ყველაფერი სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობებით დაიწყო, სადაც მრევლის თქმით, სიწმინდის კვლავ ხობის ტაძარში გადატანის შესახებ იყო საუბარი. ზუგდიდელების ნაწილი აცხადებს, რომ „სიწმინდის გადატანის შემთხვევაში ამას კარგი არ მოყვება“.
მრევლი პასუხების მისაღებად ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის რეზიდენციასთან გუშინ 2 ჯერ შეიკრიბა, ადგილსა საჯარო პირებიც მალევე გამოჩდნენ.
რეზიდენციასთან შეკრებილები სენსიტიური თემის განსახილველად საპატრიარქოს წარმომადგენელთან, მეუფე ვახტანგს რეზიდენციის ეზოში მდგარ ღია ფაცხაში შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს დიალოგის სრულად ჩაწერის საშუალება არ მიეცათ, რადგან მხარეების სურვილით შეხვედრა მედიისთვის დაიხურა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მეუფემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სინოდის სხდომაზე წერილი იყო შესული ფოთის და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის თხოვნით, კვართი ერთი დღით მოსალოცად გადაბრძანებულიყო ხობის დედათა მონასტერში.
„სინოდის სხდომაზე შემოსული იყო ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, გრიგოლის წერილი, რომ ერთი დღით ხობის მონასტერში გადაბრძანებულიყო კვართი, აქედან გამომდინარე, სინოდმა დამავალა, შემესწავლა ეს საკითხი. გადაწყვეტილების მიღებისთვის არჩამოვსულვარ, მე უბრალოდ გავიგე მეუფის, მრევლის აზრი, ვაგროვებ ამ მასალებს, გავუკთებრეზიუმეს და მოვახსენებ მის უწმინდესობას. გადაწყვეტილება იქნება მარიამობამდემიღებული“, - განაცხადა მეუფე ვახტანგმა.
სასულიერო პირი დაზუსტებით ვერ ამბობს თუ როდის იქნება მიღებული გადაწყვეტილება კვართთან დაკავშირებით, რადგან მისი თქმით, ეს პატრიარქზე და სინოდზეა დამოკიდებული.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მიტროპოლიტმა გერასიმემ. მისი თქმით, "ღვთისმშობელს უკვე გადაწყვეტილი აქვს თუ სად იქნება მისი სიწმინდე".
„შარშანაც არ შეკრებილა წმინდა სინოდი, თუმცა საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, გაითვალისწინა მრევლის თხოვნა და სამოსელი ზუგდიდიდან არ გასულა“, - აღნიშნა მეუფე გერასიმემ.
შეხვედრას ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხიაც ესწრებოდა. მისი თქმით, ზუგდიდის მოსახლეობის პოზიცია ცალსახაა: "კვართი ზუგდიდიდან არც ერთი დღით არ უნდა გავიდეს და ამის თაობაზე მერია წმინდა სინოდს წერილითაც მიმართავს".
ცნობისთვის, ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიული სასახლის საცავშია დასვენებული.
შეგახსენებთ, რომ კვართის ერთი დღით ხობის ხარების დედათა მონასტერში გადატანას 2015 წელსაც ითხოვდნენ. მაშინ საკითხმა ორ ეპარქიას შორის დაპირისპირებაც კი გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები






