"საქართველოს აქვს უზარმაზარი შესაძლებლობები შემდგომი რეფორმების გატარების და საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის.
თუ მთავრობა, დაგეგმილისამებრ, შეძლებს ქვეყნის მიღწევების გამოყენებას და ქვეყნის შენების გაგრძელებას – სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებას, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფას, საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მეტ გამჭვირვალობას, ადამიანის თავისუფლების კონტექსტში ძირითადი უფლებების დაცვას, სიღარიბესთან და უთანასწორობასთან ბრძოლასა და სავაჭრო ხელშეკრულებების დადებას უმსხვილეს პარტნიორებთან, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერას, პოტენციური სარგებელი საშუალო ვადიან პერიოდში უდაოდ დიდი იქნება. თუმცა, ამ გზაზე ბევრი გამოწვევაა.
თუ პოლიტიკური მდგომარეობა სტაბილურობას შეინარჩუნებს, გაურკვევლობა იკლებს და ბიზნესისთვის მხარდამჭერი ეკონომიკური პოლიტიკა გატარდება, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში საქართველოს ეკონომიკა სწრაფად გაიზრდება.
ამ ეტაპზე პროგნოზები ჩვეულზე მეტ გაურკვევლობას ეფუძნება, თუმცა, ჩვენი საბაზისო გათვლებით ეკონომიკური აქტივობა წლის დარჩენილ პერიოდში სწრაფად გაიზრდება (წლიური ზრდის ტემპი წლის დარჩენილ პერიოდში დაახლოებით 8 პროცენტი იქნება, სეზონურობის ეფექტის გამორიცხვით).
პირველ კვარტალში ზრდის დაბალი მაჩვენებლის გათვალისიწნებით, დარჩენილ დროში ზრდის მაღალმა ტემპმა 2013 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 4 პროცენტიანი ზრდა უნდა უზრუნველყოს. ხოლო 2014 და შემდეგ წლებში ზრდა ისევ 6 პროცენტი იქნება. ამ შემთხვევაში ინფლაცია წლის ბოლოსთვის 1½ პროცენტამდე შეიძლება გაიზარდოს და 2014 წლის დასასრულისთვის დაახლოებით 5 პროცენტს მიაღწიოს.
აღნიშნულ პროგნოზს თავისი რისკები გააჩნია როგორც მატების ასევე კლების მხრივ: მატების მხრივ: რუსეთის ბაზრის გახსნა და გაზრდილი ინვესტიციების შემოდინება, კლების მხრივ: პარტნიორ ქვეყნებში შენელებული ზრდა და შეფერხებები ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების პროცესში. თუ ქვეყნის ხელისუფლება მონეტარული და ფისკალურ პოლიტიკით განსაზღვრულ ზომებს განახორციელებს ქვემოთ მითითებულის თანახმად, და უფრო გასაგებს გახდის ეკონომიკური პოლიტიკის დეტალებს, მაშინ ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება დროებითი იქნება" - აღნიშნულია მისიის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






