ღონისძიება გახსნა თამარ ბაგრატიამ - საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა. შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს გიგლა აგულაშვილმა - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, ნილს სკოტმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, და ვინსენტ რეიმ - საქართველოში ეროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა.
შავი ზღვის მონიტორინგის შედეგები წარადგინეს იაროსლავ სლობოდნიკმა - კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელმა, და არჩილ გუჩმანიძემ - საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა.
გამომსვლელებმა ისაუბრეს კვლევის მთავარ მიგნებებზე და იმ პრობლემებზე, რომელთა გადაწყვეტა აუცილებელია შავი ზღვის გადასარჩენად.
შავი ზღვის ერთობლივი მონიტორინგი განხორციელდა 2016-2017 წელს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით. ამ უნიკალურ კვლევაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა, უკრაინელმა და ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყნის მკვლევარებმა.
მონიტორინგის ფარგლებში ჩატარდა უნიკალური დაკვირვებები, რომლებიც ადრე არასდროს განხორციელებულა. მათ შორის, წყლის დაბინძურების ზოგადი კვლევა და ძირითადი დამაბინძურებლების გამოვლენა, ჟანგბადის ფენის ცვლილების კვლევა, ჟანგბადის ფენის ქვემოთ მობინადრე ცოცხალი ორგანიზმების კვლევა, შავი ზღვის დელფინების ფოტოგრაფიული კატალოგის შედგენა.
კვლევამ გამოავლინა ის ძირითადი გამოწვევები, რომლებთან გამკლავება აუცილებელია შავი ზღვის გადასარჩენად. მონიტორინგის შედეგად ასევე განისაზღვრა ის კოორდინირებული ქმედებები, რომლებიც უნდა განახორციელონ შავი ზღვის აუზის ქვეყნებმა ევროკავშირის წყლის კანონმდებლობის შესაბამისად.
შავი ზღვის ერთობლივი მონიტორინგი ხელს უწყობს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ საქართველოსა და უკრაინის შეთანხმებების განხორციელებას და ამ ქვეყნების მიერ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.
პროექტ EMBLAS-ის ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთი ნეგატიური ტენდენცია, რაც კვლევამ დაადასტურა, შავ ზღვაში ჟანგბადის სფეროს კიდევ უფრო შემცირებაა. შავ ზღვაში ჟანგბადით მდიდარი ზედა ფენის ქვემოთ, სიღრმისეულ ფენებში ზღვის წყალი უჟანგბადოა, რომელიც გაჯერებულია წყალში გახსნილი გოგირდწყალბადით. ზღვის უმეტესი და უმთავრესი ბინადრები (დელფინები, თევზები და სხვა) ზემო, ჟანგბადით მდიდარ ზღვის წყალში ბინადრობენ და თუ ეს ფენა მცირდება – მცირდება მათი საარსებო სივრცეც.
კვლევის პროცესში მეცნიერებმა შავი ზღვის უჟანგბადო სიღრმისეულ ფენებში 2 კმ სიღრმიდან მოიპოვეს მიკრობების ახალი სახეობები. აღმოჩნდა, რომ შავი ზღვის ფსკერზე ბინადრობს ათობით სახელობის ბაქტერია და არქე, რომლებიც მსოფლიო ოკეანის ფსკერზე გვხვდებიან, ისიც მხოლოდ წერტილოვნად”. ეს ნიშნავს იმას, რომ შავი ზღვის სიღრმეების უჟანგბადო ზონა არ არის “მკვდარი უდაბნო”.
გარდა ამისა, კვლევის დროს ღია ზღვაში დაფიქსირდა უნიკალური თევზის სახეობებიც, მაგალითად პელაგიური ნემსთევზა (Syngnathus Schmidti Popov) და Ctenolabrus Rupestris Linnaeus.
