ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა მილთონ ჰეიგმა უკვე დაასახელა ის 23 მოთამაშე, რომლებიც არგენტინის წინააღმდეგ ითამაშებენ. შემადგენლობა თითქმის ისეთივეა, როგორიც ერთი კვირის წინ აშშ-სთან მოგებულ შეხვედრაში იყო. ხაზში ერთი ცვლილებაა - სასტარტოში ბრუნდება გარემარბი თამაზ მჭედლიძე, რომელსაც ნაკრების კვართით შარშან ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია.
ერთი ცვლილებაა შერკინების პირველ ხაზში. ლევან ჩილაჩავას ნაცვლად, რომელიც განვლილ შეხვედრაში დაშავდა, თამაშს სოსო ბეკოშვილი დაიწყებს. კიდევ უფრო ადრე, კანადასთან დაშავდა ანტონ ფეიქრიშვილი და მწვრთნელები თამაშის წინ გადაწყვეტენ ვინ იქნება ბეკოშვილის შემცვლელი - ნიკოლოზ ხატიაშვილი თუ ფეიქრიშვილი.
მილთონ ჰეიგი ამბობს, რომ ამ თამაშს 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების კუთხით უდიდესი მნიშვნელობა აქვს:
“ხვალინდელი მატჩი 2019 წლის მსოფლიო თასის მოსამზადებელი პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
ყველამ კარგად ვიცით, რომ არგენტინა ღონიერი გუნდია, რომელიც ხელით სწრაფად და უშეცდომოდ თამაშობს. მას შემდეგ რაც ის ‘ზე რაგბსა’ და ‘რაგბი ჩემფიონშიფს’ (4 ერი) დაემატა, უდავოა, რომ დღეს-დღეისობით მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდია.
ეს ჩენთვის კარგ შესაძლებლობაა ვნახოთ სად ვართ. ასეთი თამაშების შესაძლებლობა მსოფლიო თასის გარეთ ხშირად არ გვეძლევა და შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.
ამ კვირაში განსაკუთრებულად კარგად მოვემზადეთ. ადგილობრივებმა ჰუჰუიში ძალიან კარგი სტუმარ-მასპინძლობა გაგვიწიეს, რისთვისაც მათ დიდი მადლობას ვუხდი.
ფაქტია, რომ შაბათს ქართული რაგბის ისტორიაში კიდევ ერთი თავი დაიწერება. ეს არის ჩვენი მიზანი, ის რასაც დიდ ყურადღებას ვუთმობთ“.- განაცხადა ჰეიგმა.
წყარო rugby.ge
მასალის გამოყენების პირობები