სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ, რუსთავის მერიასა და თბილისის სამხატვრო აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი, რომელსაც ხელი რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორმა გიორგი გუგუშვილმა მოაწერეს, სიმპოზიუმში თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ჩართვასა და სხვა კულტურულ ღონისძიებებში ურთიერთანამშრომლობას ითვალისწინებს. ახალგაზრდა ხელოვანებს, ცნობილ მოქანდაკეებთან ერთად მუშაობისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მიეცემათ.
მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში, რვა ქართველი და სამი უცხოელი – ესპანელი, ფრანგი და ეგვიპტელი მოქანდაკე, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, ერთი თვის განმავლობაში იმუშავებენ. მათ მიერ შექმნილი 11 სკულპტურული ნამუშევარი პარკის ტერიტორიასა და ქალაქის ქუჩებში განთავსდება.
მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც რუსთავის მერიის ,,სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის’’ ორგანიზებით იმართება, 11 აგვისტოს საზეიმოდ დაიხურება.
აღსანიშნავია, რომ მოქანდაკეთა სიმპოზიუმი რუსთავში პირველად, გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩატარდა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სკულპტორები მონაწილეობდნენ. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სიმპოზიუმი 2016 წელს, ,,რუსთავქალაქობის“ ფარგლებში გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






