Newposts: თქვენი პოეზია საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ თავის საღმრთო ლიტურღიაში ოფიციალურად შეიტანა. თქვენ პირველი და ჯერ ჯერობით ერთად ერთი თანამედროვე ქართველი პოეტი ხართ ვისაც ეს პატივი ერგო. როგორ ფიქრობთ, ეს ფაქტი თქვენს კარიერაზე და ბიოგრაფიაზე როგორ აისახება?
დეფი: დიდი რამ მოხდა. ძალიან დიდი რამ. ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიას სამოცდაათ მილიონზე მეტი აღმსარებელი ყავს მთელ მსოფლიოში. საქართველოში, ამ უნიკალურ ინსტიტუტს უკვე ასორმოცდაათი წელი შეუსრულდა და იგი როგორც მსოფლიო, ისე რა თქმა უნდა საქართველოს რელიგიური, კულტურული, საზოგადოებრივი და მისტიური იდენტობის დიდი ნიშანია. ჩემი ლიტერატურული კარიერა ვფიქრობ ახალ განზომილებაში შევიდა.
Newposts: ლიტურგიის დროს თქვენი ნამუშევრები რა ფორმით იკითხება? მას სასულიერო პირი კითხულობს თუ მრევლიდან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მსახურების დროს თქვენი სიტყვები წაიკითხოს, თქველი ლექსი და თუნდაც პოემა?
დეფი: სასულიერო პირები კითხულობენ და მრევლის წევრებიც. აღდგომის მარხვაში „სააღდგომო ლექსები“ მთლიანად, მთელი წიგნი, ოცდაერთივე ლექსი იკითხება. სხვადასხვა დღეს სხვადასხვა ლექსი. ამ წიგნში სახარების ეპიზოდები მაქვს აღწერილი. ხარებიდან ამაღლებამდე. ასევე პოემა „მეფე პოეტი“ იკითხება, როგორც სასულიერო პირების მიერ ისე მრევლის წარმომადგენლების მიერ. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტექსტი.
Newposts: ეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვიმა განაცხადა რომ ქართველ პოეტთა ოთხეულს ვისაც პროტესტანტული ეკლესიის მხრიდან ასეთი პრივილეგია ერგო, იგულისხმება ლიტურგიისას მათი პოეზიის გამოყენება, რუსთველის, დავით გურამიშვილის, ვაჟასა და ილიას გვერდით დგას დეფის პოეზია. როგორ უყურებთ ასეთ პასუხისმგებლობას? რუსთველიდან დეფიმდე ხუთი ქართველი პოეტის პოეზია მშვიდობის კათედრალში ლოცვად წარმოჩინდება. თანამედროვე პოეტებში პრეცენდენტი თქვენ შექმენით და ამ მხრივ სიით პირველი ხართ. ასეთ აღიარებას როგორ შეხვდით?
დეფი: მე ჩემ გზაზე ვარ და ამ გზამ აი ხომ ხედავთ ტაძრამდე მიმიყვანა. პოეზიასა და ლოცვას უსარულოდ დიდი კავშირი აქვთ, როგორც ერთმანეთთან ისე ადამიანის გულთან და ღმერთის გულთან. მთელი სამყაროს გულთან, რომელიც სწორედ პოეზიით ძგერს. რუსთველისა და დავითის, ვაჟასა და ილიას გვერდით ყოფნა, თანაც ეკლესიის წიაღში, ტაძარში, ღვთის სახლში, ო, ღმერთო ჩემო, ასეთი რამ ჩემთვის დიდი იდეის ნიშანია. ესაა კომპლიმენტი პირადად ღმერთისგან.
Newposts: თქვენ მშვიდობის კათედრალში, ხარება დღეს, შვიდ აპრილს წაიკითხეთ „სააღდგომო ლექსები“, პოემა „მეფე პოეტი“ და ხალილ ჯიბრანის თქვენივე თარგმნილი „წინასწარმეტყველი“, ჩვენს მკითხველს აინტერესებს რა გრძნობაა როცა ტაძარში თქვენს ნამუშევრებს კითხულობთ, რამდენადაც ვიცით არც ერთ ქართველ პოეტს ტაძარში თავისი ლექსი არ წაუკითხავს. თანაც თქვენ მიერ ჯერ კიდევ ათი წლის წინ შესრულებული თარგმანი, ჯიბრან ხალილ ჯიბრანის „წინასწარმეტყველი“ ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტში შარშან ერთმა მაგისტრმა თავის სადოქტორო დისერტაციაში გამოიყენა და დოქტორის ხარისხი Ph. D. მიენიჭა.
