ხურციძის ოჯახის ინფორმაციით, სპორტსმენი აშშ-ში გუშინ, დილის 4 საათზე გაფრინდა, რადგან 8 ივლისს შეჯიბრი აქვს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ნიუ-იორკში დაკავებულ 15 ქართველს შორის, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება, შესაძლოა ქართველი სპორტსმენები - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი იყვნენ.
ხურციძის მეგობარი იოსებ კობერიძე იმედოვნებს, რომ სახელებისა და გვარების დამთხვევასთან გვაქვს საქმე.
"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უბრალოდ ემთხვევა სახელი და გვარი. რაც შეეხება ლევან მაყაშვილს, მასზე ვერ მოგახსენებთ, ის არის თუ აქაც დამთხვევასთან გვაქვს საქმე. ავთოს პირადად ვიცნობ და ჩემთვის წარმოუდგენელია კრიმინალურ სამყაროსთან მისი კავშირი. არის ვერსია რომ ბიჭები სპეცოპერაციის დროს ცუდ ადგილზე აღმოჩნდნენ და საერთო მასაში მოხვდნან"- აღნიშნა კობერიძემ.
ავთანდილ ხურციძის დედა, მაყვალა ხურციძე კი აღნიშნავს, რომ შვილს გუშინ ესაუბრა.
"გუშინ, გამთენიის 4 საათზე გაფრინდა ეს ინფორმაცია მაქვს, სხვა არაფერი ვიცი. არავინ შეგვხმიანებია"- აცხადებს ხურციძე.
ნიუ-იორკში ქართული კრიმინალური სამყაროს 15 წარმომადგენელს, ე.წ. კანონიერ ქურდებს, რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობისთვის ბრალი წაუყენეს. აღნიშნული ბრალდება სულ 33 ადამიანს წაუყენეს.
აღნიშნული დაჯგუფების საქმიანობა რეკეტს, ძარცვას, მკვლელობას, თაღლითობას, ნარკოტიკების გავრცელებასა და იარაღის უკანონოდ ტარებას მოიცავდა.
ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციაში, ე.წ. კანონიერი ქურდის რაჟდენ შულაიას, ასევე ზურაბ ჯანაშვილის, აკაკი უბილავას, ჰამლეტ უგულავასა და სხვა კრიმინალების გვარები ფიგურირებენ.
დაკავებულებიდან 18 ადამიანი სასამართლოს წინაშე უკვე წარსდგა.
მასალის გამოყენების პირობები