ამ კვლევების შედეგად ზღვის წყალში, ფსკერის დანალექებში, მოლუსკებსა და თევზებში გაანალიზდა 2100-მდე დამაბინძურებელი ნივთიერების არსებობა და კონცენტრაცია. ამ ნივთიერებებში შედის ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი პრიორიტეტული დამაბინძურებლები, რომელთა კონტროლის ვალდებულება აღებული აქვს ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას. ასევე ფარმაცევტული პრეპარატები, პესტიციდები, ბიოციტები, ცეცხლსაქრობი ნივთიერებები საწარმოო ქიმიკატები და სხვა დამაბინძურებლები, რომლებიც გავლენას ახდენენ წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე.
კვლევის შედეგებით, თევზის ქსოვილებში აღმოჩენილია ორგანიზმისთვის ტოქსიკური სხვა ნივთიერებებიც: ვერცხლისწყალი და დიოქსინები. ” პესტიციდების მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა არა მხოლოდ უკრაინასა და საქართველოს სანაპირო წყლებში, არამედ ღია ზღვაშიც”, – წერია ანგარიშში. ყველა შესაძლო 2100 დამაბინძურებლიდან შავ ზღვაში ნანახი იქნა 145 ნივთიერება. სინჯების დამუშავების შედეგებმა საქართველოს წყლებში აჩვენა ნივთიერებები, რომლებიც ხვდება ზღვაში სატრანსპორტო საშუალებებიდან, სასოფლო-სამეურნეო და საწარმოო ნარჩენებიდან.
-კვლევაში ასევე წერია, რომ ნივთიერება, რომელიც წარმოადგენს გარუჯვის საწინააღმდეგო კრემის მთავარ შემადგენელ ნაწილს, ზღვის ორგანიზმებისთვის ზიანის მომტანი კონცენტრაციით იქნა დაფიქსირებული საქართველო სანაპიროებთან.
კვლევაში წერია, რომ ამ პრობლემებთან საბრძოლველად საჭიროა დამაბინძურებელ ნივთიერებათა წყაროების დადგენა და გამწმენდი ნაგებობების მუშაობის სრულყოფა (გადაიარაღება), რაც დიდ სირთულეს წარმოადგენს.
კვლევის შედეგებით, შავ ზღვაში აღმოჩენილია ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება ტექსტილის, ტანსაცმლისა და შესაფუთი მასალების წყალმედეგობისთვის, ასევე ფარმაცევტული პრეპარატები (პარაცეტამოლი), კოფეინის მაღალი კონცენტრაციები და სხვა. ასევე დაფიქსირდა ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პროდუქციის (ქსოვილების, პლასტმასის და ავეჯის) წარმოებისას აალების საწინააღმდეგო დანამატად.
მონიტორინგისას მკვლევარებმა დააფიქსირეს დიდი ოდენობის მცურავი მყარი ნარჩენები შავი ზღვის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც სანაპიროდან, სავარაუდოდ, დინებამ გაიტანა ასე შორს. მეცნიერების ცნობით, ნაგავი, რომელიც ხვდება ზღვაში, ზღვის ბინადრებისთვის დიდ საშიშროებას წარმოადგენს.
მცირდება “ზღვის ყვავილობა”, ანუ ფიტოპლანქტონის მასობრივი გამრავლება, რასაც შემდგომში ჭარბად დაგროვებული წყალმცენარეების მასიური ლპობა და წყალში ჟანგბადის რაოდენობის შემცირება მოჰყვება შედეგად. გაუწმენდავი საყოფაცხოვრებო წყლების ჩაშვება ზღვაში, ასევე მდინარეების გავლით სასოფლო-სამეურნეო სასუქების და სარეცხი საშუალებების ზღვის წყალში დიდი ოდენობით მოხვედრა იწვევს ზაფხულ-შემოდგომის პერიოდში გოგირდწყალბადის წარმოქმნას შელფის ფსკერისპირა შრეებში.
მასალის გამოყენების პირობები






