ფესტივალის ფარგლებში კონცერტები ასევე გაგრძელდება 1 სექტემბერს, ურეკში. ამავდროულად, მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია რეპეტიციები Black Sea Arena-ს სცენაზე, სადაც ყველა მონაწილე საკუთარ ნომერს შეასრულებს ხმის და კონცერტის რეჟისორთან ერთად. ფესტივალი 2 სექტემბერს, გრანდიოზული გალა კონცერტით Black Sea Arena-ზე დასრულდება.
წელს ფესტივალი სამ დღის განმავლობაში გაგრძელდება და 7 ქვეყანას უმასპინძლებს. მაყურებლის წინაშე ესპანეთის, იტალიის, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის, თურქეთისა და საქართველოს ფოლკლორული ანსამბლები წარსდგებიან და თავიანთი ქვეყნის უნიკალურ ხალხურ ტრადიციებს, სიმღერითა და ცეკვით წარმოადგენენ. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აღნიშნავენ, წელს ფესტივალს დიპლომატიური კორპუსი ოფიციალურ მხარდაჭერას უცხადებს და მის წარმატებულად ჩატარებაში დიდი წვლილი შეაქვს იტალიის, თურქეთი, პოლონეთისა და უკრაინის საელჩოებს. მათივე ძალისხმევითა და მხარდაჭერით გაიზრდება მონაწილე ფოლკლორული ანსამბლების რაოდენობაც.ცეცხლოვან შოუს ესპანელები გვპირდებიან, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი “La Moneta & Flamenco” სპეციალური სტუმრის სტატუსით ფესტივალის გალა კონცერტზე, 2 სექტემბერს წარსდგება მაყურებლის წინაშე. მათ შეუერთდებიან საუკეთესო ფოლკლორული გუნდები პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან. ყველაფერ ამას კი, რა თქმა უნდა, ქართველი შემსრულებლები მრავალხმიანობითა და ცეცხლოვანი ცეკვებით შეაზავებენ. ფესტივალი, რომლის ავტორი და ორგანიზატორი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია, Black Sea Arena-ს, ,,Check in Georgia"-სა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება.
ხვალ, 1 სექტემბერს Black Sea Arena-ზე ფესტივალის ორგანიზატორები პრესკონფერენციას გამართავენ. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, „ბლექ სი არენა ჯორჯიას” დირექტორი ანა კვლელიშვილი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი მერაბ ჭანუკვაძე და ესპანელი ფოლკლორისტი პოლო ვალეხო შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის მნიშვნელობაზე, მონაწილე ქვეყნებსა და ფოლკლორულ ჯგუფებზე, გალა კონცერტის დეტალებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრებენ.
მასალის გამოყენების პირობები