როგორც ირკვევა, სანიაღვრე მილების გაწმენდისას, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ერთ-ერთი მილი გასკდა. მილის გახეთქვის შედეგად წყალი პეკინის ქუჩაზე მიედინება.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" აცხადებენ, რომ კომპანიის მხრიდან სწრაფი რეაგირება მოხდა, დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ოპერაციული მართვის დირექტორის მამუკა კიკალიშვილის თქმით, წყალმომარაგება მოსახლეობას მაქსიმუმ 12 საათის განმავლობაში აღუდგება.
„მოხდა ასეთი სამუშაო მსვლელობის დროს დაზიანება. სანიაღვრე სამსახური აკეთებდა თავის სამონტაჟო სამუშაოებს. ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ტექნიკური სამსახურების მხრიდან მოხდა უსწრაფესი გადაკეტვა წყლის, რათა არ მომხდარიყო უფრო მეტი წყლის შედინება სარდაფში,“ - განაცხადა მამუკა კიკალიშვილმა.
წყლის მილის დაზიანების შედეგად პეკინის ქუჩაზე სამი მაღაზია დაიტბორა.
თბილისის ვიცე მერის ლაშა აბაშიძის განცხადებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ზარალის დათვლის პროცესი, რის შემდეგაც დაზარალებულ მესაკუთრეებს ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ.
„გამომდინარე იმ სამუშაოებიდან, რაც მიმდინარეობს პეკინზე, როგორც იცით სრული რეაბილიტაცია ხდება, აქედან გამომდინარე მოხდა დაზიანება, 400-იანი მილი გაიბზარა და გასკდა და გამოვიდა წყალი. სამწუხაროდ, სამი მაღაზია დააზიანა. მაქსიმუმ, არა უმეტეს 12 საათში, მოხდება სრული აღდგენა. სამწუხაროდ, მაღაზიები არის დაზიანებული, მაგრამ ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ რაც მოხდა დაზიანება, აბსოლუტურად სრულად იქნება აღდგენილი,“ - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

მასალის გამოყენების პირობები






