მაშინ როცა საქართველოში ოკუპაცია განსაკუთრებით მტკივნეულ ფაზაშია შესული, ე.წ.საზღვარი კი თითქმის ყოველდღიურად ჩვენს ტერიტორიაზე ასეულობით მეტრით შიგნით იწევს, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლოება სახნავ-სათესი მიწების, წყლისა და სასაფლაოების გარეშე რჩება, მოსკოვის, ბოლშაია ნოვოდიმიტროვსკაიას ქუჩაზე, „ფაბრიკა-FLAKON“-ის პავილიონებში, რუსეთ-საქართველოს „ისტორიული ძმობის“ სადღეგრძელოები ისმოდა.
ფესტივალი, რომლის სახელწოდებაც „მთელი საქართველო ერთ ფლაკონში“ გახლავთ, მოსკოვში წელს პირველად გაიმართა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფესტივალი საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ჩატარდა. გუშინ „ნიუპოსტმა“ აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა, ტურიზმის ადმინისტრაციაში კი გავცელებული ცნობა უარყვეს და დღეს განცხადებაც გაავრცელეს:
„ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დასახელებულ ფესტივალთან ადმინისტრაციას არანაირი კავშირი არ აქვს. უწყებიდან არც ფინანსური და არც რაიმე სხვა ტიპის მხარდაჭერა არ ყოფილა, არც საგზურები გაგვითამაშებია“ აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
გავრცელებული სტატიის მიხედვით, მოსკოვში ფესტივალი ,,მთელი საქართველო ერთ ფლაკონში“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ამერიკის ხმის“ სტატიაში ფესტივალის დეტალებზეა საუბარი: „წვიმიანი უქმე დღეების მიუხედავად, „მთელი საქართველო ერთ ფლაკონში“ 30 000-დან 50 000-მდე მოსკოველმა მოინახულა. შეისვა N რაოდენობის ქართული ღვინო და შეიჭამა იმავე რაოდენობის: მწვადი, ხაჭაპური, ლობიო, საცივი და ფხალი. სპეციალური ჩემპიონატი ხინკლის ჭამაშიც კი გაიმართა.
ქართული ტრადიციული სამზარეულოს გარდა, საქართველო მოსკოვში „კულტურული დესანტითაც“ იყო წარმოდგენილი: მოსკოველებმა "ხელახლა აღმოაჩინეს" ქართული მხატვრობა, კინო, მოდა, ხალხური ცეკვა და სიმღერა. ყველა მსურველს საშუალება ჰქონდა ბოლომდე, გრუზინულად აეწყვიტა: დაელია, ეჭამა, ემღერა, ეცეკვა, საქართველოს სახელმწიფო დროშაც კი დაეხატა.
რუსებმა „პოლიტკორექტულობაც“ კი დაიცვეს, ფესტივალის დღეებში, არსად ჩანდა საქართველოს რუკა, „დამოუკიდებელი“ აფხაზეთისა და ოსეთის გარეშე. ერთი სიტყვით, იყო მხოლოდ Чито Гврито და სიამტკბილობა“, - აღნიშნულია სტატიაში.
მასალის გამოყენების პირობები






