ოსკარების 90-ე ცერემონიისთვის საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში წარსადგენად საქართველოდან ანა ურუშაძის ფილმი „საშიში დედა“ გაიგზავნება.
გადაწყვეტილება ამის შესახებ დღეს რეჟისორების, მსახიობების, პროდიუსერებისა და კინო კრიტიკოსებისგან დაკომპლექტებულმა ცხრაკაციანმა ჟიურიმ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ „საშიშ დედას“, ისეთი კონკურენტები ჰყავდა, როგორებიცაა: „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ (ნანა ექვთიმიშვილი & სიმონ გროსი), „მძევლები“ (რეზო გიგინეიშვილი) და „ლუკა“ (გიორგი ბარაბაძე).
„საშიში დედა“, რომელშიც მთავარ როლს ნატა მურვანიძე ასრულებს, 50 წლის ქალის ცხოვრებას ასახავს და აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე მოგვითხრობს.
იქნება თუ არა ქართული ფილმი წარდგენილი საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში, ეს 2018 წლის იანვარში ე.წ. იანვრის შორტლისტის გამოქვეყნების დროს გახდება ცნობილი, რის შემდეგაც უშუალოდ საოსკარე ნომინანტ ხუთეულს დაასახელებენ.
მასალის გამოყენების პირობები