ფონდი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ფინანსთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ისე რომ დაცული იყოს ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა, გააიოლებს ბოლოდროინდელი შენელების მიზეზების გაანალიზებას, დიაგნოსტირებას და კოორდინირებული, საპასუხო მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის შემუშავებას.
სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, კრედიტების ზრდის დონე 2011 წლის ბოლოს 30 პროცენტიდან - 2013 წლის მარტის ბოლოსთვის 12 პროცენტამდე შემცირდა. მისია რეკომენდაციას იძლევა განაკვეთის შემდგომი შემცირების მიმართულებით.
"თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია, რომ არსებული შემცირებით საბანკო ანაბრებსა და სესხებზე საპროცენტო განაკვეთების კლება იქნეს უზრუნველყოფილი – განსაკუთრებით გრძელვადიან საბანკო პროდუქტებზე (სადაც საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად მაღალია). ხსენებულის მიზნით, მისია მხარს უჭერს საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც მთავრობა სახაზინო ვალდებულებებს გამოუშვებს და შემოსავლები ხანგრძლივი პერიოდით განთავსდება კომერციულ ბანკებში, რათა სტიმულირებული იქნეს ბანკების მიერ ლარით გრძელვადიანი დაკრედიტება," - აღნიშნულია განცხადებაში.
სხვა ალტერნატივები, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აზრით, გულისხმობს კომერციულ ბანკების მეტ ხელმისაწვდომობას საქართველოს ეროვნული ბანკის ლარის რესურსებზე, ბანკების მიერ ცვლადი საპროცენტო განაკვეთის სესხების დანერგვის შემდგომ სტიმულირებას, პრუდენციული ინსტრუმენტების გამოყენებას ლარიზაციის წასახალისებლად (დოლარიზაციის საწინააღმდეგოდ) და ფინანსური სისტემის გაღრმავებას (საპენსიო ფონდების განვითარება).
ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა აუცილებელია და თანამშრომლობა საჭიროა, რათა მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა თანხვედრ რეჟიმში მუშაობდეს ეკონომიკური განვითარების არსებული შენელების დასრულებისთვის. მისია მიესალმება საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივას მეტად გამჭვირვალე გახადოს და გააუმჯობესოს "ინფლაციის ანგარიში" და სისტემატიურად შეხვდეს დაინტერესბული ადამიანებს ინფლაციასთან დაკავშირებული ვითარების და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებების მიზეზების განმარტების მიზნით.
მასალის გამოყენების პირობები






