დღეს ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადების დღეა.
ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი დაიბადა 1888 წლის 14 ივლისს კახეთში, სოფელ მატანში. მისი დედ-მამა იყვნენ დარია და იოსებ ჩოლოყაშვილები. დაწყებითი განათლება მიიღო თბილისის სათავადაზნაურო ქართულ გიმნაზიაში. იმ პერიოდში გიმნაზიის დირექტორად მუშაობდა ექვთიმე თაყაიშვილი. 1907 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილმა დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო ქართულ გიმნაზია.
ორი წლის შემდეგ, 1909 წელს, ოცდაერთი წლის ქაქუცა ჩოლოყაშვილი რუსეთის არმიაში გაიწვიეს. მსახურობდა ტვერის დრაგუნთა პოლკში, რომელიც ითვლებოდა რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი საუკეთესო საკავალერიო შენაერთად. ჯარში მსახურობისას მიიღო ოფიცრის ჩინი, მიენიჭა პორუჩიკის სამხედრო წოდება. 1912 წელს ქაქუცა დაბრუნდა სამშობლოში. 1913 წელს დაქორწინდა ნინო ილიას ასულ მეღვინეთუხუცესზე , მათ ორი ასული – თამარი (ციცნა) და ქეთევანი შეეძინათ.
1914 წლის აგვისტოში, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი ჯარში გაიწვიეს. თავდაპირველად იგი გაწვეულ იქნა ასეულის მეთაურად ავსტრიის ფრონტზე, ერთ-ერთ საკავალერიო შენაერთში. ავსტრიის ფრონტზე თავის გამოჩენისთვის იგი დაჯილდოვდა წმ. გიორგის ჯვრით.
ავსტრიის ფრონტზე, 1914 წლის ოქტომბერში ქაქუცა დაიჭრა და გადაყვანილ იქნა კავკასიის ფრონტზე, სადაც მეთაურობდა საკავალერიო ასეულს. ამ დროს დაიწყო ოსმალთა ჯარის იერიში სარიყამიშთან სამხედრო მინისტრის ენვერ-ფაშას სარდლობით. სარიყამიშის აღების შემდეგ თურქებს დაგეგმილი ჰქონდათ ბათუმის აღება. სარიყამიშთან ბრძოლები 1914 წლის დეკემბერში გაიმართა. ქაქუცა ჩოლოყაშვილის შენაერთი ირიცხებოდა გენერალ ვასილ გაბაშვილის კორპუსში. ჩოლოყაშვილის საკავალერიო ასეულს დაევალა სტრატეგიულად დიდი მნიშვნელობის მქონე სიმაღლის – “არწივის ბუდის” აღება და დაცვა.
ქაქუცა ჩოლოყაშვილმა ოსმალთა მრავალრიცხოვანი ჯარის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში ბრწყინვალე წარმატებას მიაღწია, ოსმალები უკუაგდო და დაიბრუნა სტრატეგიული მნიშვნელობის მთა “არწივის ბუდე”. მცირე ხნის შემდეგ თურქებმა ისევ განაახლეს იერიშები “არწივის ბუდის” დასაბრუნებლად. საბრძოლო ოპერაციისას ქაქუცა ფეხში დაიჭრა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისევ განაგრძობდა ბრძოლას. ქაქუცა ისევ დაიჭრა, ამჯერად მკერდში. მიუხედავად ამისა, მისმა ასეულმა შეძლო “არწივის ბუდის” შენარჩუნება. თურქები უკუიქცნენ. გამოჩენილი გმირობისათვის ქაქუცა ჩოლოყაშვილი დაჯილდოებულ იქნა მხედრული წარჩინების ერთ-ერთი უმაღლესი ნიშნით, – ოქროს სახელობითი ხმლით.
1915 წლის დამდეგს მძიმედ დაჭრილი ჩოლოყაშვილი მოათავსეს თბილისის წმ. ნინოს საავადმყოფოში. განკურნების შემდეგ ქაქუცა შედის გენერალ ნ. ბარათაშვილის მიერ ახლად დაარსებულ ქართულ ცხენოსანთა ლეგიონში ათასეულის მეთაურად. 1915 წელსვე ლეგიონი გაიგზავნა სპარსეთის ფრონტზე, სადაც ჩოლოყაშვილის ათასეულმა შეასრულა ბრწყინვალე რეიდი მესოპოტამიის უდაბნოში და 1916 წელს შეუერთდა ბრიტანეთის არმიას. ამ ოპერაციის წარმატებული ხელმძღვანელობისათვის ქაქუცა ჩოლოყაშვილი დაჯილდოვდა წმ. გიორგის მეორე ჯვრით. მცირე ხნის შემდეგ მას მიენიჭა პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი ქართულ ჯარში იწყებს სამსახურს და თავის გამოცდილებას ახმარს ქართული ჯარის მშენებლობას, აქტიურ მონაწილეობას ღებულობს იმ დროს წარმოებულ ბრძოლებში. აღსანიშნავია, რომ ქაქუცა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნოდა. 1921 წლის თებერვალში მე-11 წითელი არმია საქართველოში შემოიჭრა.
