ერთი კვირის განმავლობაში ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატზე 126 ქვეყნის 731 ძიუდოისტი იასპარეზებს.
მსოფლიოს პირველობაზე მონაწილეობას ცამეტი ქართველი ძიუდოისტი მიიღებს, მათ შორის სამი ქალი ძიუდოისტი იქნება.
27 აგვისტოს უნგრეთის დედაქალაქში კენჭისყრა გაიმართა, სადაც ქართველი ძიუდოისტების ბადეები და პირველი მეტოქეები გაირკვა.
-60კგ წონით კატეგორიაში რეიტინგის ლიდერი, ამირან პაპინაშვილი პირველ განთესვაში მოხვდა. პაპინაშვილი პირველ წრეში დაისვენებს, მეორე წრეში კი მისი მეტოქე ავსტრალიელ ჯოშუა კაცსა და მონაკოელ იან სიკარდის შორის გამარჯვებული იქნება. ქართველი ძიუდოისტებიდან პირველი სწორედ ამირან პაპინაშვილი იქნება, ვინც მსოფლიო ჩემპიონატში 28 აგვისტოდან ჩაერთვება.
-66კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი პაპინაშვილის მსგავსად ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე იორდანიელი ბილალ ეიეალსალმანი იქნება.
-73კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი მეორე წრიდან ბრაზილიელ მარსელო კონტინის შეხვდება.
-81კგ წონით კატეგორიაში ზებედა რეხვიაშვილი ასევე მეორე წრიდან დაიწყებს და ურუგვაელ ალაინ აპრეჰამიანს დაუპირისპირდება.
-90კგ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ორი ძიუდოისტი, ბექა ღვინიაშვილი და უშანგი მარგიანი იასპარეზებენ. ღვინიაშვილის პირველი მეტოქე მეორე წრეში ყირგიზ აზმათ ბეკტურსუნოვსა და ფილიპინელ კოჰეი კოჰაგურას შორის გამარჯვბეული იქნება. მარგიანი კი მეორე წრეში ბოსნია-ჰერცოგოვინის წარმომადგენელ ტონი მილეტიჩს შეხვდება. ქართველი ძიდუოისტების ბადე ისე გადანაწილდა, რომ ისინი ფინალამდე ერთმანეთს ვერ შეხვდებიან.
-100კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი პირველივე წრეში კოტ დ'ივუარელ კოფი კრემე კობენას დაეჭიდება.
+100კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს ასევე ორი წარმომადგენელი, ადამ ოქრუაშვილი და გურამ თუშიშვილი ეყოლება. ოქრუაშვილი მეორე წრეში ეგვიპტელ აჰმედ ვაჰიდსა და ესტონელ იუჰან მეტისს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო თუშიშვილი ასევე მეორე წრეში ბელარუს ულაძისლა ციარპისკისა და კორეელ სუნგმინ კიმს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ქართველი ძიდუოისტები ერთმანეთს ფინალურ შეხვედრამდე არ დაუპირისპირდებიან. ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე მოსალოდნელი შეხვედრა, ტედი რინერისა და გურამ თუშიშვილს შორის შესაძლოა ნახევარფინალში შედგეს.
-57კგ წონით კატეგორიაში მარიამ ჯანაშვილის მეტოქე პირველ წრეში კანადელი კატერინ ბეშმინ-პინარი იქნება.
-70კგ წონით კატეგორიაში ნინო ოძელაშვილი პირველ წრეში ნიგერიელ ვინი გოფიტს დაუპირისპირდება.
+78კგ წონით კატეგორიაში კი ელენე ქებაძე პირველივე წრეში გერმანელ იასმინ კულბს დაეჭიდება.
გუნდურ შეჯიბრში კი საქართველოს ნაკრებს ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლაშა გიუნაშვილი დაეხმარებიან.
მსოფლიო ჩემპიონატის პროგრამა:
28 აგვისტო -60კგ, -48კგ
29 აგვისტო -66კგ, -52კგ
30 აგვისტო -73კგ, -57კგ
31 აგვისტო -81კგ, -63კგ
1 სექტემბერი -90კგ, -70კგ, -78კგ
2 სექტემბერი 100კგ, +100კგ, +78კგ
3 სექტემბერი - გუნდური შეჯიბრი.
წინასწარი შეხვედრების დასაწყისი 12:00, ფინალური ბლოკი 18:00.
გუნდური შეჯიბრის დასაწყისი 11:00, ფინალური ბლოკი 18:00.
წყარო www.mysports.ge
მასალის გამოყენების პირობები