დეფი: დიახ ასე მოხდა. ჩემ მიერ თარგმნილი „წინასწარმეტყველი“ სადოქტორო ნამუშევრად იქნა გამოყენებული და დოქტორის ხარისხით აღნიშნული. ამ ამბავმა ძალიან გამახარა. ძალიან. რაც შეეხება თქვენი კითხვის პირველ ნაწილს - ასე გეტყვით - თავიდან ვნერვიულობდი, არ ვიცი რა მიზეზით ამიტყდა შფოთი, მაგრამ ის წამშივე მიქრა, მშვიდობის კათედრალში საოცარი მდუმარება გაჩნდა, არა სიჩუმე არამედ მდუმარება და ვიგრძენი, მივხვდი, სუნთქვა დამიმშვიდდა და კი... დიახ, ვიგრძენი ძალა. სიყვარულის გამოთქმის ძალა. ამ ძალას ყოველთვის ვგრძნობ, ამიტომაც ვწერ, მაგრამ ტაძარში კითხვისას საოცარი მისტერია ხდება. თანაც წელს, სწორედ 2017 წელს, ქრისტეს აღდგომას მთელი საქრისტიანო სამყარო, ერთად ზეიმობდა. აღდგომა ყველასთვის ერთ დღეს იყო - 16 აპრილს. რომის კათოლიკური ეკლესია, მართლმადიდებლური ეკლესია, ევანგელურ-ლუთერული ეკლესია, სომხური სამოციქულო ეკლესია, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია აღდგომის ბრწყინვალებას ერთ დღეს ზეიმობდა და სწორედ შვიდ აპრილს ხარებას მე „სააღდგომო ლექსები“, „მეფე პოეტი“ და ჯიბრანის „წინასწარმეტყველი“ წავიკითხე.
Newposts: და თქვენი შემოქმედება ამ ფაქტით კიდევ უფრო გამორჩეული გახდა. ასე თვლით? თუ ასეც უნდა ყოფილიყო?
დეფი: დიახ ასეა და ვფიქრობ ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან ასეთი საქმეები კარგად გააზრებული მომავალში დანახული მგონია. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია განათლებული, მამაცი და კეთილშობილი ადამიანების ისეთი სავანეა, სადაც ამპარტავნობა არც იციან რა არის, იქ მხოლოდ თანაგრძნობაა, იქ წრფელი გულია და დაწმენდილი გონება. იქ ქრისტეზე საუბრობენ. იქ ქრისტეს მთელი არსებით განიცდიან. სწორედ მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.
Newposts: ტაძარში ახსენეთ რომ თქვენ - მეფე პოეტი, დღეიდან ქრისტეს პოეტი ხართ. ამ ამბავს საზოგადოების მხრიდან როგორი რეაქცია მოყვა?
დეფი: ტაძარში ტაში მოყვა. მე იქვე ვთქვი რომ ნარცისიზმიც არ მაკლია-მეთქი. ვფიქრობ სიმართლე ყოველთვის სახალისოა. მწარეა მხოლოდ მათთვის ვისაც დიდი ეგო აქვს. რაც უფრო დიდია ეგო მით მწარეა მისთვის სიმართლეც. თავმდაბლობას საყვირები და დიდება მაინცდამაინც არ სჭირდება. აი შურიანი ადამიანი ამ საქმეს კი მსუბუქად ვერასდროს შეხედავს და გაგიჟდება. რა შემიძლია ვთქვა - მე ჩემ გზაზე ვარ. გზა გრძელდება და ეს გზა სასწაულია.
საღმრთო ლიტურღიისას მე ზიარება ღვინითა და პურით მივიღე, მშვიდობის კათედრალში სასულიერო პირებსა და მრევლს თუ მოწვეულ სტუმრებს, როცა ვუყურებდი სივრცე იცვლებოდა. ტაძარი თითქოს ჩვენთან ერთად რაღაც დიდ ნისლეულზე ტივტივებდა და დიდი მდუმარებაც გარს მეხვეოდა. სუნთქვა მიბუჟდებოდა და როცა ის უნიკალური მდუმარება მთლიანად შემომეხვა - დათბა. ამ სითბოში კი ყველაფრის მიზეზსა და შედეგს ვხედავდი.
