ხვალ, ჩინეთში Kunlun Fight-ის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალი გაიმართება. 70 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქირია მაროკოელ მაროუნ თუთუს (Marouan Toutouh) დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ მაროკოელ კიკბოქსიორთან დავითს რევანშის შანსი ეძლევა. ერთი თვის წინ, დავით ქირია მაროკოელ სპორტსმენს დაუპირისპირდა , მსაჯების გადაწყვეტილებით დამატებითი რაუნდი დაინიშნა და მაროკოელის გამაჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მაროკოელი სპორტსმენი ფიზიკურ უპირატესობას ფლობს. კერძოდ, მისი სიმაღლე 190 სმ-ია და დავითზე 20 სმ-ით მაღალია.
ხვალ კი დავითი მაროკოელის დამარცხებისთვის ემზადება.
ქირიამ, 11 მარტს, იტალიის დედაქალაქ რომში Kunlun Fight-ის მსოფლიო ჩემპიონატი ოთხკაცა ტურნირის შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო.
დავით ქირიამ პირველ ბრძოლაში ENFUSION ვერსიით მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ესპანელი ჯონაი რისკო დიდი უპირატესობით დაამარცხა, ხოლო ტურნირის ფინალში კი რუმინელი კრისტიან მილეა პირველივე რაუნდში ნოკაუტით გამოთიშა ასპარეზობას და მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.
Kunlun Fight-ი წარმოადგენს კიკბოქსინგის ჩინურ უმსხვილეს ორგანიზაციას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები. KUNLUN FIGHT-ის 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს სხვადსხვა ქვეყნის 64 საუკეთესო კიკბოქსიორი, რომლებიც საწყის ეტაპზე ასპარეზობენ ოთხკაციან ტურნირებში. ტურნირის გამარჯვებული გადადის მერვედფინალში და აგრძელებს ტიტულისათვის ბრძოლას.
დავით ქირიას საერთაშორისო ასპარეზზე კარგად იცნობენ.
დავით ქირია Glory-ს მსოფლიო ჩემპიონი 2014 წელს გახდა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში ენდი რისტი ნოკაუტით დაამარცხა.
2009 წელს კი ევროპის ჩემპიონი გახდა კიოკუშინკაი კარატეში, არის შავი ქამრის მფლობელი.
აღსანიშნავია, რინგზე საბრძოლველად გასვლისას ქართველ სპორტსმენს ტრადიციულად, ჩოხა აცვია. როგორც „ნიუპოსტთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში დავითმა განაცხადა, ეს მისთვის ძალიან საამაყო და მთავარი მოტივატორია.
მასალის გამოყენების პირობები