დღეს, ლას ვეგასში ფლოიდ მეივეზერი-კონორ მაკგრეგორის ბრძოლა გაიმართება.
შეხვედრის საპრიზო ფონდი კი რეკორდული თანხა 535 მილიონი ევრო იქნება.
ბრძოლა, თბილისის დროით, 27 აგვისტოს 06:30 საათზე დაიწყება.
ბრძოლა 70 კგ-მდე წონით კატეგორიაში T-Mobile Arena-ზე ჩატარდება. ეს ის წონაა, რომელშიც მაკგრეგორმა ედი ალვარესს სძლია. დაპირისპირება 12-რაუნდიანი იქნება, თითო რაუნდი 3 წუთით, როგორც კლასიკურ კრივშია.
შეგახსენებთ, რომ ფლოიდ მეივეზერი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოკრივეა და ბრძოლის ფავორიტადაც მიიჩნევენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ მეივეზერმა კარიერა 2015 წელს ანდრე ბერტოსთან გამარჯვების შემდეგ დაასრულა და 2 წელია რიგნზე არ გასულა. შესაბამისად, ეს ბრძოლა მისი რინგზე დაბრუნებაა. კარიერის განმავლობაში მეივეზერის ანგარიშზე 49 გამარჯვება და არცერთი მარცხია.
რაც შეეხება ირლანდიელ სპორტსმენს, კონორ მაკგრეგორს, ის UFC-ის (შერეული ორთაბრძოლები) მებრძოლია. 2016 წელს მან ედი ალვარესი დაამარცხა და ისტორიაში პირველი მებრძოლი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა 2 წონაში - მსუბუქ და ნახევრადმსუბუქ კატეგორიაში მოიპოვა. მაკგრეგორს კარიერის განმავლობაში 24 შეხვედრა აქვს ჩატარებული, 21 კი მისი გამარჯვებით დასრულდა.
მასალის გამოყენების პირობები