Spider-Man: Homecoming - ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, Marvel-ის ნამუშევარი კინოეკრანებზე გამოჩნდა. ლოდინი კი ნამდვილად ღირდა, Marvel მოწოდების სიმაღლეზეა, ისევე როგორც რიგით მესამე ადამიანი ობობა, რკინის კაცის ხელმძღვანელობითა და დარიგებებით. სავარაუდოდ Marvel-ის ნამუშევრებს შორის საუკეთესო იქნება Avengers: Infinity War, რომლის პრემიერაც 2018 წელს არის დაგეგმილი და სადაც ყველასთვის ნაცნობ შურისმაძიებლებს დოქტორი სტრეინჯი და ადამიანი ობობაც შეუერთდებიან.
რაც შეეხება Spider-Man: Homecoming-ს - რა თქმა უნდა სპოილერებისგან თავს შევიკავებთ, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ფილმი, რომლის ქრონომეტრაჟიც 133 წუთია, ერთი წამითაც არ მოგცემთ მობეზრების უფლებას და რაც მთავარია, გამოიჩინეთ დამატებითი მოთმინება, დაახლოებით 10 წუთიანი და დარბაზში დარჩით მანამდე, სანამ სინათლე არ აინთება, მოლოდინი გაგიმართლდებათ და დარბაზს ნამდვილად დადებითი, მხიარული განწყობით დატოვებთ.
ტობი მაგუაიერისა და ენდრიუ გარფილდის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ საპასუხისმგებლო მისიას ტომ ჰოლანდი იდეალურად ასრულებს. Marvel-ის ხუმრობები, ლაპარაკის მოყვარული გენიოსი ადამიანი ობობა და გენიალური ტონი სტარკი, მარჯვენახელ „ჰეფისთან“ ერთად საინტერესო გარემოს შეგიქმნიან დროის საუკეთესოდ გასატარებლად.
ადამიანი ობობას ახალ ნაწილში ბევრი ინტრიგა ჩანს, რომლებსაც ფარდა Marvel-ის სხვადასხვა ნამუშევრებში აეხდება. რაც შეეხება ტონი სტარკის მიერ შექმნილ კოსტიუმს ადამიანი ობობასთვის, მას იმდენად გრანდიოზული შესაძლებლობები აქვს, რომ თავად პიტერ პარკერსაც კი დიდი ძალისხმევა დასჭირდება ბოლომდე გასარკვევად. ფილმში ასევე ისმის რკინის კაცის პარასკევას ხმა, რომელიც სტარკის შემდეგ პარკერის თავშიც „ჩაიბუდებს“.
რაც შეეხება ტომ ჰოლანდს: ბრიტანელი მსახიბი, 1996 წელს დაიბადა, კინგსტონში. მსახიობის კარიერა მიუზიკლით „ბილი ელიოტი“ დაიწყო, კინოეკრანებზე მისი დებიუტი ფილმში The Impossible შედგა, სადაც პარტნიორობა გაუწია ნაომი უოთსა და ევან მაქგრეგორს. ჰოლანდი ასევე თამაშობს ფილმში „ზღვის გულში“, რომელიც მობი დიკის ისტორიაზეა გადაღებული და სადაც მთავარ როლს შურისმაძიებელი ღმერთი თორი, კრის ჰემსუორთი ასრულებს. ჰოლანდმა წელს ამომავალი ვარსკვლავის ნომინაციაში BAFTA მოიპოვა და ისეთ ვარსკვლავებს გაუწია კონკურენცია, როგორებიც არიან რუთ ნეგა და ლუკას ჰეჯისი.
რაც შეეხება ფილმის მთავარ ბოროტმოქმედს ადრიან ტომესს, რომლის როლსაც მაიკლ კიტონი ასრულებს - გენიალური მსახიობის შესრულება ნამდვილად ტოვებს განსაკუთრებულ ეფექტს, მისი როლი ნამდვილად გაგაკვირვებთ.
აღსანიშნავია, რომ ფილმის ბოლომდე დატოვებულია ინტრიგა იმის შესახებ თუ რეალურად ვინ იქნება პიტერ პარკერის რჩეული. კომედიური მომენტები კი არის ფილმის მთავარი კონტენტი.
ფილმში ასევე ჩანან კაპიტანი ამერიკა (კრის ევანსი) და ტონი სტარკის რჩეული პეპერ პოტსი, რომლის როლსაც გვინეტ პელტროუ ასრულებს, ალბათ გახსოვთ შურისმაძიებლების ბოლო ეპიზოდი, სადაც მაყურებელმა ტონისა და პეპერის დაშორების შესახებ გაიგო, თუმცა ადამიანი ობობა მათი ისტორიის გაგრძელების განსაკუთრებულ ვარიანტს გვთავაზობს.
წინ დიდი სიამოვნება გელით და გაფრთხილება კიდევ ერთხელ - დარჩით დარბაზში მანამდე, სანამ სინათლე არ აინთება!
მასალის გამოყენების პირობები