საქართველო: 2013 წლის კონსულტაციები, IV მუხლის ფორმატში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დასკვნითი განცხადება
(არაოფიციალური თარგმანი)
2013 წლის 10 ივნისი (წყარო)
1. საქართველოს აქვს უზარმაზარი შესაძლებლობები შემდგომი რეფორმების გატარების და საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის. თუ მთავრობა, დაგეგმილისამებრ, შეძლებს ქვეყნის მიღწევების გამოყენებას და ქვეყნის შენების გაგრძელებას – სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებას, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფას, საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მეტ გამჭვირვალობას, ადამიანის თავისუფლების კონტექსტში ძირითადი უფლებების დაცვას, სიღარიბესთან და უთანასწორობასთან ბრძოლასა და სავაჭრო ხელშეკრულებების დადებას უმსხვილეს პარტნიორებთან, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერას, პოტენციური სარგებელი საშუალო ვადიან პერიოდში უდაოდ დიდი იქნება. თუმცა, ამ გზაზე ბევრი გამოწვევაა.
2. სამწლიანი, სწრაფი ეკონომიკური ზრდის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა შენელდა, პოლიტიკური ძალაუფლების გადაბარებასთან დაკავშირებით. 2010 - 2012 წლის პირველი ნახევარში საშუალოდ 7 პროცენტით ზრდის შემდეგ, ეკონომიკამ შენელება დაიწყო 2012 წლის მესამე კვარტალში. ინფლაცია მკვეთრად შემცირდა: 15- დან (მაისი, 2011)- 1.7 პროცენტამდე (აპრილი, 2013), რაშიც აისახა გაცვლითი კურსის გამყარების ეფექტი ლაგით და ფასების კლება სურსათსა და ენერგო მატარებლებზე (რომელსაც მთავრობამ უზრუნველყო). იმავდროულად შენელდა ადგილობრივი მოთხოვნა.
3. ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება, რომელიც სავარაუდოდ გასულ წელს არჩევნებამდე დაიწო, ასახავს პოლიტიკური გაურკვევლობებს და შეფერხებებს ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში. მეზობელ ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შენელებამაც უარყოფით გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე, თუმცა, გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ინვესტორები უკვე იჩენდნენ სიფრთხილეს. არჩევნების შემდეგ ეს სიფრთხილე თითქოსდა გაძლიერდა მთავრობის მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შენელებით, მოსალოდნელზე მაღალი რეალური საპროცენტო განაკვეთებითა და პოლიტიკური დაძაბულობით. ბიზნეს წრეების ინფორმაციით, ძირითადი რეფორმების (თუმც ბევრ შემთხვევაში სასურველი რეფორმების) გამოცხადება არსისა და განხორციელების დეტალების გახმოვანების გარეშე (მაგ. ჯანდაცვის რეფორმა, შრომის კოდექსი, საპარტნიორო ფონდი და ახალი კერძო საინვესტიციო ფონდები) გაურკვეველს ხდიდა სამთავრობო პოლიტიკას.
4. თუ პოლიტიკური მდგომარეობა სტაბილურობას შეინარჩუნებს, გაურკვევლობა იკლებს და ბიზნესისთვის მხარდამჭერი ეკონომიკური პოლიტიკა გატარდება, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში საქართველოს ეკონომიკა სწრაფად გაიზრდება. ამ ეტაპზე პროგნოზები ჩვეულზე მეტ გაურკვევლობას ეფუძნება, თუმცა, ჩვენი საბაზისო გათვლებით ეკონომიკური აქტივობა წლის დარჩენილ პერიოდში სწრაფად გაიზრდება (წლიური ზრდის ტემპი წლის დარჩენილ პერიოდში დაახლოებით 8 პროცენტი იქნება, სეზონურობის ეფექტის გამორიცხვით). პირველ კვარტალში ზრდის დაბალი მაჩვენებლის გათვალისიწნებით, დარჩენილ დროში ზრდის მაღალმა ტემპმა 2013 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 4 პროცენტიანი ზრდა უნდა უზრუნველყოს. ხოლო 2014 და შემდეგ წლებში ზრდა ისევ 6 პროცენტ იქნება. ამ შემთხვევაში ინფლაცია წლის ბოლოსთვის 1½ პროცენტამდე შეიძლება გაიზარდოს და 2014 წლის დასასრულისთვის დაახლოებით 5 პროცენტს მიაღწიოს. აღნიშნულ პროგნოზს თავისი რისკები გააჩნია როგორც მატების ასევე კლების მხრივ: მატების მხრივ: რუსეთის ბაზრის გახსნა და გაზრდილი ინვესტიციების შემოდინება, კლების მხრივ: პარტნიორ ქვეყნებში შენელებული ზრდა და შეფერხებები ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების პროცესში. თუ ქვეყნის ხელისუფლება მონეტარული და ფისკალურ პოლიტიკით განსაზღვრულ ზომებს განახორციელებს ქვემოთ მითითებულის თანახმად, და უფრო გასაგებს გახდის ეკონომიკური პოლიტიკის დეტალებს, მაშინ ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება დროებითი იქნება.
