საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ჟურნალისტებისთვის TIMSS-ისა და PISA-ს საერთაშორისო კვლევებსა და სახელმწიფო შეფასების შედეგებზე პრეზენტაციას მართავს.
2015-2016 წელს ჩატარებული კვლევები სწავლის შედეგებს, დინამიკასა და იმ ფაქტორებს უკავშირდება, რაც გავლენას ახდენს მოსწავლეთა მიღწევებზე.
საერთაშორისო კვლევების თანახმად, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში საქართველოს 2015 წლის შედეგები, წინა წლებთან შედარებით, გაუმჯობესებულია. თუმცა, პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, საქართველოს შედეგი საერთაშორისო საშუალო ნიშნულს ვერ აღწევს.
საერთაშორისო კვლევა TIMSS-ი მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა მიღწევებს იკვლევს. 2015 წლის შედეგებით, ქართველი მოსწავლეების მიღწევები მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში არსებითად ჩამორჩება TIMSS-ის საერთაშორისო საშუალო ნიშნულს (500) როგორც მე-4, ისე მე-8 კლასში.
კვლევაში წერია, რომ მეოთხეკლასელ მოსწავლეთა 22% და მერვეკლასელთა 28%, მათემატიკაში მინიმალურ ცოდნასაც არ ფლობს. ბუნებისმეტყველებაში იგივე შედეგი მეოთხეკლასელ მოსწავლეთა 26% და მერვეკლასელთა 30%-ს აქვს. მეოთხე კლასიდან მერვე კლასამდე მოსწავლეთა შედეგები უარესდება.
დაწყებით საფეხურზე მათემატიკის სწავლა-სწავლებაში არსებული ხარვეზები, საბაზო საფეხურზე ახალი ცოდნის შეძენის პროცესში დამატებით ბარიერებს ქმნის.
სრულად იხილეთ edu.aris.ge
მასალის გამოყენების პირობები






