„ისიამოვნეთ მსოფლიო ფოლკლორის უნიკალური ასპექტებით და გახდით ფესტივალის ნაწილი“
შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად შავიზღვისპირეთში ჩატარდება და წელს, გურიასთან ერთად აჭარაც უმასპინძლებს. ფესტივალი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 7 ქვეყნის ფოლკლორს გააერთიანებს. კონცერტები 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს, ბათუმსა და შეკვეთილში გაიმართება, ხოლო 2 სექტემბერს გრანდიოზული გალა კონცერტით „Black Sea Arena”-ზე დასრულდება.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ “24 ანსამბლი, 400-მდე მონაწილე და 9000-მდე მაყურებელი „ბლექ სი არენაზე,“ - ეს ის შედეგია იყო, „შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი“ ტრადიციული გამხდარიყო. ამასთან, იმედოვნებენ წლევანდელი კონცერტი კიდევ უფრო შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი იქნება: „მეტი მონაწილე ქვეყანა, მეტი ფოლკლორი, მეტი მრავალფეროვნება!“.
7 ქვეყანა და 400-ზე მეტი მონაწილე - წელს მაყურებლის წინაშე ესპანეთის, იტალიის, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის, თურქეთისა და საქართველოს ფოლკლორული ანსამბლები წარსდგებიან და თავიანთი ქვეყნის უნიკალურ ხალხურ ტრადიციებს, სიმღერითა და ცეკვით წარმოადგენენ. როგორც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი აღნიშნავს, წელს ფესტივალს დიპლომატიური კორპუსი ოფიციალურ მხარდაჭერას უცხადებს და მის წარმატებულად ჩატარებაში დიდი წვლილი შეაქვს იტალიის, თურქეთის, პოლონეთისა და უკრაინის საელჩოებს. მათივე ძალისხმევითა და მხარდაჭერით გაიზარდა მონაწილე ფოლკლორული ანსამბლების რაოდენობაც.
ფესტივალის მრავალფეროვნებასა და უნიკალურობაზე საუბრობს თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ:
„ბედნიერი ვარ, რომ შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალში უკვე მეორედ ვმონაწილეობთ. ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ,რომ თურქული ფოლკლორული ანსამბლი ძალიან მოეწონებათ და შეუყვარდებათ ქართველებს. დღეებს ვითვლი როდის დაიწყება ფესტივალი. მინდა მოვუსმინო და ვნახო სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ფოლკლორული ჯგუფები. თურქებს და ქართველებს ბევრი რამ გვაქვს საერთო, ჩვენ მეზობლები ვართ, ვუზიარებთ ერთმანეთს ტრადიციებსა და კულტურას, უპირველესად გვაერთიანებს სიყვარული ფოლკლორული ცეკვების მიმართ. თურქეთი დიდი ქვეყანაა და ამიტომაც ჩვენ ფესტივალის ფარგლებში საქართველოში წარმოვადგენთ ქვეყნის სხვადასხვა მხარის ფოლკლორსა და კულტურას. ღონისძიებაზე ჩვენი სიძლიერე და სიმდიდრე იქნება წარმოდგენილი. ფესტივალი საკმაოდ დიდი წამოწყებაა არამხოლოდ შავი ზღვის აუზის ქვეყნებისთვის, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. დარწმუნებული ვარ,რომ ეს იქნება შესანიშნავი ღონისძიება მონაწილეებისათვის. ისიამოვნეთ მსოფლიო ფოლკლორისა და კულტურის უნიკალური ასპექტებით და გახდით მისი ნაწილი. რა შემიძლია ვუთხრა ქართველებსა და ქვეყნის სტუმრებს: ერთად წავიდეთ შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე!“.
შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდება. ღონისძიება Black Sea Arena-ს, კულტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, Check in Georgia- ფარგლებში გაიმართება. გალა კონცერტზე ცეცხლოვან შოუს ესპანელები გვპირდებიან, რომლებიც სპეციალური სტუმრის სტატუსით ფესტივალის გალა კონცერტზე, 2 სექტემბერს წარსდგებიან მაყურებლის წინაშე. მათ ფესტივალის განმავლობაში შეუერთდებიან საუკეთესო ფოლკლორული გუნდები პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან. ყველაფერ ამას კი, რა თქმა უნდა, ქართველი შემსრულებლები მრავალხმიანობითა და ცეცხლოვანი ცეკვებით შეაზავებენ.
მასალის გამოყენების პირობები