"საბედნიეროდ, რეალური ალის და ნინოს ისტორია "ჰეფი ენდ"-ით მთავრდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება დღეს არ გვესაუბრა," - ასე დაიწყო "ნიუპოსტთან" ინტერვიუ ცნობილი რომანის პერსონაჟების პირდაპირ შთამომავალ ელჯან მამედბეკოვთან.
ყურბან საიდის "ალი და ნინო"... აზერბაიჯანელი ჭაბუკისა და ქართველი ქალის რომანტიული სიყვარულის ისტორია... ეს რომანი, რომელიც გაჯერებულია რომანტიკით, სიყვარულით, თავგადასავლებით, პოლიტიკით, იუმორით, ხალხური ფილოსოფიით, 1937 წელს გამოიცა ვენაში, გერმანულ ენაზე და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში. ყურბან საიდის (ლევ ნასიმბაუმი, ბაქოში დაბადებული ებრაელი ბიზნესმენის შვილი) რომანს წითელ ხაზად გასდევს კითხვა - ევროპა თუ აზია, პროგრესი თუ ჩამორჩენილობა.
"ალი და ნინო" ქართულად 2002 წელს ითარგმნა და უდიდესი პოპულარობა მოიპოვა ქართველ მკითხველში. ალბათ, ყველას აქვს ნანახი ბათუმში, რომანის პერსონაჟებისადმი მიძღვნილი მოძრავი ქანდაკება, რომელიც სიყვარულის, სხვადასხვა ერის მეგობრობის, ტოლერანტობის, ევროპისა და აზიის ურთიერთკავშირის სიმბოლოს წარმოადგენს.
------
- ბატონო ელჯან, დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. ჩვენმა საზოგადოებამ იცოდა, რომ "ალი და ნინოს" ისტორია რეალურ ამბავზეა დაფუძნებული, მაგრამ თუ მათ შთამომავლობაც ჰყავდათ, ეს უკვე არ იყო ცნობილი. გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს მკითხველს.
- მე გახლავართ ელჯან მამედბეკოვი, ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აზერბაიჯანის დამსახურებული ექიმი. დღეისათვის ვარ ბაქოს ფილტვის დაავადებათ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი. მე ვარ მეხუთე თაობის ექიმი, დედაჩემი ("ალისა და ნინოს" შვილი. რედ.) იყო დამსახურებული ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მის კვალს გავყევით მისი ყველა შვილი, მე და ჩემი ორი ძმა, ისინი მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატები არიან.
- რომანის პერსონაჟების რეალურ პროტოტიპებს შთამომავლები ჰყავთ. ეს ნიშნავს, რომ მათი სიყვარული ბედნიერი იყო და ის ახლაც გრძელდება, რადგან თქვენს წინაპრებს შთამომავლობა დარჩა. მოგვიყვით მათ შესახებ.
- უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ მე მისთვის არასდროს დამიძახია ბებია, მე მას დედას ვეძახოდი. დედაჩემს ყოველთვის სახელით - ლეილათი მივმართავდი, მას კი დედას ვეძახდი.
რეალური ისტორია ასეთია. ჩემი ბებია, ანა მგელაძე აზნაური იყო. მართალია, გვარი მგელაძე დიდგვაროვან თავადურ გვარი არ არის, როგორც რომანის პერსონაჟის ნინო ყიფიანის გვარი. ანა მგელაძე ზუსტად მეოცე საუკუნის დასაწყისში, 1900 წლის დაიბადა, გურიაში, ბახვში. ხუთი წლის ასაკში ანა საცხოვრებლად გადადის ბაქოში, მის უფროს ძმასთან, რომელიც 20 წლით იყო ბებიაზე უფროსი. სამსონ მგელაძე იმ დროს სამხედრო ექიმი გახლდათ და რუსეთის არმიაში მსახურობდა, ბაქოში. მგელაძეების ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა, რუსეთის იმპერია ირღვეოდა. და ამიტომაც გააგზავნეს ანა ძმასთან - ისინი 5 ძმა და 5 და იყვნენ.
