

–ჩვენ გვაქვს გრძივი მიმართულების ოთხი გზა და არც ერთი განივი გზა არ არის გამჭოლი. ისევე, როგორც ადამიანის სხეულია აკინძული ხერხემალზე, ასევეა ასაკინძი თანამედროვე ქალაქი სატრანსპორტო სტრუქტურაზე, რაც ამ გეგმაში სრულადაა უგულებელყოფილი, იმიტომ რომ ეს არის მიწათსარგებლობის და არა – გენერალური გეგმა!

–რა შეიცვალა მხოლოდ სახელწოდების დარქმევით? რაღაც მიზანი ხომ აქვთ, მე ვერ ვიჯერებ, რომ ამ ქალაქის მტრები არიან, თუმცა ისიც ფაქტია, რომ, როდესაც ამდენი პროფესიონალია უკმაყოფილო, გეგმა არ ვარგა.

–ეს არის არასწორი მიდგომის შედეგი: რადგან განმკარგავ პერსონას გააჩნია სათანამდებობო სკამი, ესე იგი ყველაფრის მცოდნეა, კომპეტენტურია. არადა კიდევ არიან ცოცხლები ადამიანები, რომლებმაც იციან ეს საკითხები. და სწორედ მათ უნდა შეაფასონ, რა უნდა გაკეთდეს და როგორ. შეიძლება, ქირურგს უკარნახო, ოპერაცია როგორ ჩაატაროს?! თუ, ვინმეს ჰგონია, რომ ქალაქი არ არის ცოცხალი ორგანიზმი?! ეს დოკუმენტი არ შეიძლება, იყოს რეკომენდებული ქალაქისა და ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის, როგორც სახელმძღვანელო დოკუმენტი, იმიტომ რომ ის არ არის გენერალური გეგმა, ის არის მხოლოდ მიწათსარგებლობის გეგმა. სხვათა შორის, ასევე, უცხოელი სპეციალისტების დაგეგმილია ესტაკადებიც გმირთა მოედანზე. ესტაკადა, თავისთავად, არის სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის განმუხტვის საშუალება და მას ამის გამო იყენებენ თანამედრვოე მსოფლიოში. მაგრამ ჩვენთან ამ ესტაკადებმა მოსპეს სანაპიროების ცალმხრივ მაგისტრალებად გადაკეთების შანსი, რაც ქალაქის ამ ზონაში, დიდუბის ხიდიდან ორთაჭაჰესამდე მოძრაობის განსამუხტავად ერთადერთი საშუალებაა. მართალია, დაგეგმეს უცხოელებმა, მაგრამ განახორციელეს ადგილობრივმა სპეციალისტებმა და მათ, სამწუხაროდ, არ ეყოთ პრინციპულობა, ეთქვათ: მართალია, მიხდით ფულს, მაგრამ ამის გაკეთება არ შეიძლება! ესტაკადამ უნდა განტვირთოს მოძრაობა. ჩვენთან კი მოხდა პირიქით: გაჭედა მოძრაობა, როგორც ორთაჭალისკენ მიმავალი, ისე დიდუბიდან წამოსული. ახლაც კი, როდესაც თბილისი ცარიელია, ესტაკადაზე მაინც საცობია. და მხოლოდ იმიტომ, რომ სწორად არ არის გათვლილი. უნდა აშენებულიყო ხიდი და არა ესტაკადა, რომელიც დიდუბის ხიდიდან ორთაჭალამდე ცალმხრივი მოძრაობის ოგანიზების საშუალებას მოგვცემდა.

არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც არ არის ასახული გეგმაში, მაგრამ ბატონი კახი კალაძის წინადადებაა და მე მას მხარს ვუჭერ: ეგრეთ წოდებული „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების, მაგრამ უნდა მოხდეს არა ჩანაცვლება, არამედ მთელი ზონის გადაგეგმარება, რადგანაც „ხრუშჩოვკებით“ ფორმირებულია ორმოცი კილომეტრის სიგრძის ქალაქის პერიფერიული რაიონები, რომლებიც სოციალირადაც და ფიზიკურადაც დრომოჭმულნი არიან. ეს რაიონები პრაქტიკულად წარმოადგენენ ე.წ. საძილე რაიონებს. ამ საძილე რაიონებში მხოლოდ არის ის, რაც ადამიანს გამოღვიძების შემდეგ და დაძინებამდე სჭირდება: სკოლა, საბავშვო ბაღი, პირველადი ჯანდაცვის ობიექტი, მარკეტი და სხვა, მაგრამ ადამიანს სხვა ინტერესებიც აქვს. მან შექმნა არა სასურველი ქანქარისებურად მოსახლეობის გადაადგილების აუცილებლობა, რაც, ერთი მხრივ, მოქალაქის ფულის გაუმართლებელ ხარჯს იწვევს და ამავე დროს გაუმართლებლად ახდენს სატრანსპორტო საშუალებების და გზების გადატვირთვას. იმის თქმა მინდა, რომ ეს დიდებული წამოწყებაა, ოღონდ საჭიროა ტერიტორიის ფუნქციური გადაგეგმარება და ამ დაგეგმვით შენობების ჩანაცვლება და ფუნქციურად გამდიდრება კვარტალებისა, რაიონებისა. რა თქმა უნდა, ეს უცილებლად უნდა აისახოს გენგეგმაში.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე მინდა, გავამახვილო ყურადღება, რომლის ბაიბურშიც არ არიან ამ გეგმის შემდგენლები: თბილისს აქვს სახელმწიფო დაცვითი ზონა, რომელიც შეიქმნა 1975 წელს. შემდეგ ეს ზონა გაფართოვდა და „დინამოს“ სტადინამდე მივიდა. ეს საკმაოდ დიდი ტერიტორიაა და მოიცავს ტერიტორიას პეტრე ბაგრატიონის ძეგლიდან, ხარფუხს, აბანოთუბანს, ლესელიძის ქუჩას, თავისფლების მოედანს, კალას უბანს, სოლოლაკს, მთაწმინდას, რუსთაველის პროსპექტს მელიქიშვილის ქუჩამდე, მარცხენა სანაპიროდან კი საარბრიუკენის მოედნიდან „დინამოს“ სტადიონამდე. ამ ტერიტორიაზე არის ოთხი პრინციპულად განსხვავებული ზონა და მის მიმართ ერთი საზომით მიდგომა სიკეთეს არ მოიტანს. ახლა თავს შევიკავებ დეტალებისგან.

–ვთქვათ, მაინც მიიღო ეს გეგმა საკრებულომ, რომელსაც, როგორც თქვენ ამბობთ, ჰქვია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რაც ნონსენსია და, რეალურად, არის მხოლოდ მიწათსარგებლობის გეგმა?

–ეს იქნება უვარგისი გეგმა და არასწორად წარიმართება დედაქალაქის განვითარება.

მიხეილ ბოლქვაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42