თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის პრესსამსახურის ხელმძღვანელი კახი ლაზარიშვილი თეატრში არსებულ გაუსაძლის პირობებზე საუბრობს. მისი ტქმით, მსახიობებს აუტანელ პირობებში უწევთ მუშაობა, შენობა კი ავარიულია და დღითიდღე უფრო მეტად ზიანდება, ყურადღებას კი ამ პრობლემას არავინ აქცევს. აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი ნანახით შეძრწუნებული დარჩა:

„მე ახლა იმ თეატრზე ვლაპარაკობ, რომლის აღმავლობისა და აღორძინების საქმეში, უდიდესი წვლილი მიუძღვით გამოჩენილ ქართველ თეატრალურ თუ საზოგადო მოღვაწეებს- ვასო აბაშიძეს, შალვა დადიანს და ვალერიან გუნიას და აზერბაიჯანელ ოსტატებს საინტერესო რჩევებს აძლევდნენ!
დღეს კი, თეატრის შენობა იმდენად ამორტიზებულია, მოშლილი და განადგურებულია ინფრასტრუქტურა, რომ ჩვენთვის ამ პირობებში მუშაობა დიდ საფრთხეს წარმოადგენს. როცა მეზობლის ტუალეტიდან თავზე შარდი, ნარეცხი და ნაბანი წყალი გვეწვეთება, რა მოტივაცია და ხალისი უნდა გვქონდეს?! მაგრამ ჩვენ მაინც ვმუშაობთ და სპექტაკლებსაც ვდგამთ. ამჯერად, რეჟისორი დავით ნიკოლაძე, თეატრის მსახიობებთან-ლეილა კასუმოვასთან და ანარ გუმბათოვთან მუშაობს ჟან კოქტოს პიესაზე „ხმა მღაღადებლისა“ და სეზონს სწორედ ამ სპექტაკლის პრემიერით დაიხურავთ.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი, ბატონი დურსუნ ჰასანოვი, თეატრში რომ მოვიდა და ნახა, რა მდგომარეობაა, გაოცებისგან დამუნჯდა და ხმა ვერ ამოიღო, წასვლის წინ კი, მადლობა გადაგვიხადა, რომ ამ არაადამიანურ პირობების მიუხედავად, თეატრის კარი არ გამოვკეტეთ! ბატონი დურსუნი, შეძრწუნებული და შეწუხებული დარჩა ნანახით.
14 წელი, ასეთ პირობებში ვმუშაობთ. დღითიდღე ინგრევა და ნადგურდება შენობა. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ საპირფარეშო არ არის, თეატრში არც სცენაა და არც მაყურებელთა დარბაზი. ხელი ვერ დაგვიბანია, წყალი ვერ დაგვილევია. იატაკის ჩავარდნის და კედლების ჩამოშლის გვეშინია. შენობაში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს და ჩვენს სამუშაო ოთახებში თითქმის ყოველ დღე ჩამოდის ნარეცხი და ნაბანი წყალი... ბათქაში თავზე გვეყრება, იატაკი სველდება და ლპება...
იანვრიდან, თეატრის ბიუჯეტიც 10 %-ით შეგვიმცირდა და შესაბამისად თანამშრომლებს ისედაც მწირ ხელფასებზე 10 %-ი მოგვაკლდა. აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ, სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოყო, რაც მსახიობებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასებზე დაგვემატა, იმისთვის რომ სამსახურში სიარული შევძლოთ... თბილისის აზერბაიჯანული თეატრისთვის ამდენი წლის მანძილზე ეს პირველი დახმარებაა.
თანხა მინიმალურია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი! თეატრის თანამშრომლები-ადმინისტრაცია და მსახიობთა დასი, მადლიერია ამ დახმარების და იმედს არ ვკარგავთ, რომ აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროდან ჩვენი თეატრისთვის თანხის სუბსიდირება კვლავაც გაგრძელდება, რადგან ჩვენი თეატრის თანამშრომლების საშუალო ხელფასი 170-230 ლარს არ აღემატება და თანამშრომლების უმრავლესობას სამსახურში მოსვლისთვის ორი სამი ტრანსპორტის გამოცვლა ჭირდება...“- განაცხადა თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა კახი ლაზარიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






