კომპანიას, რომელიც, ამ რამდენიმე წლის წინ პირობას დებდა, რომ 10 ათასამდე ადგილობრივს დაასაქმებდა, 300 მდე მუშა, ანაზღაურების გადაუხდელობის გამო, სასამართლოთი ემუქრება.
როგორც მუშები აცხადებენ, ისინი კომპანია "ვარნიკის" ოფისის წინ, მიმდინარე კვირის პარასკევს შეიკრიბებიან და თუ კომპანია კვლავ უარს ეტყვის მათ დავალიანების გასტუმრებაზე, ისინი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მიმართავენ.
მუშების ინფორმაციით, "ვარნიკს", 200 ზე მეტ ადამიანთან, საშუალოდ 500 ლარის დავალიანება გააჩნია:
"მართალია ჩვენ ხელშეკრულება არ გვქონდა გაფორმებული, მაგრამ ეს ის ხალხი ვართ, რომლებსაც ეს კომპანია ყოველდღიურად გვამუშავებს"-გვეუბნებიან მუშები.
მათივე ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელობა მათთან კონტაქტზე არ გამოდის, ერთერთი ხელმზღვანელი, ფარცვანია კი გაქცეულია.
"შესყიდული გვაქვს 63 ჰექტარი ფართობი, რომელზეც ლურჯი მოცვი გავაშენეთ, გარდა ამისა შეძენილი გვაქვს 300 ჰექტარი მიწის ფართობი, სადაც ვაპირებთ კივისა და ჩაის გაშენებას. შევისყიდეთ სოფელში არსებული ძველი ჩაის ფაბრიკა, სადაც მოცვის გადამუშავება მოხდება. ჯერ-ჯერობით 120 ადგილობრივი გვყავს დასაქმებული, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საინტერესო გეგმები, გვაქვს დასახული, რომლის განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივი მოსახლეობისათვის". ასე იწონებდა თავს 2013 წელს, კომპანიის აგროპროექტის დირექტორი მამუკა ფაღავა.
მასალის გამოყენების პირობები






