აღსანიშნავია, რომ პრესტურის ფარგლებში ჩამოსული აზერბაიჯანელი ჟურნალისტები საქართველოს სამედიცინო ტურიზმის შესახებ მოამზადებენ სტატიებს, გააკეთებენ რადიო-სიუჟეტებს და გადაცემებს წამყვანი ტელევიზიებისთვის.
ჟურნალისტები ახლოს გაეცნენ საჩხერის მრავალპროფილურ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებას, რომელიც განთავსებულია თითქმის 5 ჰექტარზე გაშლილ 6 კორპუსში, სადაც პრაქტიკული საქმიანობა, მეცნიერების განვითარება და სწავლება პაციენტზეა ორიენტირებული. დაათვალიერეს სტაციონარული განყოფილებები, მრავალპროფილური პოლიკლინიკა, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია, კომფორტული სასტუმრო გამოკვლევებზე ჩასული პაციენტებისთვის.
„აზერბაიჯანელ ჟურნალისტთა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ჩვენი კლინიკა აღმოჩნდა. მათ დაათვალიერეს რამდენიმე დეპარტამენტი, დაინტერესდნენ დიაგნოსტიკური ნაწილით. რამდენიმე სტუმარმა გამოკვლევაც ჩაიტარა,“ - აღნიშნა „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ მენეჯერმა თამარ მელიქიძემ.
თავიანთი შთაბეჭდილებების შესახებ სტუმრებიც საუბრობენ.
ვუსატ აღაზადე - ტურისტულ თემებზე AzTV-ს გადაცემების პროდიუსერი:
„მოხარული ვარ, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის სფერო ასე ვითარდება.
რაც შეეხება კლინიკა მედი-ჰაუსს, რომელსაც ჩვენ ვესტუმრეთ, ის მომსახურეობები, რომელსაც კლინიკა თავის პაციენტებს სთავაზობს, ძალიან სერიოზულია და ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში დიდ ინტერესს გამოიწვევს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ხელი შევუწყოთ.“
აინურ ჰაჯიევა, წამყვანი ბლოგერი ინტერნეტგამოცემებზე: ATV.az, 1news.az, baku.ws:
„ზუსტად ვიცი, რომ საქართველოში ასეთი დონის სამედიცინო მომსახურება აზერბაიჯანში დიდ ინტერესს გამოიწვევს. საქართველო ჩვენთან ახლოს მდებარეობს, აქ ძალიან კომფორტული გარემოა და ფასების პოლიტიკაც ჩვენი თანამემამულეებისთვის მისაღები იქნება. ისინი აქ აუცილებლად ჩამოვლენ „საჩხერის სამედიცინო ცენტრში. უბრალოდ, ამისთვის აუცილებელია, შესაბამისი ინფორმაცია ჰქონდეთ, ამაზე კი, ჩვენ, ჟურნალისტები ვიზრუნებთ.“
გარდა სამედიცინო ცენტრისა, სტუმრებმა დაათვალიერეს ზემო იმერეთის ღირსშესანიშნაობები: მოინახულეს კაცხის სვეტი, იყვნენ აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში, ნახეს უძველესი მარნები.
„ჩვენი მიზანი იყო, სტუმრებისთვის გაგვეცნო საქართველოს ის პატარა ნაწილი, რომელსაც ზემო იმერეთი ჰქვია,“ - დასძენს „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ მენეჯერი თამარ მელიქიძე.
მასალის გამოყენების პირობები