5. მისია მხარს უჭერს ახალი მთავრობის პროგრამას მეტად ინკლუზიური გახადოს ზრდა. ბოლო ათწლეულის ზრდის სწრაფმა ტემპმა ვერ უზრუნველყო დასაქმების ზრდა. საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უმუშევარია ან არასრულად დასაქმებულია სოფლის–მეურნეობის სფეროში. შესადარ ქვეყნებთან მიმართებით საქართველოს სიღარიბის მაჩვენებლები უარესია. კიდევ უფრო სავალალოა უთანასწორობის მაჩვენებლები. სოციალური ხარჯების და აგრარული სექტორის დახმარების მნიშვნელოვანმა ზრდამ, რომელიც უკვე ხორციელდება ახალი მთავრობის მიერ, უნდა მოაგვაროს ეს საკითხები. ხსენებულის მიუხედავად, რადგან გრძელვადიანი და ძლიერი ეკონომიკური ზრდა სამუშაო ადგილების შესაქმნელადაც საჭიროა, სოციალურ საკითხებზე აქცენტების გარდა მთავრობამ უფრო აქტიურად უნდა აამოქმედოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, ბიზნეს წრეებს და ინვესტორებს რწმენა უნდა გაუძლიეროს შემუშავებულ პოლიტიკაში გაურკვევლობათა შემცირების გზით.
მაკროეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკის გაჯანსაღებსითვის
6. ფისკალურმა პოლიტიკამ ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკას. 2012 წლის მეოთხე და 2013 წლის პირველ კვარტალში მთავრობის კაპიტალური ხარჯები შემცირდა შესყიდვების პროცედურების გამკაცრების და ზოგ სამშენებლო კომპანიში წარმოჩენილი ფინანსური სირთულეების გამო. 2013 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო მოხმარებამ იკლო: შესყიდვების ახალი წესების დაინერგვის და ცენტრალიზებული შესყიდვების გამო (რამაც მნიშვნელოვანი დანაზოგების გაკეთების შესაძლებლობა შექმნა). მთავრობის ხარჯვის კლება აისახა ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებაზე. ახლა საჭიროა აღნიშნული საპირისპიროდ შეიცვალოს წლის დარჩენილ პერიოდში. ზრდის და ინფლაციის დაბალმა ტემპმა შეიძლება სავარაუდოდ 290 მილიონი ლარით, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 1 პროცენტით შეამციროს შემოსავლები 2013 წელს. დაბალი ინფლაციისა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების პირობებში არსებობს ავტომატური ფისკალური სტაბილიზატორების ამოქმედების შესაძლებლობა. ნაკლები შემოსავლები ნაწილობრივ უნდა დარეგულირდეს მთავრობის მიერ საბიუჯეტო სახსრების ნაკლები ხარჯვით (რაც შესაძლებელია, რადგან ფასები პროგნოზზე დაბალია), და ასევე შეიძლება საჭირო იყოს ფისკალური დეფიციტის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2.8 დან დაახლოებით 3.3 პროცენტამდე გაზრდა.
