მერძევეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოფლის მეურნეობაში. მერძევეობის კომერციული ფერმებისა და თანამედროვე სტანდარტების რძის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა საგრძნობლად გააძლიერებს მერძევეობის სექტორს და ხელს შეუწყობს რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
,,საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას, რომლის უმნიშვნელოვანესი დარგია მეცხოველეობა- მერძევეობა. საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ინიციატივით, დარგის განვითარების კუთხით, არაერთი პროგრამა განხორციელდა. დღევანდელი ღონისძიებაც საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მერძევეობის განვითარების ხელშეწყობისკენ არის მიმართული," - განაცხადა შალვა ფიფიამ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სასოფლო სამეურნეო საწარმოების განვითარება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, არის კარგი შესაძლებლობა იმ ფერმერთათვის, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს. აღნიშნული პროგრამა დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს და საშუალებას იძლევა შეიქმნას ახალ სამუშაო ადგილები სოფლად, რაც დამატებით შემოსავალს მოუტანს სოფლად მაცხოვრებლებს.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს რძის წარმოების პროცესი. ისაუბრეს რძის გადამუშავების სრული საწარმოო ჯაჭვის (პირველადი წარმოებიდან სარეალიზაციო ქსელში პროდუქციის განთავსებამდე) გამართულ და ეფექტურ მუშაობაზე.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შპს სანტა წარმატებული მაგალითია იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი დონორი ორგანიზაციების თანმიმდევრული ხელშეწყობით შეიქმნას საწარმო, რომელიც სრულ საწარმოო ჯაჭვს მოიცავს. ასეთი მოდელის არსებობა მნიშვნელოვანი გამოცდილებაა მსგავსი ტიპის საწარმოების შექმნის მსურველთათვის.
ღონისძიების აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის ფერმერი ფერმერს და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა.
მერძევეობის განვითარების ხელშეწყობის შესახებ შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ ბრაიან სტოუნი (ფერმერი ფერმერს პროგრამის კონსულტანტი), მატი ლამპი (რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის ექსპერტი), დარეჯან კანთელაძე (შპს სანტეს მფლობელი) და ნინო სიფრაშვილი (რძის მწარმოებელთა ეროვნული ასოციაციის დირექტორი).
მასალის გამოყენების პირობები






