“იცოდეთ, მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ბოლომდე არ უნდა გაუშინაურდეთ ერთმანეთს. ეს უნდა ემჩნეოდეს თქვენს საუბარს, ჩაცმას, გარეგნობას, ქცევას... თქვენში მუდამ უნდა იყოს რაღაც მიუწვდომელი, ამასთან, მეუღლესთან ყოველი შეხვედრა ორივესთვის ზეიმი უნდა იყოს. ერთმანეთის მონატრების გრძნობა არ უნდა დაკარგოთ (ძველ დროს, საერთოდაც ცოლ-ქმარს ცალ-ცალკე ოთახებში ეძინათ და მათი შეხვედრა იყო დიდი სიხარული), თუმცა ხანგრძლივი განშორებაც არ შეიძლება და ყველაფერში ოქროს შუალედი უნდა დაიცვათ.
სიყვარული რომ არ განქარდეს და ოჯახმა ბედნიერება შეინარჩუნოს, მისმა წევრებმა ერთმანეთისთვის ცხოვრება უნდა ისწავლონ და თავისი გარემო მცირე ეკლესიად აქციონ. რას ნიშნავს ეს? ოჯახში იერარქია (უფროს-უმცროსობა) უნდა იყოს დაცული და მისი თავი უნდა იყოს ქმარი, როგორც ამას უფალი ბრძანებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი რაიმეთია უპირატესი, არამედ მას მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ევალება მზრუნველობა და დაცვა ოჯახისა. ზრუნვა კი გულისხმობს არა მარტო მატერიალურ უზრუნველყოფას, არამედ ღვთის წინაშე მეოხებასაც. ლოცვა რა თქმა უნდა, მეუღლეთა საერთო ვალდებულებაა და ხშირად ქალები უფრო გულმხურვალენიც არიან. მაგრამ წესით ქმარმა უნდა დალოცოს მეუღლე და ორივემ - შვილები. დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველდღიურად ოჯახის წევრების ერთად ლოცვას და ეკლესიურ ცხოვრებას. სასურველია, ორივემ ზეპირად იცოდეს დასაწყისი ლოცვები, 50-ე და 90-ე ფსალმუნები, “იესოს ლოცვა”, “მოწყალებისა კარი განგვიღე”, და სხვა”
თითოეული თავის თავში და თავის მეუღლეში უნდა ცდილობდეს ახალი გრძნობების, ახალი სიმაღლეების აღმოჩენას. ამის მიღწევა კი მით უმეტეს სულიერი განვითარების გარეშე, შეუძლებელი იქნება. უამისოდ წყვილი ადვილად ამოწურავს ერთმანეთს და ერთიმეორისადმი ინტერესიც დაეკარგებათ. ურთიერთობა აღმოჩნდება ხანმოკლე, ზედაპირული და ხორციელ კავშირზე აგებული და თუ ურთიერთობა მხოლოდ მიწიერი, ვიწრო ინტერესებით შემოიფარგლება, რა თქმა უნდა, მჯობნის მჯობნი არ დაილევა და გულაცრუების მიზეზიც ადვილად გაჩნდება. სულიერი ერთობა კი მტკიცეა და ხანიერია.”, - ნათქვამია პატრიარქის წინასიტყვაობაში.
მასალის გამოყენების პირობები