ბაქოში რომ ჩამოვიდა, ანამ ქართული გარდა სხვა ენა არ იცოდა. შემდგომ იგი გიმნაზიაში შევიდა და წარმატებით დაამთავრა იგი და 1918 წლისთვის, როდესაც როგორც საქართველომ, ასევე აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, სამუშაოდ აზერბაიჯანის ქალაქ კუბაში, გაემგზავრა, რომელიც ქალაქ ბაქოდან კილომეტრშია. იგი ადგილობრივ სკოლაში რუსული ენის პედაგოგად მუშაობდა.
- და აქ გაიცნო მან "ალი"?
- დიახ, ბაბუა - ჰუსეინ აღა მამედბეკოვი (აზერბაიჯანულად - მამადბაილი, როგორც მოგეხსენებათ რუსებმა ჩვენი გვარების ჩასწორებაც მოახდინეს), იმ დროს ადგილობრივი გაზეთის "აზერბაიჯანის" მთავარ რედაქტორი იყო. სხვათაშორის, სწორედ ეს გაზეთი იყო პირველი ბეჭდვითი ორგანო, რომელიც აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის შემდეგ გამოვიდა. იგი ცნობილი ჟურნალიტი და მთარგმნელი იყო. სრულყოფილად ფლობდა რუსულ, ირანულ, თურქულ ენებს, მას აზერბაიჯანულ ენაზე ნათარგმნი აქვს ისეთი მწერლები, როგორიცაა ტოლსტოი, ჩეხოვი, გორკი. მან დაინახა ანა და შეუყვარდა. ანასაც შეუყვარდა.
ანა მგელაძემ კარგად იცოდა, რომ მისი მშობლები, დაძმა და ნათსავები არ დათანხმდებოდნენ, რომ ქართველი გოგონა აზერბაიჯანელს, მუსულმანს გაყოლოდა ცოლად და მოხდა "მოტაცების" ინსცენირება, რასაც მათი ქორწილიც მოჰყვა. ეს 1919 წელს მოხდა. ბებიას ვარაუდი გამართლდა - ქართველმა ნათესავებმა პირი იბრუნეს მისგან.
- რელიგიური მოტივით ალბათ...
- რა თქმა უნდა, რელიგიურიც და ეროვნულიც. ეს აბსოლუტურად გასაგებია - ქართველი, გურული აზნაურის ქალიშვილი ცოლად უცხო ტომის, მუსულმანს გაჰყვა ცოლად. წოდებრივი სხვაობა არ ყოფილა - ბაბუაც აზნაურთა წოდებას ეკუთვნოდა, აზერბაიჯანში საკმაოდ ცნობილია მამედბეკოვების გვარი. მათ სამი შვილი ეყოლათ - უფროსი ტოფიკი, რომელიც იყო სამხედრო, წოდებით პოლკოვნიკი, იგი მეორე მსოფლიო ომის დროს ვენასთან დაიღუპა. მეორე ბიძა, ქამალი, ცნობილი არქიტექტორი იყო, აკადემიკოსი. დედის შესახებ კი უკვე მოგახსენეთ. ამას იმიტომ გიყვებით, რომ ბებიას ერთერთი მთავარი მიზანი შვილებისათვის განათლების მიღება იყო და ეს პრინციპი მან შვილიშვილებზეც გაავრცელა. იგი ამაყობდა, რომ ყველა მისი შვილი თუ შვილიშვილი განათლებული, ინტელიგენტი, წარმატებული და სახელოვანი ადამიანი გახდა. იგი ხშირად გზავნიდა თავისი შვილების წარმატების შესახებ ცნობებს საქართველოში. მან ამას მთელი ცხოვრება შეწირა.
მოგეხსენებათ, მაშინ 20-30-იან წლებში რთული პერიოდი იყო, მაგრამ რადგან ბაბუა ასე თუ ისე წარმატებული ადამიანი იყო, მათ შესძლეს შვილებისათვის შესაბამისი განათლება მიეცათ და გზაზე დაეყენებინათ.
- საქართველოსთან კონტაქტის შესახებ რას გვეტყვით?
- 30-იან წლების შუა პეროდში აზერბაიჯანის კომპარტიის პირველი მდივანი მირზახან ბაგიროვი იყო, რომელიც წარმოშობით აგრეთვე ბაბუას სოფლიდან იყო. ერთხელაც მან იკითხა, თუ ვინ იყო აზერბაიჯანული რადიოს თურქულენოვანი მაუწყებლობის რედაქტორი და როდესაც მას მოახსენეს, რომ ამ რადიოს ჰუსეინ არა მამადბაილი ხელმძრვანელობდა, მან გაოცებით წამოიძახა - "როგორ, ის აქამდე არ დაუხვრეტიათ?"