7. მაშინ როდესაც ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალია, მონეტარული პოლიტიკის შემდგომი შემსუბუქება ასევე გამართლებულია. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე შეამცირა პოლიტიკის განაკვეთი. 2011 წლის შუა პერიოდში არსებული 8 პროცენტიდან ამღამინდელ 4.25 პროცენტამდე. ხსენებულის მიუხედავად, კრედიტების ზრდის დონე 2011 წლის ბოლოს 30 პროცენტიდან - 2013 წლის მარტის ბოლოსთვის 12 პროცენტამდე შემცირდა. ინფლაცია გაცილებით ნაკლებია საქართველოს ეროვნული ბანკის 6 პროცენტიან საშუალოვადიან ორიენტირთან შედარებით. მისია რეკომენდაციას იძლევა პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი შემცირების მიმართულებით. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია, რომ არსებული შემცირებით საბანკო ანაბრებსა და სესხებზე საპროცენტო განაკვეთების კლება იქნეს უზრუნველყოფილი – განსაკუთრებით გრძელვადიან საბანკო პროდუქტებზე (სადაც საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად მაღალია). ხსენებულის მიზნით, მისია მხარს უჭერს საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც მთავრობა სახაზინო ვალდებულებებს გამოუშვებს და შემოსავლები ხანგრძლივი პერიოდით განთავსდება კომერციულ ბანკებში, რათა სტიმულირებული იქნეს ბანკების მიერ ლარით გრძელვადიანი დაკრედიტება. სხვა ალტერნატივები გულისხმობს კომერციულ ბანკების მეტ ხელმისაწვდომობას საქართველოს ეროვნული ბანკის ლარის რესურსებზე, ბანკების მიერ ცვლადი საპროცენტო განაკვეთის სესხების დანერგვის შემდგომ სტიმულირებას, პრუდენციული ინსტრუმენტების გამოყენებას ლარიზაციის წასახალისებლად (დოლარიზაციის საწინააღმდეგოდ) და ფინანსური სისტემის გაღრმავებას (საპენსიო ფონდების განვითარება).
8. ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა აუცილებელია და თანამშრომლობა საჭიროა, რათა მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა თანხვედრ რეჟიმში მუშაობდეს ეკონომიკური განვითარების არსებული შენელების დასრულებისთვის. მისია მიესალმება საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივას მეტად გამჭვირვალე გახადოს და გააუმჯობესოს "ინფლაციის ანგარიში" და სისტემატიურად შეხვდეს დაინტერესბული ადამიანებს ინფლაციასთან
დაკავშირებული ვითარების და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებების მიზეზების განმარტების მიზნით. ამასთან, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ფინანსთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ისე რომ დაცული იყოს ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა, გააიოლებს ბოლოდროინდელი შენელების მიზეზების გაანალიზებას, დიაგნოსტირებას და კოორდინირებული, საპასუხო მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის შემუშავებას.
9. მთავრობამ უნდა გააძლიეროს კომუნიკაცია საკუთარი პოლიტიკის შესახებ. მთავრობის რეფორმის საერთო მხარდაჭერის ფონზეც კი, დაუხვეწავმა და დეტალებს მოკლებულმა განცხადებებმა გაურკვევლობები განაპირობა: შრომის კოდექსის შემთხვევაში – ძირითად დაინტერესებულ წრეებთან რთულმა და დროში გაწელილმა კონსულტაციებმა პოლიტიკის სიცხადე ვერ უზრუნველყო. აუცილებელია დეტალების შეჯერება პოლიტიკის მიზნის, განხორციელების და ვადების შესახებ სანამ ახალი გადაწყვეტილება გამოცხადდება, რათა ეკონომიკის მოთამაშეები ამ პოლიტიკის მიმართ რწმენით გაიმსჭვალონ.
10. საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და საგარეო ვალი საშუალოვადიან პერიოდში უნდა შემცირდეს. ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების გამო ბოლოდროინდელი კლების მიუხედავად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისევ მაღალია – მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საშუალოდ 11.5 პროცენტი 2010 -2012 წლებში. რეგიონში ეს ერთ-ერთი მაღალი დეფიცია. ამ კონტექსტში მთლიანი საგარეო ვალის მაჩვენებელმა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 80 პროცენტს მიაღწია. ნაწილობრივ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კაპიტალის დიდ შემოდინებების გამოხატულება, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის შესყიდვის მიუხედავად, აღკვეთდა აუცილებელი, "რეალური გაცვლითი კურსის" კორექტირებას. საქართველოს საგარეო ვალის მდგრადობის უზრუნველსაყოფად და გაცვლითი კურსის შოკებისგან ან კაპიტალის შემოდინების მკვეთრი შეწყვეტის რისკისგან დასაცავად მთავრობამ ეტაპობრივად უნდა შეამციროს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და ის დაიყვანოს უფრო მდგრად დონემდე – საშუალოვადიან პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 6.5 პროცენტი. ეს მოხერხდება ფისკალური კონსოლიდაციის გაგრძელებით, უფრო მაღალი კერძო დანაზოგებით, გაცვლითი კურსის კორექტირებითა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისკენ მიმართული სტრუქტურული რეფორმების საშუალებით.
კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესება
11. მთავრობამ ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ მისი მონაწილეობა ენერგეტიკის სექტორში იყოს გამჭვირვალების და სამართლიანი "თამაშის წესების" დაცვით, რის მეთვალყურეობაც ენერგეტიკის დამოუკიდებელი მარეგულირებლი უზრუნველყოფს:
• ტარიფების ბოლოდროინდელმა შემცირებამ ელ. ენერგიის სადისტრიბუციო კომპანიების რენტაბელობა შეამცირა და შეიძლება შეაფერხოს ინვესტირება. გამჭვირვალობის მიზნით მთავრობას მოვუწოდებთ გამოაქვეყნოს ელ. ენერგიის სადისტრიბუციო კომპანიებთან მიღწეული შეთანხმებების პირობები, რათა ტარიფების შემცირების უკან მდგომი მიზეზები გასაგები გახდეს.
• საქართველოს უზარმაზარი პოტენციალის რეალიზაციისთვის საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად მთავრობამ თავის პარტნიორებთან ერთად უნდა იმუშაოს დარგის მარეგულირებელი ჩარჩო სისტემის გასაუმჯობესებლად. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას დაუბრუნდნენ წესებზე დამყარებულ მექანიზმს ენერგო ფასების განსაზღვრისას და ოპერატიულად შეიმუშაონ ენერგო პოლიტიკის სტრატეგია.
• ზემოთხსენებულმა ნაბიჯებმა უნდა შეამსუბუქონ ინვესტორების წუხილი იმის თაობაზე, რომ მთავრობა შეიძლება მომავალშიც ჩაერიოს ფასებისა და გადამცემი ხაზების წვდომის განსაზღვრაში. ამით ახალი ინვესტიციების წახალისება მოხდება. იგივე მიდგომით შეიძლება შემცირდეს ენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებათა აუცილებლობაც, რომელიც მთავრობას მნიშვნელოვნად უზრდის სავარაუდო ვალდებულებებს და ამდენად მხოლოდ ბოლო ინსტანციად უნდა იქნეს დაშვებული – მას შემდეგ, რაც ენერგო პოლიტიკის სტრატეგიაში აღნიშნული ყველა სხვა მეთოდი გამოყენებული იქნება.
• მისია მთავრობას მოუწოდებს, რომ ბუნებრივ აირზე ფასების განსაზღვრისას მაქსიმალურად მოხდეს პოტენციურად მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მიღება, რაც ბუნებრივი აირის იმპორტის დაბალი ფასით არის შექმნილი.
12. მთავრობამ გარკვევით უნდა ახსნას სხვადასხვა საინვესტიციო ფონდების როლი და გააუმჯობესოს მათი მმართველობა:
• მისია მიესალმება სუვერენულ ფონდის (ამჟამინდელი საპარტნიორო ფონდის მემკვიდრე) მმართველობის და ღიაობის წარმატებულად განხორციელებულ გაუმჯობესებას და მხარს უჭერს შემდგომ ნაბიჯებს ფონდის მართვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ასეთი გაუმჯობესება სუვერენულ ფონდს უფრო ფასეულ საინვესტიციო პარტნიორად აქცევს.
• ახალი საინვესტიციო ფონდების (სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი, კერძო საინვესტიციო ფონდი) მიზნები და მმართველობის სტრუქტურა და მათ მიერ რეალურად მოზიდული დაფინანსების მოცულობა რაც შეიძლება მალე უნდა იქნეს განცხადებული. განზრახვა უდაოდ კარგია, თუმცა ამ ფონდების პოტენციური ზომამ, გაურკვევლობამ მათ საქმიანობის არეალთან დაკავშირებით და შესაძლო პრეფერენციული მიდგომამ შეიძლება სხვა ინვესტორებს ფულის დაბანდება გადააფიქრებინოს. ფონდები არ უნდა ქმნიდეს ინტერესთა კონფლიქტის არანაირ ალბათობას.
• დაბოლოს, საქართველოში კერძო ინვესტიციების სიმცირის მიზეზების დიაგნოსტირება ახალ ფონდებს უფრო ეფექტურს გახდის ან გამოავლენს ნაბიჯებს, რომელიც საჭიროა ინვესტიციების სტიმულირებისთვის.
