სამუშაოს მასშტაბებიდან და მოცულობიდან გამომდინარე, პეკინის გამზირის ცალკეული მონაკვეთების დაკეტვა გახდება საჭირო.
საგზაო ინფრასტრუქტურა პეკინის ქუჩაზე 60 წელია არ შეკეთებულა.
საკომუნიკაციო ქსელის აღდგენა - გამოცვლას, კომპანია GWP განახორციელებს. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალსადენის ორ კმ-იან მაგისტრალურ ქსელს. წყალსადენის გამანაწილებელი ქსელების სამ კმ-იანი სიგრძის ძველი მილსადენები სრულად შეიცვლება ახლით. ასევე, წყალსადენის მაგისტრალური ქსელების ინფრასტრუქტურული ელემენტები სრულად განახლდება და მოეწყობა ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. წყალმომარაგების და წყალარინების ქსელების სათვალთვალო ჭებზე ახალი, ევროსტანდარტის, ჰერმეტული და ბრენდირებული თავსახურები დამონტაჟდება. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 400 მეტრი სიგრძის წყალარინების ქსელის მიწისქვეშა გვირაბულ კოლექტორს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს მსოფლიოს წამყვანი, გერმანული კომპანიების ექსპერტები განახორციელებენ.
გარდა ამისა, მოეწყობა 600 მეტრი სიგრძის ახალი სანიაღვრე ქსელი, ასევე ახალი საკონტროლო ჭები და ცხაურები, სულ 20 ერთეული. პროექტის ფარგლებში მოხდება ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი, როგორც სავალ ნაწილზე, ასევე ტროტუარებზე; დაიგება ასფალტის ახალი, ორფენიანი საფარი.
სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში წარიმართება. სამუშაოები სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება და გასტანს მიმდინარე წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე. პროექტს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „ბლექ სი გრუპი“ განახორციელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების დროს პეკინის ქუჩაზე საავტომობილო მიმოსვლა ეტაპობრივად, სხვადასხვა მონაკვეთებზე შეიზღუდება.
„პეკინის გამზირი დღეს ღამით დაიკეტება, ღამე 10 საათზე მე ჩავატარებ შტაბის სხდომას. მინიმუმ 50 წელია, რაც ფუნდამენტური რეაბილიტაცია პეკინის გამზირისა არ განხორციელებულა, შესაბამისად, ჩვენ ვაპირებთ, რომ კომუნიკაციების კომპანიებთან ერთად გამოვცვალოთ მიწისქვეშა კომუნიკაციები, აღდგეს გზის საფარი მოდიფიცირებული ასფალტით, რაც თანამედროვე ბოლო ტექნოლოგიაა, კეთილმოეწყობა ტროტუარები,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






