ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების აპარატის თანამშრომლები შესაძლოა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიღმა დარჩნენ
საზოგადოება - 13:51, 30 Jun, 2017     1523

5 ივნისს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილების შეტანას საქართველოს ორგანულ კანონში „საარჩევნო კოდექსში“.

არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით, აღნიშნული ცვლილებებიდან დადებით შეფასებას იმსახურებს ის რეგულაციები, რომლითაც მარტივდება საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციების საარჩევნო ადმინისტრაციებში რეგისტრაცია. (შემოდის ნებაყოფლობითი ხასიათის ელექტრონული რეგისტრაცია). აგრეთვე პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს ის რეგულაციები, რომელიც ემსახურება საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესის გაუმჯობესებას (მათ შორის კოორდინაციას სახელმწიფო უწყებებს შორის, საარჩევნო სუბიექტებისგან განახლებული ინფორმაციის მიღებას და სხვა.) თუმცა, აღნიშნული ცვლილებების პარალალურად უარყოფით შეფასებას იმსახურებს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ახალი წესი, აგრეთვე რეგულაციები, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს ადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით (ცვლილებები მედიის მიერ საარჩევნო კომისიების სხდომების გაშუქების, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით.)

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს ერთობლივ მოსაზრებებს ცვლილებებთან დაკავშირებით:

„საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება

კანონპროექტის მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიების მიერ წევრების დანიშვნა დამოკიდებული იქნება პარტიის მიერ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობაზე, ნაცვლად დღეს არსებული წესისა, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნა დამოკიდებულია პარტიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებაზე. არსებული წესისგან განსხვავებით, აღნიშნული ცვლილებებით პარტიას ერთზე მეტი წევრის დანიშვნის უფლება ექნება საარჩევნო ადმინისტრაციაში, რაც, თავის მხრივ, ვერ უზრუნველყოფს მრავალპარტიულ წარმომადგენლობას საარჩევნო კომისიებში. მაგალითად, თუ დღეს მოქმედი წესის თანახმად, პარტიების მიერ დანიშნული შვიდი წევრიდან „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ ერთი წევრი ჰყავს, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მას ოთხი წევრი ეყოლება. ცვლილება მმართველი გუნდის დეპუტატების მიერ არის მომზადებული და, პროექტის მიხედვით, ის ძალაში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ შევა.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში საუბარია იმაზე, რომ აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის, როგორც სტაბილური ინსტიტუციის, საქმიანობის გაუმჯობესებას. თუმცა, რეალურად იგი მეტად პრობლემურია როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ სანდოობის შენარჩუნების კუთხით, ისე პოლიტიკურ ძალებს შორის თანასწორი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ვინაიდან ის ცალსახად ემსახურება საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის პოზიციების განმტკიცებას. აღსანიშნავია ისიც, რომ სამოქალაქო საზოგადოება და ექსპერტები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე, დიდი ხანია საუბრობენ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილებების საჭიროებაზე, რათა ეს მნიშვნელოვანი ინსტიტუტი მეტად იყოს დაცული არასათანადო პოლიტიკური გავლენებისაგან და დაეფუძნოს წევრთა პროფესიულ კომპეტენციასა და დამოუკიდებლობას.[1] ნაცვლად აღნიშნული საჭირო მიმართულებებით ძირეული რეფორმირების განხორციელებისა, რასაც საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი საჭიროებს, შემოთავაზებული ცვლილებით მოხდება ამ ინსტიტუციის კიდევ უფრო მეტად პოლიტიზირება, ვინაიდან ახალი წესი გამოიწვევს, სხვა პარტიებთან შედარებით, მმართველი პარტიის დომინირებულ მდგომარეობას საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე.

ამასთან გასათვალისწინებელია, რომ საარჩევნო კომისიების პროფესიული წევრების შერჩევაში მონაწილეობენ ზემდგომი საარჩევნო ადმინისტრაციები. შესაბამისად, პროფესიული წევრების შერჩევის დროს იქმნება იმის რისკი, რომ დაინიშნოს მმართველი პარტიის მიმართ ლოიალურად განწყობილი ხალხი, იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება“ სხვა პარტიებთან შედარებით უფრო მეტი წევრით იქნება წარმოდგენილი. ამიტომ, დაბალანსებისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ წევრების დანიშვნის შესაძლებლობა ჰქონდეს რაც შეიძლება მეტ პოლიტიკურ პარტიას და მმართველი პარტია არ იყოს „უმრავლესობით“ წარმოდგენილი.

აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ცესკოს დაკომპლექტების შემოთავაზებული რეგულაცია ვერ უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობას და არჩევნების მართვის პროცესში პოლიტიკურ პლურალიზმს. საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება არსებითი საკითხია, რადგან მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საარჩევნო პროცესის სამართლიანად წარმართვისადმი საზოგადოების ნდობას და არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის ხარისხს, ასევე გავლენას ახდენს დემოკრატიული ინსტიტუტების ფორმირებაზე.

იმისთვის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ეფექტიანად შეასრულოს თავისი ფუნქციები, მნიშვნელოვანია ცესკოში პოლიტიკური პარტიებისთვის გამოყოფილი კვოტის შევსების წესი იყოს სამართლიანი და ეფუძნებოდეს პარიტეტის პრინციპს, რათა არ მოხდეს მმართველი პოლიტიკური პარტიის გავლენის ზრდა. აღნიშნული ცვლილებების მიღების შემთხვევაში მოხდება საარჩევნო პოლიტიკური სივრცის დავიწროება, რადგან ცესკოს წევრების დანიშვნას ვეღარ შეძლებენ პარლამენტს მიღმა დარჩენილი ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებმაც მართალია ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი, მაგრამ მიიღეს ამომრჩეველთა 3%-ზე მეტის მხარდაჭერა და კანონის თანახმად ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

რეკომენდაცია: უნდა განხორციელდეს საარჩევნო ადმინისტრაციის ძირეული რეფორმა და საარჩევნო ადმინისტრაციის ზემდგომი ორგანოები (ცესკო, ოლქი) მხოლოდ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტდეს აპოლიტიკური და დამოუკიდებელი წევრებით. გარდამავალ ეტაპზე კი მიგვაჩნია, რომ:

საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი არჩევნების შედეგებზე უნდა იყოს მიბმული, თუმცა არა მსგავსი გაუმართლებელი ფორმით: ერთ პარტიას საარჩევნო ადმინისტრაციაში მხოლოდ ერთი წევრის დანიშვნის უფლება უნდა ჰქონდეს და არა რამდენიმე წევრის, როგორც ეს შემოთავაზებული ცვლილებით არის წარმოდგენილი.

ამასთან, უნდა გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზნით, რათა საარჩევნო კომისიების მსურველ პირთა შორის უზრუნველყოფილი იყოს საუკეთესო კანდიდატების გამოვლენა.

გვაქვს ერთობლივი დეტალური რეკომენდაციები და მზად ვართ ვითანამშრომლოთ პარლამენტთან საარჩევნო ადმინისტრაციის რეალურ და ძირეულ რეფორმაზე“

სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42