ინკლუზიური ზრდის სტიმულირება
13. თუ დაბალანსებულად განხორციელდა, შრომის კოდექსის რეფორმამ შეიძლება უფრო ინკლუზიური ზრდა წაახალისოს. არსებული შრომის კოდექსი გულისხმობდა ადამიანის სამსახურიდან დათხოვნას დამსაქმებლის სურვილის საფუძველზე უმუშევრობის დახმარების სისტემის არარსებობისა და ზეგანაკვეთური მუშაობის დამატებითი ანაზღაურების გარეშე. დასაქმებულები მნიშვნელოვან გაურკვევლობებს აწყდებოდნენ. ეს უნარებსა და საკადრო რესურსში ინვესტიციების სურვილს ამცირებდა და დასაქმების მაჩვენებელი მხოლოდ უმნიშვნელოდ იზრდებოდა. უფრო დაბალანსებული შრომის კოდექსი, რომლის ფარგლებშიც დამსაქმებლებს მოეთხოვებათ დაასაბუთონ კადრის სამსახურიდან დათხოვნის მიზეზები და უმუშევრობის სარგოს გაზრდილმა მოცულობამ შეიძლება გაზარდოს შრომის მოტივაცია და პროდუქტიულობა. ამით საქართველო დააკმაყოფილებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროკავშირის წინაშე მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
14. სოციალური ხარჯების ზრდამ ქვეყანაში უნდა გააუმჯობესოს სოციალური მდგომარეობა, თუმცა შესაძლებელი იყო მათი უკეთ მიმართვა უთანასწორობის შემცირებაზე:
• მთავრობის სოციალური ხარჯების ზრდის 80 პროცენტი წარმოადგენს საყოველთაო დახმარებებს (ღარიბებზე ორიენტირების გარეშე), ხოლო მხოლოდ 20 პროცენტი იქნება თარგეთირებული სოციალური დახმარება. სოციალური შეღავათებისა და დახმარების (ამჟამად იღებს მოსახლეობის 10 პროცენტი) ოდენობა გაორმაგდა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ დარჩენილი მოსახლეობის (დაახლოებით30 პროცენტი) მოცვის არეალის გაფართოებაც შეიძლება გათვალისწინებული ყოფილიყო.
• ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის სისტემის დანერგვამ შეიძლება გააუმჯობესოს ჯანდაცვის მდგომარეობა და შეამციროს ჯანდაცვის სექტორში (რასაც მშპ-ს დაახლოებით 10 პროცენტი უკავია) ამჟამად არსებული მაღალი ფასები, თუ საჯარო სექტორის წარმადობა საკმარისია. სოციალური მომსახურების სააგენტოსთვისდაზღვევის მომსახურების საკვანძო ელემენტების გადაბარება კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ კერძო დაზღვევის ბაზარს მნიშვნელოვნად შეამცირებს. მისიის რეკომენდაციაა, რომ კერძო სადაზღვევო სისტემა უნდა შენარჩუნდეს, ხოლო პროცედურები და მათ მიმართ მოთხოვნები გაძლიერდეს. რეფორმა ვერ აგვარებს მედიკამენტების მაღალი ფასის/თანადაფინანსების პრობლემას (რაც ხშირად გაღარიბების მიზეზი ხდება) და არასაკმარისი კეთდება "ჯენერიკ", ნაკლებხარჯიანი მედიკამენტების გამოყენებისთვის.
• მისია მიესალმება მთავრობის გეგმებს განათლების სისტემის გაუმჯობესების თაობაზე, რაც გულისხმობს სკოლამდელი განათლების დაწესებულებებზე გაზრდილ გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას, სახელმძღვანელოების დაფინანსებასა და პედაგოგების ხელფასების გაზრდას.
• დაბოლოს, პენსიების შესახებ მისიის რეკომენდაციაა შემდგომი ზრდა დაკავშირებული იყოს ინფლაციასთან. საშუალოვადიან პერიოდში მაღალი პენსიებისთვის შესაძლოა შენატანების სისტემა გახდეს საჭირო.
15. საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდი მადლობას უხდის ქვეყნის ხელისუფლებას ვიზიტის ფარგლებში წარმოებული ღია და კონსტრუქციული შეხვედრებისთვის. მადლობას მოვახსენებთ ასევე ბევრ პარტნიორს სოციალურ სფეროში და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებმაც დრო არ დაიშურეს ჩვენთან შესახვედრად და დაგვეხმარნენ ქვეყანაში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარების უკეთეს აღქმასა და გაცნობიერებაში.
მასალის გამოყენების პირობები






