როგორც "ნიუპოსტს" მამალაძემ განუცხადა, შოთაძის უწყება, სრულფასოვან გამოძიებას არ აწარმოებს, რითაც პირადად ის ზიანდება.
პროკურატურის ოქროს მოწმე აცხადებს, რომ ფირცხალავა "მძიმე დანაშაულში გასამართლებული პირია, რომელსაც საგამოძიებო ორგანოსთან თავისი ანგარიში აქვს".
ირაკლი მამალაძე ყოფილ პოლიციელს მოუწოდებს დაასახელოს ის ტელეკომპანია, საიდანაც ფირცხალავას თქმით, მამალაძე იმ მიზეზით გაათავისუფლეს, რომ ის ფარულად იწერდა საკუთარ თანამშრომლებს.
"სრული ბოდვაა, რუსთავი 2 -ში ვიწერდი თანამშრომლებს?! დაასახელოს კონკრეტული ტელევიზია, თუ მეცხრე არხზე? დაასახელოს კონკრეტული ტელეკომპანია. რაც შეეხება ბრალდებას აგენტობასთან დაკავშირებით, ეს ადამიანი არის მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული, არის გაბოროტებული, უნდა გამოძიებას ხელი შეუშალოს, მას პროკურატურის მიმართ საკუთარი ანგარიშების წყურვილი აქვს. ყოფილი პოლიციელი, რომ გაშიფრავს აგენტს, წარმოგიდგენიათ ეს რა სტანდარტია? პოლიციელიც არ ყოფილა, როგორც ვხვდები.
ამის გარდა ძალიან უკმაყოფილო ვარ პროკურატურის შემრიგებლური პოლიტიკით, რომელსაც ის ატარებს ფირცხალავას თუ სხვა მოწმეების მიმართ. აქიდან გამომდინარე მე ვზიანდები. მათ უნდა დაეკითხათ ის ჟურნალისტები, ვისაც ფირცხალავამ გაუგზავნა წერილი, როგორ მივიდა ეს წერილი, ვისი საშუალებით მიიტანეს წერილი ტელეკომპანიაში. გამოძიება სრულყოფილად არ არის ჩატარებული, რაც ძალიან ცუდია პროკურატურისთვის, ეს ადამიანი (ფირცხალავა) მოწმის დისკრედიტაციას ახდენს, მე რაც ვიცოდი, ის ვუთხარი. დანარჩენი მათზეა დამოკიდებული"- აღნიშნა ირაკლი მამალაძემ.
ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატის მია ზოიძის ინფორმაციით, სასამართლოზე დაკითხვისას ირაკლი ფირცხალავამ დაასახელა კონკრეტული სახელი და გვარები, ვის საქმეშიც ირაკლი მამალაძე მონაწილეობდა როგორც აგენტი.
ზოიძე ირაკლი ფირცხალავას ჩვენებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ირაკლი მამალაძე ერთ-ერთი ტელეკომპანიიდან სწორედ იმ მიზეზით გაათავისუფლეს, რომ ის ფარულად იწერდა საკუთარ თანამშრომლებს.
სასამართლოში დაკითხვამდე ირაკლი ფირცხალავამ ე.წ. მატროსოვის ციხიდან წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც დეკანოზის საქმის პროკურატურის მთავარ მოწმეს ირაკლი მამალაძეს უსაფრთხოების სამსახურის აგენტად მოიხსენიებს.
შეგახსენებთ, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ საგამოძიებო ორგანოს აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობას გეგმავდა.
მასალის გამოყენების პირობები






