20 ივნისს რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ 20 წლის საიუბილეო ღონისძიება და ქართული სიმღერის კონკურსში ”ოქროს ტალღა 2017” გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. საიუბილეო საღამოზე რადიოჰოლდინგის სპეციალური სტუმარი ფრანგი შემსრულებელი და ინსტრუმენტალისტი, პოპულარული ჯგუფის Modjo–ს ყოფილი სოლისტი იან დესტალი იქნება.
19 ივნისს, 13.00 საათზე „ოქროს ტალღის“ ორგანიზატორები და იან დესტალი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ რადიოჰოლდინგ „ფორტუნაში“ (მისამართი: თბილისი, მ.გელოვანის 2, მე-4 სართული).
მუსიკალური პროექტი, რომელსაც წარმოადგენს რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“(„ფორტუნა“, „ფორტუნა პლუსი“, „არ დაიდარდო“ და „ავტორადიო“), მეხუთე წელია რაც საქართველოში ხორციელდება და ახალგაზრდა მომღერლების აღმოჩენას, ასევე ცნობილი შემსრულებლების, კომპოზიტორების, ამ სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. წლის სიმღერის კატეგორიაში გამარჯვებულს რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ გადასცემს ფულად პრიზს 5 ათასი ლარის ოდენობით. სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებისთვის კი მზადდება ქანდაკება „ოქროს ტალღის“ ლოგოტიპით, რომელიც სპეციალურად პროექტისთვის მოქანდაკე ირაკლი წულაძემ შექმნა.
წლის სიმღერასთან ერთად კონკურსში გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:
· წლის სიმღერა
· ხალხის რჩეული
· წლის მომღერალი ქალი
· წლის მომღერალი მამაკაცი
· წლის დუეტი
· წლის ჯგუფი
· წლის საუკეთესო ახალი ვერსია (რიმეიქი)
· წლის აღმოჩენა
· რადიო „ფორტუნას“ რჩეული
· რადიო „ფორტუნა პლუსის“ რჩეული
· რადიო „არ დაიდარდოს“ რჩეული
· რადიო „ავტორადიოს“ რჩეული
· ტელეკომპანია „Musicbox” რჩეული
· წლის ქალაქური სიმღერა
· ჯილდო მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
· წლის პროდიუსერი
· ქართული კულტურის პოპულარიზაცის საზღვარგარეთ
გარდა ამისა, რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“ იტოვებს უფლებას წარმოადგინოს წლის მანძილზე ეთერში გასული ყველაზე მოთხოვნადი შემსრულებლები და დაასახელოს ფავორიტები. ნომინაციებში გამარჯვებულების ვინაობა ცნობილი გახდება დაჯილდოების ცერემონიის დღეს.
„ოქროს ტალღის“ მონაწილეთა სია კონკურსის ფარგლებში 2016 წლის მანძილზე და 2017 წლის პირველ ნახევარში ოთხივე რადიოსადგურში შემოსული და ეთერში გასული სიმღერებით დაკომპლექტდა. პროექტში დღეისთვის 125 სიმღერაა წარდგენილი.
დაჯილდოების ცერემონია „ოქროს ტალღა“ 2013 წლიდან ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები