ე.წ. ციანიდის საქმე - ბრალდებული დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი მზად იყო მამა გიორგი მამალაძის თავდებით გათავისუფლება მისი შუამდგომლობით მომხდარიყო. ამის შესახებ დეკანოზის ძმამ გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა:
„როდესაც პატრიარქი ჩამობრძანდა გერმანიიდან, პირველივე დღეს ჩვენი ადვოკატები შეხვდნენ პატრიარქს, პატრიარქმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ მამა გიორგის დანაშაულში ეჭვი შეაქვს, პატრიარქმა დააფიქსირა ის პოზიცია, რომ მის უდანაშაულობაში ეჭვი არ შეაქვს და ჩვენს ადვოკატებს უთხრა, რომ მამა გიორგი არ უნდა იყოს ციხეში, მამა გიორგი უნდა გათავისუფლდეს თავდებით, შეეკითხა ადვოკატებს იურიდიულად როგორ ხდება. ჩვენმა ადვოკატებმა აუხსნეს როგორც ხდებოდა და პატრიარქს სურდა, რომ მამა გიორგი გამოსულიყო თავდებით. ჩვენმა ადვოკატებმა აუხსნეს, რომ პატრიარქის შუამდგომლობით შეიძლებოდა მამა გიორგის თავდებით გამოსვლა, რაზეც პატრიარქმა მათ დაუფიქსირა მზადყოფნა. ადვოკატების გამოსვლის შემდეგ, რატომღაც დაგვიბლოკეს პატრიარქთან შეხვედრა, აღარ გვახვედრებენ მასთან და მეუფე დიმიტრისთან“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
თორნიკე მამალაძის განცხადებით, დეკანოზის ადვოკატებსა და ახლობლებს პატრიარქთან შეხვედრის უფლებას მეუფე იაკობი არ აძლევს. იგი აღნიშნულს დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ საპატრიარქოში აღმოჩენილ დარღვევებს უკავშირებს.
მასალის გამოყენების პირობები