ის სასულიერო პირები განსაკუთრებული სასულიერო პირები არიან. ყოველი მათგანი ასეთია. უკლებლივ ყველა. ქალიც და კაციც. დაც და ძმაც. დედაც და მამაც. ასულიც და ძეც. წინამძღვარი მალხაზ სონღულაშვილი კი სიჩუმის დიდოსტატია. დიდოსტატი.
ვუსმენდი მგალობლებს, ამ დაუჯერებელი ხმებისა და ბგერების ქურუმებს და მათთან ერთად მეც ამღერებული, ტაძრის სურნელებაში და მოოქროვილ ნისლეულში, იმ მუსიკასთან ერთად მეც სულითხორცამდე დაფლული თუ მასზე გაწოლილი, გულში ერთად ერთ სიტყვას ვიმეორებდი - მადლობა.
როგორც კი გავიაზრე თუ რა დიდი რამ მოხდა, როგორც ჩემთვის ისე ქვეყნისთვის, პოეზიისთვის, კულტურისთვის და რელიგიისთვის, ხმამაღლაც ვთქვი - მადლობა. მადლობა ჩემი აქმადე მოყვანისთვის. ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძის და საერთოდ უხუცესებისა და სასულიერო პირთა სიტყვებში რაღაც ძალზე ნაცნობი და ყოველთვის ახლობელი მარადისობა მეტყველებდა. მათ ღიმილსა და სევდიან დიდებულებაში ამონათებული ქრისტეს გზავნილი, სრული გამჭვირვალებით მაფრთიანებდა და ზედ ფიქრებზე დამესმოდა მთელი სამყაროს სუნთქვაც.
Newposts: ზოგადად საზოგადოებაში, სოციალურ ქსელში თუნდაც ამ მოვლენამ რა რეაქცია გამოიწვია?
დეფი: საოცარი რამ ხდება, პარადოქსია, მაგრამ რას ვიზამთ - ხდება. ბევრი ისევ ისე მაგინებს ან ისევ ისე მაქებს, მაგრამ ამაზე არ ვსაუბრობ, აქ ლაპარაკია ასეთ რამეზე, ასეთ მართლა პარადოქსზე - მაქებენ თუ მაგინებენ ორივეგან გინებაც და ქებაც, ერთნაირად ქრისტეს სახელით ხდება, რას იტყვით ასეთ საოცრებაზე? როგორც ადრე ისეა ახლაც, მაგრამ მერე რა? ეგ საერთოდ არაა ჩემი საქმე, არც არასდროს ყოფილა ჩემი საქმე. თუ ქრისტეს პოეტი ხარ, მაშინ აპატიე და გზა გააგრძელე, მთელი ცხოვრება ასე ვიქცევი. ვინც გაქებს კი მიიღე ეს როგორც დიდებული საჩუქარი და თქვი მადლობა. სულ ესაა ამ საქმის არსი.
Newposts: მაშინ თვითონ პოეზია რა არის თქვენთვის? თანამედროვე ქართველი მწერლისთვის, პოეტისა და რომანისტისთვის, ვისაც სიცოცხლეშივე ერგო პრივილეგია თავისი პოეზია რელიგიის განზომილებაში მოიაზრებოდეს, რუსთველის, ვაჟას დავითის და ილიას გვერდით?
დეფი: ჩემთვის პოეზია, ღვთის ხმაა ადამიანში, მისი ყოფნის სიხარულია. სიყვარულის გამოთქმა კი პოეზიის გვირგვინია ჩემთვის. ხოლო სიჩუმე ამ ყველაფრის არსი... როცა სამყაროს ყველა საიდუმლო სწორედ შენთვის იხსნება და ამ განცდას არაფერი შეედრება ქვეყნად, რადგან იგია სწორედ თავისუფლება და რადგან:
განიკურნება განუკურნებელი, შენ ამბობ თავიდან ვიშვებით თითქოს?
თუ წლები გავლენ საუკუნენი, ერთმანეთს მაშინ როგორღა ვიცნობთ?
პასუხს ელოდნენ მისგან მით უფრო, მესსიის ხმაში შუქი გალობდა
და თორმეტივეს ერთად მიუგო: თქვენი გზა ვიქნები თქვენი აღდგომა,
სახებას შეიცვლის მთელი ქვეყანა, ღვინოდ დამლევენ პურად შემჭამენ,
წარმოშობილნი თუ კი ჩემგან ხართ, თქვენ სიყვარულით იცნობთ
ერთმანეთს.
მასალის გამოყენების პირობები