ქაშუეთის ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული ლიტურგიის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და იქადაგა, ილია მეორემ გიორგობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წმინდა გიორგი საქართველოსთვის განსაკუთრებული წმინდანია.
მან თავის ბავშვობაც გაიხსენა და ისაუბრა, როგორ აღნიშნავდნენ ოჯახში დღესასწაულს.
„წმინდა გიორგი განსაკუთრებით ახლობელია ჩვენთვის, ყველა ოჯახისთვის. თითქმის, არ არსებობს საქართველოში ისეთი ოჯახი, სადაც ერთ ვიღაცას წმინდა გიორგის სახელი არ ერქვას. მე მახსენდება ჩემი ბავშვობა, ჩემი მამა იყო გიორგი და გიორგობა რომ მოდიოდა, განსაკუთრებული ზეიმი იყო ჩვენ სახლში და პირველი სტუმრები, რომელნიც მოდიოდნენ ჩვენთან იყვნენ მათხოვრები. ჯერ მათხოვრები სხდებოდნენ სუფრასთან და მერე პატივცემული ხალხი. და ეს იყო ზეიმი მთელი ოჯახისა. საქართველოში 12 მეფე იყო გიორგის სახელით და ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. წმინდა გიორგი განსაკუთრებული შემწე და მფარველია გაჭირვებული ხალხის“, - აღნიშნა პატრიარქმა.
მასალის გამოყენების პირობები






