44 წლის ქართველ ოფიცერს, რომელიც უკრაინის რეგიონ დონბასში მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომში ორი დღის წინ დაიღუპა, ზეგ მშობლიურ სოფელ სუფსაში ჩამოასვენებენ.
ქართული არმიის მაიორი, აფხაზეთის ომის მონაწილე, ბუნდესვერის სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებული დავით სიხარულიძე, უკრაინის მხარეს მოხალისედ "აიდარის" ბატალიონში იბრძოდა.
მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
როგორც "გურიის მოამბესთან" დაღუპულის ოჯახის წევრები ყვებიან, ის აფხაზეთის ომში, ქართული არმიის რიგებში იბრძოდა. იმყოფებოდა კოსოვოსა და ავღანეთში. მონაწილეობდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სადაც ის მძიმედ დაიჭრა.
როგორც გარდაცვლილის მამა გვიყვება, მას დღეს კიევში გადაასვენებენ, სადაც პარაკლისს გადაუხდიან, ზეგ კი მშობლიურ სოფელში ჩამოასვენებენ, სადაც მოხუცი მშობლები ცხოვრობენ.
" სახელმწიფოს ვთხოვთ ნუ დატოვებენ ობლებს უპატრონოდ და უყურადღებოდ. ისინი ქირით ცხოვრობენ თბილისში. დათოს მშობლებიც სოციალურად შეჭირვებულები არიან"-გვეუბნებიან ოჯახის ახლობლები.
უკრაინის ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის შესახებ მონაცემებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, აქვეყნებს:
ექსპრეზიდენტის ინფორმაციით, დავით სიხარულიძე სოფელ ნოვოლუგანსკთან დაიღუპა. მიხეილ სააკაშვილი გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცის ოჯახს უსამძიმრებს. "კიდევ ერთი ქართველი ოფიცერი გმირულად დაეცა დონბასში. დავით სიხარულიძე ოკუპანტებს ჯერ კიდევ აფხაზეთში 1992-93 წლებში ებრძოდა. საქართველოში სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ გერმანიაში ბუნდესვერის სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა. 2015 წლამდე ის მაიორი იყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ იქედან წამოვიდა, უკრაინაში გადავიდა და "აიდარის" წევრი გახდა. ის სოფელ ნოვოლუგანსკთან, საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპა. 44 წლის იყო, ცოლი და ორი შვილი დარჩა.




მასალის გამოყენების პირობები






