ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. სპორტსმენი წერს, რომ " ძალიან სერიოზული გაუგებრობა" მოხდა. ხურციძე იმედს გამოთქვამს, რომ უახლოვეს საათებში ყველაფერი გაირკვევა.
"მეგობრებო, როგორც იცით, გუშინ გავემგზავრე ამერიკაში, რათა დამეწყო მომზადება 8 ივლისის ბრძოლისთვის. ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე მოხდა ძალიან სერიოზული გაუგებრობა. იმედი მაქვს უახლოვეს საათებში ყველაფერი გაირკვევა და ისევ მომეცემა საშუალება გავნაგრძო მომზადება სანდერსთან ბრძოლისათვის.
მადლობა, რომ ყოველ წამს ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას !"- აცხადებს
ქართველი მოკრივე.არაოფიციალური ინფორმაციით, ნიუ-იორკში დაკავებულ 15 ქართველს შორის, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება, შესაძლოა ქართველი სპორტსმენები - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი იყვნენ.
ნიუ-იორკში ქართული კრიმინალური სამყაროს 15 წარმომადგენელს, ე.წ. კანონიერ ქურდებს, რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობისთვის ბრალი წაუყენეს. აღნიშნული ბრალდება სულ 33 ადამიანს წაუყენეს.
აღნიშნული დაჯგუფების საქმიანობა რეკეტს, ძარცვას, მკვლელობას, თაღლითობას, ნარკოტიკების გავრცელებასა და იარაღის უკანონოდ ტარებას მოიცავდა.
ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციაში, ე.წ. კანონიერი ქურდის რაჟდენ შულაიას, ასევე ზურაბ ჯანაშვილის, აკაკი უბილავას, ჰამლეტ უგულავასა და სხვა კრიმინალების გვარები ფიგურირებენ.
დაკავებულებიდან 18 ადამიანი სასამართლოს წინაშე უკვე წარსდგა.
მასალის გამოყენების პირობები