საბედნიეროდ ეს სიტყვები სასწრაფოდ აცნობეს ბაბუას და იგი თავისი ოჯახიანად სასწრაფოდ საქართველოში, გურიაში, სოფელ ბახვში გაემგზავრა, რათა თავიდან აერიდებინა დაპატიმრება და დახვრეტა.
ზედმეტია მე განვმარტო - ვინ არის ქართველი და რას ნიშნავს მისთვის სტუმარი. თქვენ მზად ხართ, მტერსაც კი გაუღოთ კარები, თუ იგი სტუმრად გეწვევათ.
მას შემდეგ, რაც ბებიას ნათესავებმა ახლოს გაიცნეს სიძე, უზომოდ შეუყვარდათ. ჰუსეინ აღა მათთვის საყვარელი სიძე, საყვარელი ნათესავი გახდა. ისინი დამეგობრდნენ, ხოლო ანა ამით ძალიან ამაყობდა - იგი სიყვარულით გათხოვდა, შექმნა შესანიშნავი ოჯახი, მისმა ნათესავებმა შეიტყვეს, რომ მას შესანიშნავი მეუღლე და შვილები ჰყავდა. და არამარტო შვილები, შვილიშვილებიც - ჩვენ ხუთნი ვართ, ორი შვილი ჰყავს ბიძა ქამალის და ქალიშვილს, ლეილას - სამი. ამ ხუთიდან, სამი მეცნიერებათა დოქტორია, ორი - დოცენტი.
მისი სიამაყის საგანი იყო, რომ აზრბაიჯანელის და ქართველის ოჯახს ასეთი განათლებული და ინტელიგეტი შთამომავლობა ჰყავდა - ანუ იგი არჩევანში არ შემცდარა.
ანა მგელაძე მისი აზროვნებით, მენტალიტეტით სიცოცხლის ბოლომდე წმინდა წყლის ქართველად დარჩა. მასთან ცხოვრობდა მისი ერთერთი და - მაგდანა. ბებიის ანალოგიით, მე მას დეიდას ვეძახდი. იგი მალე დაქვრივდა, ისე რომ, შვილები არ ჰყოლიათ. ფაქტიურად, მანაც უდიდესი როლი შეასრულა ჩემს აღზრდაში. ასე რომ, მე ორმა დიდებულმა ქართველმა ქალბატონმა გამზარდა. ყოველთვის მაოცებდა თუ როგორ ახერხებდა მაგდანა თავისი მცირე პენსიიდან გადაენახა თანხა, ჩემთვის რამოდენიმე მანდარინის ყიდვის მიზნით. მე ცელქი ბავშვი ვიყავი და ხშირად მსჯიდნენ. მას მე ვებრალებოდი და ამ დასჯის "კომპენსაცია" იყო "დეიდა მაგდანას" მანდარინები.
- როგორ განვითარდა მოვლენები შემდგომ?
- 1957 ში ჰუსეინ აღა 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 13 წლით იყო ანაზე უფროსი. მინდა გითხრათ, რომ 57 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იგი თავის სიყვარულს გლოვობდა - მას არ გაუხდია შავები, და რაც მთავარია - იგი არცერთი შვილიშვილის ქორწილს არ დასწრებია - ასეთი იყო მისი გლოვა. მე 1975 წელს დავქორწინდი. მე ანას ძალიან ვუყვარდი და გავბედე, ვთხოვე - თითქმის ოცი წელია გასული, იქნებ მოხვიდე ჩემს ქორწილშითქო, მაგრამ ამაოდ.
ერთადერთი, რის უფლებასაც იგი თავს საკმაოდ იშვიათად აძლევდა - ეს იყო შავ კაბაზე თეთრი საყელოს გაკეთება.
და ასე ხდებოდა 1995 წლამდე, ანა მგელაძის გარდაცვალებამდე... ბებიამ და ბაბუამ ერთად 38 წელი იცხოვრეს, 38 წელი ანამ მარტო გაატარა და მთელი ეს პერიოდი გულში ჰუსეინ აღას სიყვარულს ატარებდა, სწორედ ისეთს როგორიც მათი შეუღლებისას ჰქონდა. ჩემთვის ის წმინდა ადამიანი იყო.