1921 წლის 24 თებერვალს საქართველოს მთავრობამ თბილისი დატოვა და ბათუმისკენ გაიქცა, ხოლო 17 მარტს ქვეყანა დატოვა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი არ გაჰყოლია დევნილ მთავრობას და საქართველოში დარჩა. ამ დროს ქაქუცა გენერალ დავით ჭავჭავაძესთან ერთად სამეგრელოში იმყოფებოდა, სადაც ჯერ კიდევ საქართველოს ოკუპაციამდე იქნა
მივლინებული რუსეთის ჯარის საწინააღმდეგო ცხენოსანი ნაწილის ჩამოსაყალიბებლად.
მენშევუკური მთავრობის მიერ საქართველოს დატოვების შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილი თბილისში ბრუნდება, სადაც ხვდება გენერალ კოტე აბხაზს, ილია ჭავჭავაძის დისშვილს, საქართველოს ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი) მეთაურს. ქაქუცა კოტე აბხაზთან მოლაპარაკებას აწარმოებდა მოსალოდნელი ბრძოლების თაობაზე.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი კახეთში გადადის და ქმნის ჯგუფს – “საქართველოს შეფიცულებს”. ჯგუფს ორგანიზაცია უნდა გაეკეთებინა პარტიზანული ბრძოლის დაწყებისთვის. კახეთის გარდა ჩოლოყაშვილი სანდო პირებს გზავნის საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და ქმნის ფარულ ორგანიზაციებს.
1922 წლის 12 მარტს ქაქუცა ჩოლოყაშვილი ,,საქართველოს შეფიცულების” რაზმით ქიზიყიდან ალვანის ტყეში გავიდა და პარტიზანულ ბრძოლას შეუდგა.
1922 წლის ივნისში სიღნაღთან მოხდა პირველი შეტაკება წითელი არმიის ნაწილებთან. ქაქუცა პარტიზანულად მოქმედებდა. 1922 წლის ივლისში ქაქუცას ხელმძღვანელობით ხევსურეთში დაიწყო გამოსვლები. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო აჯანყება. უამრავი ადამიანი იქნა დახვრეტილი.
1923 წელს, აღმოაჩინეს რა ,,სამხედრო ცენტრი”, აჯანყებულები სასტიკად დასაჯეს. დაიჭირეს ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის ოჯახი: მეუღლე ნინო მეღვინეთუხუცესი და ორივე ქალიშვილი, შვიდი წლის თამარი (ციცნა) და სამი წლის ქეთი. ქეთი იმავე დღეს გამოუშვეს, მეუღლე და პატარა ციცნა კი სამი დღე-ღამე მშიერ მწყურვალი იჯდნენ თელავის მილიციაში. სამი დღის შემდეგ შიმშილისაგან დასუსტებული დედა-შვილი გამოუშვეს, მაგრამ მალე ისევ დაიჭირეს. მათთან ერთად დააპატიმრეს ქაქუცას ნათესავები, ტყეში გახიზნულთა ახლობლები.
ამასობაში იგი ჩეჩნეთში გადავიდა, რათა ჩეჩნები შემოეერთებინა და ერთად ეომათ რუსების წინააღმდეგ, მაგრამ მიუხედავად ზოგიერთი წარმატებისა, გაერთიანებული ძალებით შეტევა მაინც ვერ მოხერხდა. ამის შემდეგ ქაქუცა დაბრუნდა საქართველოში და ახალი ბრძოლებისათვის დაიწყო მზადება.
1924 წლის აჯანყება დანიშნული იყო 17 აგვისტოს, მაგრამ 29-ისთვის გადაიდო.
ბოლო წუთს თავი იჩინა გაუგებრობამ. გაურკვეველი მიზეზების გამო დასავლეთ საქართველოში აჯანყება დაიწყო სრული 1 დღით ადრე, 28 აგვისტოს, რამაც მნიშვნელოვნად არია შეთქმულთა გეგმები და ბოლშევიკურ ხელისუფლებას გაუადვილა აჯანყების ჩახშობა. აჯანყების გაცემის მიუხედავად, 29 აგვისტოს ქაქუცა მანგლისის სამხედრო ყაზარმებს დაეცა, პატიმრები გაათავისუფლა და მისმა მცირერიცხოვანმა რაზმმა მთლიანად აიღო მანგლისი. 1924 წლის 29 აგვისტოს, ჩოლოყაშვილის მცირერიცხოვანმა რაზმმა მთლიანად აიღო მანგლისი. 1924 წლის 3 სექტემბერს, დალაშქრა დუშეთი. 1924 6 სექტემბერს, სვიმონიანთ-ხევში მოხდა სახელგანთქმული ხევ-გძელას ბრძოლა. აჯანყების დამარცხების შემდეგ ქაქუცამ ბრძოლა ერწოში ჩაატარა. შემდეგ ისევ კახეთს დაბრუნდა და ბრძოლა ბორჩალოში, შემდეგ კი თეთრწყაროში გააგრძელა. აჯანყება ჩაახშეს.
1924 წლის აჯანყების დამარცხებისა და საქართველოში დატრიალებული სასტიკი სადამსჯელო ღონისძიებების შემდეგ, ჩოლოყაშვილმა და მისმა რაზმმა გადაწყვიტა საზღვარგარეთ წასვლა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი შეფიცულები, ცხენებზე ამხედრებულნი, მიუახლოვდნენ საქართველო–თურქეთის საზღვრისპირა სოფელს. აქ სამი ქვეყანა საქართველო–თურქეთი და სომხეთი ემიჯნებოდენ ერთმანეთს. ლტოლვილები ფრთხილობდნენ, მუდამ შესაძლებელი იყო მდევრის გამოჩენა. შებინდებისას ისინი თურქეთის საზღვარზე გადავიდნენ. “ჩეკას” ცნობით საზღვარი ქაქუცასთან ერთად 22-მა მებრძოლმა გადაკვეთა. შემდეგ სტამბულიდან საფრანგეთისაკენ აიღეს გეზი.
ქაქუცამ დიდი გაჭირვებით მოახერხა, რომ მისი ყველა რაზმელისათვის მიეცათ ჯერ საფრანგეთში და მერე პარიზში გამგზავრების უფლება.
საფრანგეთში ქართველი მამულიშვილებისათვის დაიწყო ემიგრანტული ცხოვრება.
პარიზში მას გაეხსნა ჯერ კიდევ I მსოფლიო ომში ავსტრიის ფრონტზე და შემდეგ სარიყამიშში მარჯვენა ფილტვში მიყენებული ჭრილობა, რასაც თან ტუბერკულოზიც დაერთო. თანამებრძოლებმა მოახერხეს, ქაქუცა მოეთავსებინათ ოსტსაუას სანატორიუმში.
სიკვდილის წინ მოითხოვა ქართული მიწა, ჯვარი და ხატები და ალ. სულხანიშვილს დაუბარა, ეს ნივთები მისი შვილისათვის გადაეცა. იგი დაკრძალეს სენტ-უანის (პარიზის მახლობლად) სასაფლაოზე.
ბერძნული ეკლესიიდან ქართული ეროვნული დროშით გადაფარებული ქაქუცას კუბო გამოასვენეს. პროცესია სენტ-უანის სასაფლაოსკენ დაიძრა, რომელიც რამდენიმე კილომეტრით იყო დაშორებული ეკლესიას. ხალხმა ფეხით გაიარა ეს მანძილი.
მოგვიანებით მისი ნეშტი გადაასვენეს ლევილში, ქართველთა საძმო სასაფლაოზე.
საბჭოთა პერიოდში სასტიკად იკრძალებოდა ჩოლოყაშვილის სახელის ხსენებაც კი. რეპრესიული ქმედებები ჩოლოყაშვილის ოჯახის წევრთა, ნათესავებისა და თანამოაზრეთა წინააღმდეგ არ შემწყდარა მეოცე საუკუნის 80–იან წლებამდე. ქაქუცას სახელის რეაბილიტაცია დაიწყო 1988 წლიდან. 1989 წლის 14 ივლისს, კახეთში, სოფელ მატანში გაიმართა სახალხო დღესასწაული, სადაც ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა ფართო საზოგადოებასთან ერთად აღნიშნეს დიდი პატრიოტის დაბადებიდან 101 წლისთავი.
მხოლოდ 75 წლის შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირი მშობლიურ მიწას მიაბარეს. 2005 წლის 20 ნოემბერს პარიზიდან სპეციალური ავიარეისით ჩამოასვენეს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი. მისი ნეშტი გადაასვენეს წმ. სამების საკათედრო ტაძარში, სადაც მისი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ.
მეორე დღეს, იგი დაკრძალეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
მასალის გამოყენების პირობები