- კიდევ რას გაიხსენებდით ბებიას შესახებ, რა დაგამახსოვრდათ?
- ანას ყოველ სიტყვაში, ყოველ მოგონებაში უდიდესი სიყვარული და პატივისცემა ჩანდა თავისი სამშობლოს - საქართველოს მიმაღთდაყვარელი მეუღლის მიმართ. და ეს სიყვარული არა მარტო შვილებს, შვილიშვილებსა და შემდგომ თაობასაც გადმოსცა.
სამშობლოს გარდა უდდესი იყო სიყვარული თავისი ნათესავების მიმართ. უკვე მოგახსენეთ, რომ 5 ძმა და ხუთი და იყვნენ, მე ყველა მათგანის სახელი ვიცი, მათი შვილების, ვიცნობ და ახლო ურთიერთობა მაქვს მათ შთამომავლებთან, ვიცი ვინ სად ცხოვრობ - ბახვიდან დაწყებული თბილისით დამთავრებული. ასევეა ანა ბებიას სხვა შვილიშვილებიც. წარმოიდგინეთ, ჩემი შვილებიც კი ახლო ურთიერთობას ინარჩუნებენ ქართველ ნათესავებთან. მეოთხე თაობა აქვს ერთმანეთთან ურთიერთობა და ეს სწორედ ანას დამსახურებაა.
ასეთი მემკვიდრეობა დაგვიტოვა ბებიამ - სიყვარული მეუღლის და ოჯახის მიმართ, სამშობლოს სიყვარული, განათლებისადმი უზომო სწრაფვა, სიკეთის კეთება, კულტურისა და ხელოვნების აღქმა. ბაბუა ცნობილი ჟურნალისტი და მთარგმნელი იყო, როგორც მოგახსენეთ. ცოლ-ქმარი ხშირად დადიოდა თეატრში, გამოფენებზე, ლიტერატურულ საღამოებზე, ჰუსეინ აღას უამრავი მეგობარი ჰყავდა ხელოვნების სფეროდან.
- თქვენ საუბრისას რამოდენიმეჯერ ქართული სიტყვაც გამოიყენეთ. ბებია გასწავლიდათ ქართულს?
- მე მხოლოდ რამოდენიმე სიტყვა და წინადადება ვიცი, შვილებმაც არცისე კარგად იცოდენენ. აი, ჩემმა ტყუპისცალმა ძმამ კარგად იცოდა ქართული. მე სუსტად ვითვისებ ენებს რატომღაც. მე უზომოდ ვარ შეყვარებული ქართულ სიმღერაზე. როგორც ხალხურზე, ასევე საესტრადოზე. მაქვს ცანაწერები, ვიდეომასალა ქართულ ცეკვაზე, სიმღერაზე.
- საქართველოში "ალი და ნინო" საუკუნის დასაწყისში გამოვიდა. იცოდნენ წიგნის პერსონაჟების პროტოტიპებმა, რომ მათი სიყვარულის ისტორიაზე მსოფლიო ბესტსელერია შექმნილი?
- არა, სამწუხაროდ არ იცოდნენ. ეს წიგნი ხომ ავსტრიაში, გერმანულ ენაზე გამოიცა. მოგეხსენებათ "რკინის ფარდა" ფაქტობრივად არანაირ ინფორმაციას არ ატარებდა ჩვენსკენ...
კიდევ ერთხელ გავიმეორებ - წიგნში დიდი და ტრაგიკული სიყვარულის ისტორიაა, ალი, ბაბუას პროტოტიპი დაიღუპა. საბედნიეროდ, რეალური ალის და ნინოს ისტორია "ჰეფი ენდ"-ით მთავრდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება დღეს არ გვესაუბრა.
- გარდა სასიყვარულო ისტორიისა, წიგნში გარკვეულად პოლიტიკური მოტივებიცაა, სიუჟეტი ჩვენი ერების ერთიერთობასაც ეხება. თქვენ აღნიშნეთ, რომ ბებიამ საქართველოსადმი სიყვარული ჩაგინერგათ...
- სხვანაირად არც შეიძლებოდა ჩვენს ქვეყნებს შორის ხომ საუკუნოვანი ურთიერთობაა, მიუხედავად რელიგიური სხვაობისა, ჩვენ ხომ ერთად ვებრძოდით დამპყრობლებს. ალბანელები ქრისტიანებიც იყვნენ და ისინი ძალით გაამუსულმანეს. ჩვენ ერთანეთს ვიცავდით ყოველთვის. 20-ე საუკუნეშიც ჩვენ ერთად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა - სხვაობა ერთი დღეა მხოლოდ. ჯერ აზერბაიჯანი დაიკავა რუსეთმა და მერე - საქართველო. რუსეთს არ სურს კავკასიის დაკარგვა. 9 აპრილს მოყვა ტრაგედია ბაქოში. სხვათაშორის, ჩვენთან, ისევე როგორც თქვენთან ახალგაზრდობამ ნაკლებად იცის რუსული. რუსეთნა ჩვენც გადაგვიკეთა გაზსადენი ნოვორსიისკის მიმართულებით. ჩვენი ქვეყნები ერთად არიან. ერთად ვაშენებთ სახელმწიფოს, პრობლემებიც იდენტურია.
საქართველო დიადი ქვეყანაა, აზერბაიჯანიც დიადი ქვეყანაა და ჩვენ დავძლევთ ყველა პრობლემას.
გიმეორებთ, აზერბაიჯანში ძალიან დიდ პატივს სცემენ ქართველებს და საქართველოს. ანალოგიურ პატივისცემას და სიყვარულ ვგრძნობ მე საქართველოშიც. ჩვენთან ცხოვრობენ ქართველები. გვაქვს მართლმადიდებლური ტაძრები. სამწუხაროდ, ქართული ტაძარი არ არსებობს, წირვა ქართულად არ მიმდინარეობს. ჩვენ ევროპა-აზიის საზღვარზე ვართ და ერთად მივისწრაფით დასავლური სამყაროსაკენ, ჩვენი ტრადიციების შენარჩუნებით რა თქმა უნდა. ჩვენი ფოლკლორიც კი ერთმანეთს ჰგავს. ჩვენი "მუღამები" ძალიან გავს თქვენს ხალხურ, ქალაქურ მუსიკალურ ნაწარმოებებს, განსაკუთრებით აღმოსავლეთში.
- თქვენ ექიმი ბრძანდებით, კლინიკის ხელმძღვანელი. ალბათ, გაქვთ ურტიერთობა ქართველ კოლეგებთან?
- მე აქ, თბილისში სწორედ ამ მიზნით ვიმყოფები. მე საქმიანი ვიზიტი მაქვს საქართველოში. მე ხშირად მქონდა ურთიერთობა თქვენს ქირურგებთან, ფილტვის სპეციალისტებთან, ფტიზიატრებთან. ჩვენ ახლო კონტაქტები გავქვს. ქართველები ესწრებიან ბაქოში ჩემს მიერ ორგანიზებულ კონფერენციებს, მეც ჩამოვდივარ ანალოგიურ ღონისძიებებზე. ამასწინათ მე ბათუმში გახლდით. თან როგორც ჩვენს ერებს სჩვევიათ, საქმიანის გარდა ჩვენ მეგობრული ურთიერთობებიც გვაკავშირებს. სხვათაშორის მე გუშინ მეგობრის შვილის ქორწილს დავესწარი.
- ბათუმი ახსენეთ და საუბრის დასარულს არ შემიძლია არ გკითხოთ "ალის და ნინოს" ქანდაკების შეახებ...
- რა თქმა უნდა, ვნახე, ვნახე და უდიდესი შთაბეჭდილებაც მოახდინა ჩემზე. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ მე საბჭოთა პერიოდშიც ვარ ბათუმში ნამყოფი. მაგრამ 2011-ში ყოფნისას ბათუმმა უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ეს ნამდვილად კლაიკური შუაევროპული ქალაქია, სადაც შენარჩუნებულია ძველი ბათუმიც და არის ახალი, თანამედროვე, მსოფლიო დონის შენობებიც. "ალი და ნინოს" ქანდაკება ხომ ულამაზესია, სიყვარულის, ჩვენი ერების თანამეგობრობის, ევროპა-აზიის ურთიერთკავშირის სიმბოლო...
მასალის გამოყენების პირობები






